ოხრახუში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოხრახუში

Petroselinum crispum (Mill.)a.w.Hill. – ოხრახუში.
მეგრულად – მაკინდოლი

ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ხორცოვანი, თეთრი, თითქმის თითისტარისებრი ფესვით. ღერო სწორმდგომია, წვრილი, დატოტვილი, დაღარული, შიშველი, 60-100 სმ სიმაღლის. ფოთლები ბაცი-მწვანეა, პრიალა, გრძელყუნწიანი, ორმაგ ან სამმაგფრთისებრ დანაკვთული, ნაკვთულები დაკბილულია ან განკვეთილი. ყვავილები რთულ ქოლგებადაა შეკრებილი, გვირგვინის ფოთოლაკები მოყვითალო-მომწვანო ან მოთეთრო შეფერილობისაა. მცენარის ყველა ნაწილისათვის სპეციფიური სუნია დამახასიათებელი. ყვ. VI-VII; ნაყ. VIII-IX.

საქართველოში უხსოვარი დროიდანაა კულტივირებული, გვხვდება ყველა რაიონში, ზოგჯერ გაველურებული სახით. ბოსტნეული და სანელებელი მცენარეა. ამაღლებს საკვების გემოვნურ თვისებებს. აშენებენ ბოსტნებში, ზოგჯერ გვხვდება გაველურებული ნაგვიან ადგილებზე.

ძირხვენები და ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს (70-400 მგ%), ეთერზეთებს, ლორწოს; ფოთლები მდიდარია კაროტინით (პროვიტამინი A), აგრეთვე ფოლიოს მჟავით, ფლავონოიდებით, ტოკოფეროლით; ნაყოფები შეიცავს 6 მგ%-მდე ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს, გლიკოზიდ აპიინს.

ხასიათდება ანტისეპტიკური, დეზინტოქსიკაციური, შარდმდენი, ნაღველმდენი, სპაზმოლიტური მოქმედებით.

ხალხურ მედიცინასა და ჰომეოპათიაში ნაყოფები, ფესვი და ფოთლები გამოიყენება როგორც ეფექტური დიურეზული და სპაზმოლიტური საშუალება; აღაგზნებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, ამაღლებს მადას და აუმჯობესებს საკვების მონელებას. იხმარება გულის, თირკმელებისა და შარდკენჭოვანი დაავადებების, შარდის ბუშტის ანთების, ჰიპოსეკრეციული გასტრიტის დროს.

ოხრახუშის წვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერმომქმედი მცენარეული წვენია, არ უნდა იქნეს ერთჯერად 30-50 გრამზე მეტი მიღებული. ხასიათდება ჟანგბადის ცვლის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციების შენარჩუნების უნარით, ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და არტერიების გამაგრებას, კარგი საშუალებაა თირკმელებსა და საშარდე ბუშტში ქვების გაჩენის, ნეფრიტის დროს. წარმატებით გამოიყენება წყალმანკის სამკურნალოდაც.

ჰიპოკრატე და დიოსკორიდე თავიანთ თხზულებებში ხშირად იხსენიებენ მას. ფართო სამკურნალო გამოყენება ჰპოვა ახ. წ. აღ.-დან. XV ს-ში მიღებულ იქნა ოხრახუშის ზეთი სუფთა სახით.

ქართულ ხალხურ მედიცინაში მის ნახარშს იყენებენ პირის ღრუს სიმშრალისა და პირის წვის დროს, აგრეთვე შარდმდენ საშუალებადაც.

მაღალი დოზები აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და თირკმელებს, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, იწვევს თავბრუსხვევას (ბიძინაშვილი, 2013).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები