ოჩოკოჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოჩოკოჩიმეგრ. „ვაც–კაცი“, ტყიური არსება, ტყაშიმაფას ანტაგონისტი, რომელსაც იგი სდევნის და, თუ მოიხელთა, ძალადობს მასზე. ოჩოკოჩი ბალნით არის დაფარული, მკერდის ძვალი ცულივით აქვს წამოზრდილი, ეს მისი ბუნებრივი იარაღია: მკერდით ეჯახება მოწინააღმდეგეს და შუაზე აპობს. ოჩოკოჩი ადამიანს ჩამოგავს, მაგრამ ადამიანურად ვერ მეტყველებს, სარჩოს ვერ იპოვებს – ნადირობა არ იცის. ამიტომ იძულებულია ნადირთ მწყემსს ტყაშიმაფას გამოსტყუოს ან ძალით წაართვას ნანადირევი. ხშირად მონადირესთან მიდის, რომ ერთი ნაჭერი ირმის ხორცი შეჭამოს და ღვინო დალიოს, ცეცხლთან გათბეს. ცოტას წაიძინებს და კვლავ ტყეს მისცემს თავს. ოჩოკოჩი ბრიყვი და უგუნური არსებაა, მშიერ-მწყურვალი დაეხეტება ტყე-ღრეში და მდინარის ნაპირებზე. ერთი ჩვეულება აქვს: მსროლელს სთხოვს, კიდევ მესროლეო და, თუ მონადირემ მეორედ ესროლა, ოჩოკოჩი მას ჭკუიდან შეშლის.

ორი სვანი მონადირე წასულა ჯიხვბზე სანადიროდ. ტყეში ცეცხლი გაუჩაღებიათ, თოფები ხეზე მიუყუდებიათ, აპირებდნენ ტყეში ღამის გათევას. ცეცხლი რომ დაუნახავს შეციებულ და მშიერ-მწყურვალ ოჩოკოჩს, მოსულა და თავზე წადგომია მონადირეებს. დაფრთხნენ მონადირეები, უკან მოუხედავად გაიქცნენ. მერე იფიქრეს, თოფები რატომ დავკარგოთ, ოჩოკოჩი წასული იქნებაო და მობრუნდნენ. ხედავენ, ოჩოკოჩს აუღია მათი თოფები და დამტვრევას ცდილობს. ბოლოს, ცეცხლში ჩააგდო ლულები და იფეთქა წამალმა, და გავარდა თოფი. ახლა ოჩოკოჩი დაფრთხა და გაიქცა.

სოფელ ჯვარის მახლობლად, ოხანქუეში ცხოვრობდა ერთი განთქმული მონადირე, სახელად ჯვიბა. ერთხელ ზამთარში ჯვიბა ირემზე სანადიროდ გაემართა მთაში. მოკლა ირემი და უკანა გზაზე ტყეში დააღამდა. დაანთო ცეცხლი, ირმის ხორცი აქნა და, ის იყო, უნდა შეეწვა, რომ ორი უზარმაზარი ოჩოკოჩი – კაცი და ქალი დაადგა თავზე. ქალმა ჯვიბას ირმის ხორცი სთხოვა. ჯვიბამ იცოდა, რომ თუ ოჩოკოჩს პასუხს გასცემდა, უსათუოდ ჭკუაზე შეიშლებოდა. ამიტომ არც არაფერი უთხრა და ხორციც არ მისცა. კაცმა ოჩოკოჩმა უთხრა ქალ ოჩოკოჩს: მოიცადე, ჯვიბა დაიძინებს, მოვკლავ და შევჭამ, ირმის ხორცი კი შენ დაგრჩებაო. ჯვიბა წამოწვა დასაძინებლად, მაგრამ არ დაუძინია, მთელი ღამე ფხიზლობდა. ოჩოკოჩებს კი ჩაეძინათ ცეცხლთან. ადგა ჯვიბა, აიღო ბასრი ხანჯალი და წვერაღმა მიწაში ჩაარჭო, და ზედ ნაბადი გადააფარა, თავად კი ხეზე აძვრა. გაეღვიძა ოჩოკოჩს და, ხედავს, ნაბადია და დააცხრა ნაბადს, გავგუდავ ჯვიბასო. მაგრამ მკერდში ხანჯალი შეერჭო, გამწარებული ფეხზე წამოვარდა და ჯვიბას დაუწყო ძებნა. ჯვიბამ კი ზემოდან თოფი დაჰკრა და დაჭრა ოჩოკოჩი. ოჩოკოჩის ღრიალზე ქალს გამოეღვიძა და კივილი მორთო, ხომ გითხარი, ჯვიბასთან ვერაფერს გავხდებით, მაგარი კაცია-მეთქი! ბოლოს, ორივემ ხვეწნა დაუწყო ჯვიბას, მეორედ ესროლა თოფი, მაგრამ ჯვიბამ იცოდა, რომ თუ მეორედ ესროდა ოჩოკოჩს, სრულიად განიკურნებოდა და მას სიკეთეს არ დააყრიდა. ვაიკვნესით და ღრიალით გასცილდნენ იქაურობას გაწბილებული ოჩოკოჩები.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები