მუნიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუნიზმი - ლიტერატურაში ეს მიმდინარეობა რამდენიმე თვითსახელწოდებითაა ცნობილი: „ერთობის მოძრაობა“, „სულიწმინდის ასოციაცია მსოფლიოს ქრისტიანთა ერთიანობისათვის“, ანუ, შემოკლებით, „ერთობის ეკლესია“, „ქალთა ფედერაცია მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში“ და სხვ.

ამ სახელწოდებათა მიღმა მოიაზრება სინკრეტულ-სპირიტუალური მოძრაობა, რომელიც კორეაში ჩაისახა, ამერიკაში ჩამოყალიბდა და მსოფლიოს ყველა კონტინენტზე გავრცელდა. მისი ფუძემდებელია მუნი, რომელსაც მიმდევრები ასე მოიხსენიებენ - ღირსი სან მიუნგ მუნი. მის მიერ შემუშავებულ თეორიასა და პრაქტიკას ზოგადად მუნიზმს, მიმდევრებს კი „მუნიტებს“ უწოდებენ.

მუნიზმი, თვითრწმენით, ცხოვრების ყველა უბანსა და დარგს მოიცავს - ინდუსტრიას, რელიგიას, პოლიტიკას, მეცნიერებას, კულტურას. ამიტომ მუნის ეკლესიას ფილიალები ყველა ჩამოთვლილი დარგის წიაღში აქვს. არსებობს, მაგალითად, „განათლების საერთაშორისო ფონდი“. მსგავსი ფონდები, იგივე ფილიალები, ანუ სექტორები, 300-ზე მეტია, მაგრამ ისინი ცენტრალური ორგანოს დაქვემდებარებაში იმყოფებიან. თითოეული ფილიალი (ორგანიზაცია) ეკლესიადაა გააზრებული. შესაბამისად, სახელწოდება „ერთობის ეკლესია“ მიგვანიშნებს, რომ ეს ფილიალები ერთი ეკლესიის ნაწილებია.

სარჩევი

ისტორია

სან მიუნგ მუნი 1920 წელს სამხრეთ კორეაში დაიბადა. მისი მამა პრესვიტერიანელი პასტორი იყო, რომელიც შვილს პასტორად (მღვდლად) ამზადებდა, მაგრამ მან სხვა ყაიდის რელიგიური და სპირიტუალური გატაცებები გამოავლინა. იგი 16 წლის იყო, როდესაც თავის თავში ქარიზმატული ლიდერის ძალა (ქარიზმა) აღმოაჩინა. 25 წლისამ საპროგრამო ტრაქტატი დაწერა და დაიწყო მტკიცება, რომ ის მესიაა, რომ მას იესო ქრისტე, ბუდა და სხვა დიდი წინასწარმეტყველები გამოეცხადნენ და უთხრეს, ჩვენი საქმე ბოლომდე მიიყვანეო. ამის გამო მან ნათლობისეული სახელი სან სენ შეიცვალა და დაირქვა სან მიუნგი, რაც „მანათობელ ურჩხულს“ ნიშნავს. 1954 წელს სან მიუნგმა სეულში „ერთობის ეკლესია“ დააარსა.

1972 წელს მუნი ამერიკაში გადასახლდა. მან იქ მიმდევართა დიდი კოლექტივი შემოიკრიბა და მნიშვნელოვანი კაპიტალი დააგროვა, თუმცა იგი 1982 წელს ამერიკაში გადასახადთა გადაუხდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის მიუხედავად, მუნი თავისი მოძღვრების მსოფლიო მასშტაბით გავრცელებას შეუდგა. 1992 წელს მან თავისი თავი ახალი კაცობრიობის მამად და მესამე ადამად (იესო ქრისტეს შემდეგ) გამოაცხადა, ხოლო თავისი ცოლი - კაცობრიობის დედად და მესამე ევად (მარიამ ღვთისმშობლის შემდეგ). მან ნიუ-იორკის ერთ უბანში მასობრივი ქორწინება მოაწყო და 2075 წყვილი ერთდროულად დააქორწინა. ახალდაქორწინებულები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ: „ახალი მესიის“, მუნის, კურთხევით ერთნაირ კაბებში გამოწყობილ სარძლოთა არმია საქმროთა არმიას მისთხოვდა.

ღირსი სან მიუნგ მუნი მსოფლიოში მოგზაურობას და ინტენსიურ მოღვაწეობას დღესაც განაგრძობს, თუმცა მას, რამდენიმე ქვეყანაში შესვლის უფლება წართმეული აქვს.

მოძღვრება

სან მუნის რელიგიურ-სპირიტუალური სისტემა ჩამოყალიბებულია შრომებში: „პრინციპთა ახსნა“ (სეული, 1957) და „პრინციპთა განმარტება“ (სეული, 1966). ორივე ნაშრომი თარგმნილია ინგლისურად და გამოცემულია ერთ წიგნად სათაურით „ღვთაებრივი პრინციპი“ (ვაშინგტონი, 1973).

მოძღვრებას, რომელიც მუნმა ჩამოაყალიბა, ახალი გამოცხადების თვითპრეტენზია აქვს და შთაგვაგონებს, რომ ეს ბიბლიისა და სხვა რელიგიათა წმინდა წიგნების კარიბჭეთა გასაღებია, ესაა გზა მსოფლიოს „აღორძინებისათვის“.

ღმერთი მამაა, ადამიანები კი - მისი შვილები. ღვთის გული მშობლის გამოუთქმელი ტკივილითაა აღვსილი, რადგან შეცდომილი ძენი მას უარყოფენ. მაგრამ ამ დაპირისპირების გამო ისინიც იტანჯებიან. ტანჯვის დასრულება, საყოველთაო შერიგებისა და თანხმობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სამი მთავარი დაბრკოლების გადალახვის გზით. ესენია: ზნეობრივი ეგოცენტრიზმი, ქრისტიანობის კრიზისი და ურთიერთგაუცხოება მსოფლიო რელიგიებისა, რომლებსაც უღვთო იდეოლოგიების გავლენა მსჭვალავთ. როდესაც ქრისტე თავის ეკლესიას ქმნიდა, მასში რაღაც ორგანიზაციას კი არ ხედავდა, არამედ - დედამიწაზე ღვთის სასუფევლის დაფუძნებას. ესქატოლოგიური მოლოდინი ფრთას შეისხამს არა მაშინ, როდესაც ღვთის უკანასკნელი და საშინელი სამსჯავრო გაიმართება, არამედ მაშინ, როდესაც წუთისოფელში ბოროტება სრულად შეიმუსრება. ამის გამო ერთობის (ერთიანობის) ეკლესია პირველხარისხოვან როლს ანიჭებს არა რელიგიურ კულტმსახურებას, არა ინდივიდუალურ ზნეობრივ სრულყოფილებას მსოფლიო ბოროტებისაგან განდგომის გზით, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურ სოციალურ მოღვაწეობას, რომელიც ხალხთა კონსოლიდაციისაკენაა მიმართული განურჩევლად ცხოვრების წესისა, რასისა თუ აღმსარებლობისა.

მუნი ამბობს, რომ მის მიერ დაფუძნებული მოძრაობის მიზანი არის არა ახალი რელიგიის შექმნა, არამედ, პირველ რიგში, ქრისტიანული კონფესიების, შემდეგ კი ყველა სხვა ხალხის ერთი ღმერთის საფარველის ქვეშ გაერთიანება.

პრაქტიკა

აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება 200-ზე მეტი საქველმოქმედო, სამშვიდობო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტუროლოგიური პროგრამა, რასაც ერთობის ეკლესია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს.

ამისათვის საერთაშორისო რელიგიური ფორუმები, სამეცნიერო კონფერენციები და კულტურულ-სპორტული ღონისძიებები იმართება. დაფინანსების წყარო არის ის მრავალრიცხოვანი კორპორაციები, რაც ამ ეკლესიის განკარგულებაშია. მას აქვს, აგრეთვე, კომპიუტერული მომსახურებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დიდი ბაზა. ღირსი მუნი დედამიწაზე ღვთის სასუფევლის აშენების საქმეში მრეწველობის განვითარებას ფუნდამენტურ მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს: მრეწველობა გადაარჩენს მსოფლიოს!

ერთობის ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკის არსებითი ნიშნებია დაბადებიდან მე-8 დღეს ბავშვების ღვთისადმი მიძღვნა და ჯვრისწერის განსაკუთრებული წესი. ყველაზე მეტად პატივდებული დღესასწაულია ახალი წელი, როგორც ღვთის დღე, ასევე - მშობელთა დღე, შვილების დღე, ყოველი ცოცხალი არსების დღე. საზოგადო ღვთისმსახურება კვირა დღეს იმართება, გალობენ რელიგიურ ჰიმნებს, კითხულობენ ბიბლიასა და ღირსი მუნის წიგნებს, ქადაგებენ.

დღეისათვის ერთობის ეკლესიას 150-ზე მეტ ქვეყანაში მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. ესაა მკაცრად უნიტარული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება რეგიონალური საკრებულოებისაგან და მსოფლიო მისიონერული ცენტრისაგან (მდებარეობს ნიუიორკში).

მუნიტები საქართველოში

მუნიტები თბილისში 1999 წელს გამოჩნდნენ. ამის თაობაზე საპატრიარქოს პრესცენტრმა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „კორეელი მისიონერები“ თბილისის ქუჩებში არიგებენ ბროშურებს და მსურველებს იწვევენ ლექციებზე. ლექციათა თემებია: „როგორ გადავწყვიტოთ პრობლემები“, „სიყვარულის გზა“, „ბედნიერი ქორწინების არსი“, „წარმატებების მიღწევის პრინციპი“ და ა.შ.

აღნიშნული წლიდან თბილისში შემდეგი ორგანიზაციები არსდება: „საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდი“, „ქალები მშვიდობისათვის მსოფლიოში“, „ოჯახები მშვიდობისა და ერთიანობისათვის მთელ მსოფლიოში“ და სხვ.

2005 წელს თბილისში „მსოფლიოს მშვიდობის ფედერაციის“ ფილიალი დაარსდა. პრეზენტაცია, რომელსაც ღირსი მუნი დაესწრო, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 18 ოქტომბერს შედგა. ერთი წლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მუნი თბილისში ჩამოსვლას და რუსთაველის თეატრში ლექციის წაკითხვას აპირებდა. საპატრიარქომ კვლავ გამოთქვა პროტესტი, რის გამოც ეს აქცია ჩაიშალა, მუნმა კი გეზი თბილისის ნაცვლად, აზერბაიჯანისაკენ აიღო და ანალოგიური ლექცია ბაქოში წაიკითხა.

საქართველოში (თბილისში) მუნიტების მცირერიცხოვანი ჯგუფი მოქმედებს.

ნუგზარ პაპუაშვილი

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები