ნაციხვარის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაციხვარის ეკლესია − ჭიორაში (ზემო რაჭაში) არის ერთი ადგილი, ნაციხვარს ეძახიან. ერთხელ ერთ გლეხს იქ დაძინება მოუხდა. დაიძინა და ესიზმრა სიზმარი, ესმის, ხმა ეუბნება: აქ ნუ გძინავს, ეს წმიდა ადგილიაო. ადგა ეს კაცი, აიღო ამ ადგილიდან ერთი მუჭა მიწა და წავიდა მკითხავთან. უთხრა მკითხავს: მიმკითხავე, ეს მიწა საიდანაც არის, იქ მინდა დასახლება და როგორი სამოსახლო იქნებაო. მკითხავმა უთხრა: იმ ადგილზეო, მზე რომ ამოვა და პირველ სხივს დაარტყამს, ის მონაკვეთი მოთხარე, იქ განძია ჩამარხულიო. დაბრუნდა სახლში. გათენებისას დადარაჯდა კაცი და, მართლაც, სადაც პირველი სხივი დაეცა, მოთხარეს მიწა, მაგრამ ვერაფერი ნახეს. მერე ერთი ქალი მიდიოდა წისქვილზე და იმ ადგილზე რომ ჩაიარა, ხედავს, ნათხარი მიწა ძირს ცვივა. დაინახა, რომ რაღაც ბრწყინავს ამ მიწაში. შეეშინდა ქალს, უნასი ხომ არ არისო, და გზა განაგრძო. აიკიდა გუდა ზურგზე და დაბრუნდა. უკანა გზაზე გულმა არ გაუძლო და ახლოს მივიდა. დაინახა პატარა კოლოფი. აიღო და ემძიმა, ტყვია იქნებაო. ქმარს მივუტან, თოფი უყვარს და გაეხარდებაო, – იფიქრა ქალმა. თიბვის დრო იყო მაშინ და ყველა სათიბად იყო წასული მთაში. ასწია სკივრი ქალმა და ჩააგდო შიგ ეს კოლოფი. როცა ქმარი სათიბიდან დაბრუნდა, მაშინვე თოფს დაუწყო ჩხიკინი და ქალსაც მაშინ გაახსენდა თავისი შენახული კოლოფი, უთხრა: რომ იცოდე, რა მაქვს შენთვის შენახულიო. გამოუტანა და მისცა კოლოფი. გაეხარდა კაცს და დანით დაუწყო წმენდა კოლოფს. შეამჩნია, რომ ხაზი ჰქონდა კოლოფს. გაუყარა დანის პირი, ასწია და გაიშალა: ერთ მხარეზე იყო ღვთისმშობელი, მეორე მხარეზე – იესო ქრისტე. შეეშინდათ, წავიდნენ და მღვდელს მიუტანეს. მღვდელმა იუარა, მე ამას ასე ვერ მივიღებო. ხვალ პარაკლისს გადავიხდი და წირვაზე შემოიტანეთო. მეორე დღეს წირვაზე შეუტანეს მღვდელს. მღვდელმა კი ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსს ჩაუტანა. ეპისკოპოსმა ეს ხატი გაწმინდა, გაასუფთავა, დიდ ჩარჩოში ჩასვა და თავისი ფეხით მოიტანა ჩვენს ეკლესიაში, ჩააბარა მღვდელს და ხალხს უთხრა: ამას სამალავი გაუკეთეთ. წირვაზე გამოიღეთ ხოლმეო, რომ დამთავრდეს წირვა, ისევ სამალავში შეინახეთ, თორემ მოიპარავენო. მერე ხატი მოიპარეს თუ დაიკარგა, არავინ იცის.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები