ნაჟღუშიძა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაჟღუშიძა (ადიღ. НэжъгъущIыдзэ – „რკინისკბილებიანი დედაბერი“) – ადიღური ფოლკლორის დემონური ბუნების პერსონაჟი, რკინისკბილებიანი, საშინლად მახინჯი, კუზიანი დედაბერი, მხარზე გადაგდებული დიდი ძუძუებით. აქვს განუზომელი ძალა, ჰიპნოზის, ჯადოქრობისა და წინასწარმეტყველების უნარი.

ნართული თქმულებების მიხედვით, იგი ისფი ჯუჯების მოდგმის გამჩენად ითვლება. ჯადოსნურ ზღაპრებში მისი სახე შედარებით კარგად არის დამუშავებული. ცხოვრობს მარტო, ან ქალიშვილთან ერთად ტყეში მდგარ ქოხში. არის კაციჭამია, (ერჩის ბავშვებს; ეპოსში საშიშია უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც), ბოროტი, ადამიანების მიმართ მტრულად განწყობილი. ამ უკანასკნელთ ძალზე იშვიათად ეხმარება, ისიც მაშინ, როცა მის სურვილს აღასრულებენ (სამი ღამის განმავლობაში უნდა მწყემსონ დემონის ცხენების რემა).

ნართულ ეპოსში არიან პერსონაჟები – ნაუაჟ წიკუ (нэуэжь цIыкIу – „პატარა დედაბერი“) და ნიო-უდი (Ныо-уд – „ჯადოქარი დედაბერი“), რომლებიც თავიანთი გარეგნული ნიშნებით (მათ შორის, ზურგზე გადაგდებული ძუძუებით) და ქმედებებით (ადამიანის მიმართ აგრესიით) ნაჟღუშიძებს წარმოადგენენ ან მათი ნაირსახეობებია. სოსრუყოს ცხენი თხოჟიი იმ რემას ეკუთვნის, რომელსაც პატარა დედაბერი მწყემსავს. მისი მკერდის შეხებით (ძუძუს წოვით), რაც დედაშვილობის სიმბოლოა, გმირი დედაბრის დემონური ენერგიის ნეიტრალიზებას ახდენს, რის გამოც ჯადოქარს სოსრუყოს შეჭმა არ ძალუძს, ცხენსაც კი ჩუქნის. ადამიანისათვის „პატარა დედაბრის“ საფრთხის ხარისხზე მიუთითებს ამ უკანასკნელის რეპლიკა იმაზე, რომ სოსრუყომდე მის მკერდზე „თავის მიდება“ მხოლოდ ემინეჟმა მოახერხა (Нартхэр. VII, 1971).

ნაჟღუშიძას და ჯადოქარ დედაბერს გარეგნულად და ფუნქციებით ნართების ნახირის მწყემსი ქალიც (Нартымэ ячэмыхъо бзылъфыгъэ – „ნართების ძროხების მწყემსი ქალი“) გვაგონებს. ნართი ბადინოყო შეუმჩნევლად ეპარება მას (ეპოსში ქალი შიშველია), ძუძუს უწოვს და სთხოვს, ასწავლოს გზა ალიჯების სახლისკენ, სადაც ნართები იკრიბებიან. მწყემსი ამბობს: „დე, გამიქრეს თვალისჩინი, როგორ ვერ დაგინახე“ (Нартхэр. III, 1970). ეს არის მდგრადი ფორმულა, რომელსაც ანალოგიურ სიტუაციაში ნაჟღუშიძა და მისი მონათესავე პერსონაჟები წარმოთქვამენ. ამით ისინი გამოხატავენ სინანულს იმასთან დაკავშირებით, რომ გმირის შეჭმა უკვე აღარ შეუძლიათ.

ამგვარად, ნართების ნახირის მწყემსი ქალის პერსონაჟი ნაჟღუშიძა ან მისი მონათესავე სახეა, რომელიც, ფართო გაგებით, კულტურის მიღმა დგას. მწყემსი ქალის სახის ნეგატიურობა დაკავშირებულია მისგან, როგორც ქაოსის ძალისგან, მომდინარე საფრთხესთან, რაც ნართების საზოგადოებას და, ამდენად, კულტურას ემუქრება. როგორც ვხედავთ, ამ ქალის კულტურულ სივრცეში შემოყვანა, ე. ი. „გაკულტურება“, ადამიანური თვისებების შეძენა მისთვის დედობის ფუნქციის მინიჭებით ხდება: მას შვილად აჰყავს გმირი, რომელიც ამ დროს წარმოთქვამს შესაბამის ფორმულას: Уысян – „შენ დედა ხარ ჩემი“.

ერთი შეხედვით, მწყემსი ქალის სახე ნეგატიურია, მაგრამ მისი სიღრმისეული სემანტიკა, რომელიც ნაყოფიერების იდეასთან კავშირს ავლენს, პოზიტიურია. ამაზე მეტყველებს ნაჟღუშიძისა და მისი მსგავსი პერსონაჟების გარეგნული სახე, ფუნქციები, მათი ატრიბუტები: ზურგზე გადაგდებული დიდი ძუძუები, ცხენების რემა, ნართების საქონლის ჯოგი. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ თავის პირველად იპოსტასში ეს იყო ტყეთა და ნადირთა განმგებელი. შესაძლოა, იგი გენეტიკურად, აწ უკვე დაცემული, დიდი დედის კულტსაც კი უკავშირდება.


ლიტერატურა

  • Мижаев М. И. Нашгушидза // Мифы народов мира. Т. II. М., 1982;
  • Хабекирова Х. А. Природа и характер некоторых мифологических персонажей в эпосе и бытовой культуре черкесов // Этнографическое обозрение. № 5, 2005.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები