ორმოცდაერთი გრადუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორმოცდაერთი გრადუსი = 41°- „Сорок первый градус” - (14-20 ივლისი,1919, თბილისი) - რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი 41° -„Сорок первый градус» („ორმოცდაერთი გრადუსი“) . გაზეთს გამოსცემდა კომპანია ”41°”. გამოცემას ხელმძღვანელობდა სარედაქციო კოლეგია ალექსეი კრუჩენიხის, ილია ზდანევიჩისა და კირილ ზდანევიჩის შემადგენლობით. დაიბეჭდა საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის ტიპოგრაფიაში. იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე.

გამოვიდა გაზეთის ერთადერთი ნომერი. 41° ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა 41 („ორმოცდაერთი გრადუსი“) ეწოდებოდა 1918 წლის დასაწყისში თბილისში ჩამოყალიბებულ ფუტურისტების ჯგუფს, რომელიც ძმებმა ილია და კირილ ზდანევიჩებმა, ალექსეი კრუჩენიხმა და იგორ ტერენტიევმა დააარსეს. სხვა ფუტურისტებისა და დადაისტებისგან განსხვავებით, რომლებიც წარსულს სრულიად უარყოფდნენ, ამ ჯგუფის წევრები მიიჩნევდნენ, რომ შთაგონება შეეძლოთ ნებისმიერი სტილიდან და ეპოქიდან მიეღოთ. ჯგუფი 1920 წლამდე არსებობდა და მისი დაშლის შემდეგაც ჯგუფის წევრების ნაწარმოებები გამოდიოდა სამარკო ნიშნით 41. ავანგარდისტების ამ ჯგუფის სახელდება უკავშირდება გეოგრაფიულ განედს, რომელზეც თბილისი იმყოფება (ისევე როგორც ბარსელონა და რომი); ამასთანავე, გრადუსი ის მაჩვენებელია, რომელიც არყის საშუალო გრადუსზე მეტია და, იმავდროულად, ადამიანის სხეულის ტემპერატურის ის ზღვარია, როდესაც ბოდვა იწყება.

ფუტურისტული გამოცემის პირველი და ერთადერთი ნომერი 1919 წლის 14-20 ივლისს გამოვიდა. გაზეთის პირველივე გვერდზე საუბარია კომპანია „41“-ის მნიშვნელობასა და მიზანდასახულობაზე. გამოქვეყნებულია ჯგუფის მეტად ამბიციური მანიფესტი, რომელშიც ხელოვნების აუცილებელ ფორმად გამოცხადებულია ე.წ. „ზაუმი”. გაზეთში ვკითხულობთ: „41 ამოცანაა - თანამშრომელთა ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენების გამოყენებით მსოფლიოს დატრიალება ახალ ღერძზე“. „41“ გვაწვდის ინფორმაციას კომპანიის საგამომცემლო საქმიანობის შესახებ (გარდა მოცემული გაზეთისა, ჯგუფმა თბილისში გამოსცა ა. კრუჩენიხის, ი. ზდანევიჩისა და ი. ტერენტიევის არაერთი ნაწარმოები). გაზეთში იბეჭდება ნაწყვეტი იგორ ტერენტიევის წიგნიდან „ქერუბიმები უსტვენენ“ („Херубимы свистят“), ლექსები: „ნაღველი“, „ილია ზდანევიჩს“, „სინაზის რეკორდი“ (ილია ზდანევიჩის ცხოვრება), ვ. მაიაკოვსკის „აზეფ-იუდა - ხლებნიკოვი“, ი. ზდანევიჩის „იზაბელ მეშვიდეს“; აგრეთვე კრუჩენიხის წერილები, რომლებიც ეხება მაიაკოვსკის, ტიუტჩევის, ბელის და სხვათა შემოქმედებას. გაზეთის რუბრიკაში „ხელოვნება და მუსიკა“ წარმოდგენილია ტერენტიევის „ჟანა მატინიონისა და გურჯიევის საღამო“. რუბრიკა „ქრონიკაში“ იბეჭდება მოკლე ინფორმაციები მწერლებისა და, ზოგადად, ლიტერატურის შესახებ. მაგ.: „უკვალოდ დაიკარგა ვასილი (იგივე ანატოლი) კამენსკი“, „ყაზახიდან დაბრუნდა პოეტი გრ. რობაქიძე“, „ადმირალმა სეიმურმა თბილისში შეიძინა ზომერის ნახატი, ასეთივე გემოვნებით გამოირჩევიან დანარჩენი ინგლისელებიც“ და სხვ.

მანანა შამილიშვილი

ლიტერატურა

გაზ. „Сорок первый градус», 1919, № 1.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები