ნეოფროიდიანელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოფროიდიანელები - ფსიქოანალიზის ნეოფროიდიანული სკოლა 1930-იან წლებში აშშ-ში ჩამოყალიბდა. მისი წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ნევროზი ბავშვობიდან მომდინარეობს, მაგრამ ისინი მიუღებლად მიიჩნევდნენ ფროიდის შეხედულებას, რომლის თანახმად, ბავშვობის პერიოდში ლიბიდოს განვითარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს შემდგომი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ნეოფროიდიანელების აზრით, ოჯახი და სოციალური ფაქტორები უფრო დიდი ზეგავლენის მქონეა. ამ სკოლის სამი ცნობილი წარმომადგენელია კარენ ჰორნი, ერიხ ფრომი (ორივე იყო ლტოლვილი ნაცისტური გერმანიიდან და შტატებში 1930-ან წლებში დასახლდა) და ამერიკელი ჰარი სთეკ სალივანი.

სარჩევი

კარენ ჰორნი

კარენ ჰორნი (Karen Horney) არ ეთანხმებოდა ფროიდის თვალსაზრისს ქალის ფსიქოლოგიური განვითარების შესახებ, განსაკუთრებით კი, ფროიდის ცნებას - „პენისის შური”. ჰორნისათვის, ბავშვობისდროინდელი შფოთვის მიზეზია საკუთარი თავის განცდა უმნიშვნელო და უძლურ არსებად, რომელსაც ხიფათი ემუქრება. ამგვარი შფოთვის დაძლევა, ჩვეულებრივ, ხდება, ბავშვის აღზრდით მოყვარული მშობლების მიერ. საპირისპირო შემთხვევაში შფოთვის მდგომარეობა ნარჩუნდება და ბავშვს უვითარდება დაცვითი მექანიზმები შფოთვის წინააღმდეგ. ეს მექანიზმები მოიცავს სიყვარულის მოპოვების ძლიერ სურვილს, ლტოლვას ძალაუფლებისაკენ და, აგრეთვე, უკიდურეს მორჩილებას. ჰორნი ასე აღწერდა განსხვავებას მისეულ და ფროიდისეულ მიდგომებს შორის: „მე იმით განვსხვავდები ფროიდისგან, რომ ნევროტული ტენდენციების აღმოჩენის შემდეგ, ფროიდი, უპირველეს ყოვლისა, იკვლევს მათ წარმოშობას, მე კი ვიკვლევ მათ რეალურ ფუნქციასა და შედეგებს“. (Horney, 1939, p.282).

ერიხ ფრომი

ერიხ ფრომმა (Erich Fromm) აგრეთვე უარყო ფროიდის ინსტინქტური განვითარების თეორია, როგორც ნევროზის მიზეზი. ის თვლიდა, რომ ხასიათის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია ოჯახური ზეგავლენა და, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებდა კულტურის უფრო ფართო ზეგავლენაზე. ზოგადად, ფრომს უფრო მეტად აინტერესებდა სოციალური საკითხები, ვიდრე კლინიკური. მის იდეებს მაინც და მაინც დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია თერაპიაზე.

ჰარი სთეკ სალივანი

ფრომისგან განსხვავებით, ჰარი სთეკ სალივანი (Harry Stack Sullivan) თერაპიით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე თეორიით. მისი მკურნალობა ფოკუსირებული იყო ანალიტიკოსისა და პაციენტის ურთიერთობაზე და ყოველდღიური სოციალური კონტაქტების განხილვაზე. ფროიდისეული ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით, სალივანის თერაპიაში პაციენტი და თერაპევტი შედარებით თანასწორნი არიან. სალივანი პირდაპირ კითხვებსა და პროვოკაციულ გამონათქვამებს ანიჭებდა უპირატესობას და ნაკლებად აინტერესებდა თეორიაზე დამყარებული ინტერპრეტაცია (Sullivan, 1953).

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები