ოთხმოცდაათიანების ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრის ოფილი. წმინდა ქალწული მარიამი, 1996; აკრილი, ზეთის საღებავი, პოლიესტერი, რეზინი, ქაღალდის კოლაჟი, მბრწყინავი მასალა, რუკის სამაგრი, სპილოს ფეკალიები ტილოზე.

1980-1990 წლები აღინიშნებოდა პროცესებით, რომლებსაც ჩვეულებრივ უწოდებდნენ "ომებს კულტურაში". ამ დროს, ხშირი იყო დაპირისპირება ხელოვანებსა და საჯარო მოხელეებს შორის, ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ხელოვნების საზოგადოებრივი დაფინანსების საკითხებზე. ეს ნაწილობრივ, ეხებოდა ისეთი ხელოვნების შექმნის უფლებასაც, რომელიც სხვების მიერ შეურაცხმყოფელად ან უღირსად შეიძლებოდა ყოფილიყო მიჩნეული. იმავდროულად, არტისტებმა, რომელთა საქმიანობა ადრე საზოგადოებრივი ინტერესის მიღმა იყო დარჩენილი, დააფუძნეს სახელოვნებო ინსტიტუციები და ყურადღების ცენტრში ყოფნა მოითხოვეს აგრესიული გამოსახულებებით, რომლებიც მათ იდენტობას და სექსუალური ორიენტაციით, გენდერული, რასობრივი და კლასობრივი კუთვნილებით განპირობებულ, არათანაბარ მოპყრობას ეხებოდა. ამ არტისტთაგან ბევრი, განსაკუთრებული აღტკინებითა და სიმწვავით მუშაობდა, ვინაიდან თავად ისინი ან მათი მეგობრები და პარტნიორები შიდსით იყვნენ დაავადებულნი ან გარდაცვლილნი. 1990-იანმა წლებმა ასევე, ყველას დაგვანახა ციფრული ეპოქის დასაწყისი, როდესაც ფოტოგრაფიისა და კინოხელოვნების ცვალებადობის უნარისადმი ახალმა ინტერესმა არტისტების წარმოსახვისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა.

სარჩევი

ომები კულტურაში

ანდეს სერანო. ქრისტე შარდში, 1989; სიბაქრომული ბეჭდვა ორგმინაზე, 59.7X40.6 სმ

1990-იან წლების დასაწყისში, ზოგიერთმა, მანამდე მარგინალიზებულმა ახალგაზრდა არტისტმა, მაყურებლის გამიზნულად მაპროვოცირებელი, დამანგრეველი და შეურაცხმყოფელი გამოსახულებების შექმნით მიაღწია წარმატებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანდრეს სერანომ შეურაცხყო ჯვარცმის გამოსახულება, რობერტ მაფლსორპმა კი ღიად გამოხატული გეი სექსუალურობის პირისპირ დააყენა აუდიტორია. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, დემიენ ჰერსთი მკვდარ შინაურ ცხოველებს ხრწნიდა, ქრის ოფილმა კი ქრისტიანული მადონას რასობრივი და კულტურული ჰიბრიდი შექმნა. ამის საპასუხოდ გაჩენილმა, მძლავრმა კულტურულმა და პოლიტიკურმა რეაქციამ დასაბამი დაუდო კულტურაში გამართულ ომებს.

ანდრეს სერანო

სერანო 1987 წელს, ანდრეს სერანომ (Andres Serrano, d. 1950) შექმნა ნამუშევარი ქრისტე შარდში. თავისი დროის სხვა არტისტების მსგავსად, სერანოს ხელოვნებაც შეგნებულად კონფრონტაციული და შეურაცხმყოფელი ხერხებით იკვლევდა სოციალურ ტაბუებს. მისი ხელოვნება საუცხოოდ მშვენიერისა და სიმდაბლის ზღვარზე მერყეობს. სერანოს ფოტოებზე აღბეჭდილი კუ კლუქს კლანის წევრები, უსახლკაროები, თვითმკვლელობისა და მკვლელობის მსხვერპლნი გვიმტკიცებენ, რომ უმიზნო ნგრევას შთააგონებენ, რაც ასე რთულად მისაღებია ზოგიერთი მაყურებლისთვის. ქრისტე შარდში 60 სანტიმეტრის სიმაღლის, ბრწყინვალე ფერადოვნების მქონე, სიბაქრომის მეთოდით დაბეჭდილი ქრისტიანული ჯვარცმაა, რომელიც არტისტმა საკუთარი შარდით სავსე ორგმინის ქილაში მოათავსა. სერანო, რომელიც მკაცრ კათოლიკურ ტრადიციებზე იყო აღზრდილი, ამტკიცებდა, რომ ეს გამოსახულება უპირისპირდებოდა ქრისტეს ხორციელი გარდაცვალების, ზოგჯერ ასე იოლად დავიწყებულ ამბავს, რომ ნამუშევარი კიცხავდა მედიაში ქრისტეს გამოსახულების კომერციალიზაციის ფაქტს და ამიტომაც იყო სხვებისთვის ესოდენ პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი.

დემიენ ჰერსთი

დემიენ ჰერსთი. დედა და შვილი (გაყოფილნი), საგამოფენო ასლი 2007 (დედანი 1993) 2007.; მინა, შეღებილი უჟანგავი ფოლადი, სილიკონი, აკრილი, მონოფილამენტი, უჟანგავი ფოლადი, ძროხა, ხბო და ფორმალდეჰიდის ხსნარი, ორი ავზი

1980 წელს, ლონდონში ახალგაზრდა ბრიტანელი არტისტები (YBA), თავიანთი ნამუშევრების გამოსაფენად გაერთიანდნენ. ჯგუფს არაფორმალურად, დემიენ ჰერსთი (Damien Hirst, d. 1965) ხელმძღვანელობდა. 1995 წელს, მინეაპოლისში, უოქერის ხელოვნების ცენტრში მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით Brilliant (ბრწყინვალე), რომელშიც ოცდაორმა ბრიტანელმა არტისტმა მიიღო მონაწილეობა. მათი უმრავლესობა თავის ხელოვნებაში არატრადიციულ მასალებსა და გამოსახულებებს იყენებდა, მუშათა კლასს ეკუთვნოდა ან სიმპატიით იყო მისდამი განწყობილი და მუდმივად ეჯიბრებოდა მეინსტრიმულ საზოგადოებას. ორი წლის შემდეგ, ლონდონის სამეფო აკადემიამ მოაწყო ჩარლზ სააჩის კოლექციის გამოფენა - შეგრძნებები (Sensation). გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ამ არტისტების უმრავლესობა იყო მიწვეული, მან მნიშვნელოვნად გაამყარა თითოეული მათგანის რეპუტაცია. 1999 წელს გამოფენა ბრუკლინის მუზეუმში ჩაიტანეს, მაგრამ ამერიკაში ის იმდენად შეურაცხმყოფელად ჩაითვალა, რომ ნიუ იორკის მერი მუზეუმს დახურვით დაემუქრა, თუკი ექსპოზიცია დაუყოვნებლივ არ მოიხსნებოდა.

დემიენ ჰერსთი ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი წევრია, მის ნამუშევრებს შორის, გამორჩეულად აღმაშფოთებელი კი შესაძლოა იყოს ღვთის სიყვარულით (2007) - ბრილიანტებით მოოჭვილი ადამიანის თავის ქალა, რომლის საფასური 100 მილიონი დოლარია. ჰერსთის ხელოვნება სიკვდილის ფიზიკურ რეალობასა და ჩვენი საკუთარი სიკვდილის ვერგაცნობიერებას იკვლევს, ის ნამუშევრების შექმნისას, ხშირად იყენებს მკვდარ ცხოველებს. ნამუშევარში დედა და შვილი (გაყოფილნი)ძროხისა და ხბოს ვერტიკალურად და გრძივად ორად გაყოფილი სხეულები, შუშის ვიტრინაში, ფორმალდეჰიდის ხსნარშია მოთავსებული. მისი ქანდაკება ისეა ნაჩვენები, რომ მაყურებელს შეიძლება ბუნების ისტორიის მუზეუმის ექსპოზიცია მოაგონოს, თუმცა განსხვავება ძალზე დიდია. მინის ყუთები ისეა მოთავსებული, რომ მაყურებელს არა მარტო მათი შემოვლა, არამედ მათ შორის გახედვაც შეუძლია. ფორმალდეჰიდის ხსნარში მოთავსებული ცხოველები, გარედან გასაოცრად ჰგვანან ცოცხლებს (მათი წამწამებისა და ცალკეული თმის ღერის დანახვაც კია შესაძლებელი), მაგრამ როგორც კი მათ დაშლილ ძვლებს, კუნთებს, ორგანოებს და ხორცს შიგნიდან შევავლებთ თვალს, მათი სიკვდილის რეალურობა შეგვძრავს. იმის გათვალისწინებით, რომ 1990-იან წლებში ბრიტანეთში მსხვილფეხა საქონელს ყოველ დღე კლავდნენ, იმის იმედით, რომ შეძლებდნენ ძროხის ცოფის შეჩერებას, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყანას, დედა და შვილი (გაყოფილნი) ქმნის განცდას, რომ ნამუშევარი სიკვდილისა და სიცხოცხლის, დედისა და შვილის სამეცნიერო ობიექტად ყოფნისა და - სერანოს ნამუშევრის მსგავსად - ძნელად მოსათოკი და შემაშფოთებლად მძლავრი ემოციების ზღვარზეა დაჭერილი.

ქრის ოფილი

ნიგერიელ-ბრიტანელი არტისტის, ქრის ოფილის (Chris Ofili, d. 1968) ხელოვნება 1999 წლის, ბრუკლინის მუზეუმის გამოფენის კრიტიკის მთავარი ობიექტია. ოფილიმ გამოფინა წმინდა ქალწული მარიამი, მოელვარე, სტილიზებული სურათი აფრიკელი მადონისა, რომელიც სპილოს მირიადობით ფეკალიებისა და ქალების დუნდულების პატარა ფოტოებისგან შედგება. ოფილი, რომელმაც ხელოვნებაში მასალების გამოყენების შესასწავლად, ერთი წელი გაატარა ზიმბაბვეში, განმარტავდა, რომ მრავალი აფრიკელი ერი, ტრადიციულად იყენებს ნაპოვნ ან გადარჩენილ ობიექტებსა და მასალებს, როგორც პოპულარული, ისე მაღალი ხელოვნების შესაქმნელად. ოფილის სურათი დასავლური მადონების ტრადიციის თანამედროვე, ბიკულტურული გამონაგონია. სპილოს ფეკალიები აქ ზიმბაბვეს კულტურასა და რელიგიასთან ამ შავი მადონას კავშირის გასამძაფრებლად და მისი ნაყოფიერების წარმოსაჩენადაა გამოყენებული. ნიუ იორკის იმჟამინდელმა მერმა რუდოლფ ჯულიანიმ და მისმა მოკავშირეებმა, იმდენად შოკისმომგვრელად და მკრეხელურად მიიჩნიეს ნამუშევარი, რომ მისი უსწრაფესი ჩამოხსნა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მთელი ექსპოზიციის დახურვით იმუქრებოდნენ. ჯულიანი ამტკიცებდა, რომ "კონსტიტუციის პირველ შესწორებაში არაფერია ისეთი, რაც მხარს დაუჭერდა საშინელ და ზიზღისმომგვრელ პროექტებს".


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები