ნაცვალსახელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაცვალსახელი – სიტყვა, რომელიც მიუთითებს საგანზე ან მის თვისებაზე. სახელწოდება მიღებულია ორი სიტყვის შეერთებით: ნაცვალ + სახელი. ადრინდელ გრამატიკულ ლიტერატურაში ამ ტერმინმა არსებითი როლი შეასრულა ნაცვალსახელის რაობისა და მნიშვნელობის დადგენაში. იგი განისაზღვრებოდა ისეთ ენობრივ ერთეულად, რომელიც სახელის ნაცვლად, მის მაგიერად იხმარება. მაგ., გაიოზ რექტორის „ქართულ ღრამმატიკაში“ (1789) იკითხება: „ნაცუალ-სახელი არს ნაწილი სიტყUuuu.JPGისა, რომელიც ნაცUuuu.JPGლად სახელისა დაიდების სიტყUuuu.JPGათა შინა“. ასეთი განმარტება სხვადასხვა რედაქციით დღესაც ძალაშია როგორც ქართულ, ისე სხვა ენების ნორმატიულ გრამატიკებში. დახასიათება ზოგადად სწორია, მაგრამ სრული არ არის, რადგან იგი ერთნაირად არ მოიცავს ყველა ნაცვალსახელს. ტრადიციული განმარტება არ გამოდგება, მაგ. I და II პირის ნაცვალსახელების მიმართ, რომლებიც მთქმელისა და თანამოსაუბრის, ე. ი. პირის საერთო, ზოგადი სახელებია. ცნობილია, რომ სახელი ზმნას შეეწყობა III პირის ფორმაში, ამიტომ სინტაქსურად ეს ნაცვალსახელები არ შეიძლება იხმარებოდეს სახელის ნაცვლად, ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ სახელის შეცვლა ისე, რომ არ დაირღვეს წინადადების მთელი წყობა, შეუძლებელია. ამდენად, ნაცვალსახელი შეიძლება განისაზღვროს ისეთ სიტყვად, რომელიც წინადადებაში უმთავრესად არსებითის, ზედსართავის ან რიცხვითი სახელის ეკვივალენტად გვევლინება.

ანტიკური გრამატიკული ლიტერატურიდან დღემდე, მეტყველების ნაწილთა ტრადიციული კლასიფიკაციის მიხედვით, ნაცვალსახელი ძირითადად დამოუკიდებელ მეტყველების ნაწილად იყო მიჩნეული. თუ ამოვალთ იქიდან, რომ „მეტყველების ნაწილი მორფოლოგიის ცნებაა და ამ ცნების დადგენისას საფუძველი მორფოლოგიური ნიშანი უნდა იყოს“ (არნ. ჩიქობავა) და, ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ ნაცვალსახელთა ძირითად დანიშნულებასაც, ისინი ცალკე მეტყველების ნაწილად არ გამოიყოფა. ერთი ნაწილი შეიძლება არსებით სახელთა ჯგუფში გაერთიანდეს, სხვები კი – ზედსართავებს დაუკავშირდეს. ამის მიხედვით, ყველა ნაცვალსახელი შევა სახელის შემცვლელ მეტყველების ნაწილში, თუმცა მისგან მაინც განსხვავდება. ნაცვალსახელის ძირითადი თვისება არის აბსტრაქციის თავისებური უნარი. აბსტრაქცია, მართალია, მეტ-ნაკლებად ახასიათებს ყველა მეტყველების ნაწილს, მაგრამ ზოგადისა და კერძოს შეთავსება ისე, როგორც ეს ნაცვალსახელშია მოცემული, სხვა მეტყველების ნაწილისათვის არ არის ნიშანდობლივი. სახელისათვის მთავარია ის, თუ რას აღნიშნავს, ნაცვალსახელისთვის კი – როგორ აღნიშნავს. არსებითი, ზედსართავი (აგრეთვე რიცხვითი) სახელი პირდაპირ ასახელებს საგანს, მოქმედება-მდგომარეობას, აღნიშნავს მის ნიშან-თვისებას, ხარისხსა და რაოდენობას, ნაცვალსახელი კი ზოგადად, განყენებული სახით მიუთითებს მათზე. სხვადასხვაგვარ სიტუაციაში, ხმარების ცალკეულ შემთხვევებში იგი ავლენს კონკრეტულ მნიშვნელობასაც.

XIX ს. I ნახ-იდან ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში ნაცვალსახელთა კლასიფიკაციას საფუძვლად სხვადასხვა პრინციპი ედო. განსხვავებული იყო აგრეთვე ნაცვალსახელთა ჯგუფების რაოდენობა და მათი აღმნიშვნელი ტერმინებიც. თანამედროვე გრამატიკული ლიტერატურის მიხედვით, გამოიყოფა ნაცვალსახელითა შემდეგი ჯგუფები:
პირის (მე, შენ, ჩვენ, თქვენ…),
კუთვნილებითი (ჩემი, შენი, ჩვენი, თქვენი, მისი…),
ჩვენებითი (ეს, ეგ, ის, იგი,ასეთი…),
კითხვითი (ვინ? რა? რომელი? როგორი?…),
მიმართებითი (ვინც, რაც, რომელიც, როგორც),
ურთიერთობითი (ერთმანეთი),
განსაზღვრებითი (თვით, თვითონ, თითოეული, ყველა, ყოველი…),
განუსაზღვრელობითი (ვინმე, რამე, რომელიმე, ზოგი, ზოგიერთი…),
უარყოფითი (არავინ, ვერავინ…).

გრამატიკული თვალსაზრისით, ნაცვალსახელებს სხვა სახელებთან აქვთ მსგავსებაც და განსხვავებაც. განმასხვავებელი თვისება ისაა, რომ მათ არ მოეპოვებათ ერთიანი მორფოლოგიური ყალიბი. მაგ., I და II პირის ნაცვალსახელები ბრუნვათა მიხედვით არ იცვლება, მათ მრავლობითი რიცხვი მორფოლოგიურად არ ეწარმოებათ; კითხვითი ნაცვალსახელი ვინ? ოთხი ბრუნვისათვის სულ ორ ფორმას გვიჩვენებს (ვინ – სახ. და მოთხრ., ვის – მიც. და ნათ.), მრავლობითი, ჩვეულებრივ, არ ეწარმოება; ძირეული ჩვენებითი ნაცვალსახელები ბრუნვათა ფორმებს უპირატესად სუპლეტურად აწარმოებენ, ორ სხვადასხეა ფუძეს იყენებენ: ერთია სახელობითისათვის – ამა, მაგა, იმა, იმ; ყველა ეს ნაცვალსახელი სახელობითში ფუძის სახით იხმარება. მოთხრობითში მათ ორგ. წარმოება ახასიათებთ: მა-ნ, ამა-ნ, იმა-ნ, მაგა-ნ. რაც შეეხება კუთვნილებით და ზოგიერთ სხვა ნაცვალსახელს, ისინი თავიანთი დანიშნულებით მსაზღვრელი სიტყვებია და ისე იბრუნვიან, როგორც ზედსართავი სახელები.

ა. მარტიროსოვი


ლიტერატურა

  • შანიძე ა., ქართული გრამატიკის საფუძვლები, 1, თბ., 1953;
  • მარტიროსოვი ა., ნაცვალსახელი ქართველურ ენებში, თბ., 1964;
  • ჩართოლანი ნ. ჩვენებით ნაცვალსახელთა სისტემები ქართულში სხვა ქართველურ ენებთან შედარებით, თბ. 1985.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები