პარაფრაზი (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარაფრაზი − პერიფრაზი (ბერინ. paraphrasis – აღწერა. გადმოცემა), გარდათქმა, აღწერითი სიტყვასაქცევი: სალიტერატურო ენაში ხმარებული სტილისტიკური ხერხი. როცა სხვის მიერ მოკლედ ნათქვამი ვრცლად (ოღონდ ადვილად გასაგები ფორმით) გადმოიცემა საკუთარი სიტყვებით; მთელი ფრაზით ან წინადადებით იმის გამოხატვა. რაც ერთი (ან ორი) სიტყვით შეიძლება გამოითქვას. პარაფრაზის საშუალებით რეალური საგები და მოვლენები არაპირდაპირ, გადაკვრით ან პერიფრაზული მინიშნებით მოიხსენიება; ამასთან. წინ წამოიწევა აღსაწერი ცნების ესა თუ ის მნიშვნელოვანი ნიშანი ან სიტუაცია. განსაკუთრებით ხშირია დასესხება ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან. პარაფრაზის ძირითადი დანიშნულებაა სათქმელისათვის მეტი გამომსახველობის მინიჭება მსმენელზე ძლიერი ზემოქმედების მოსახდენად.

პარაფრაზი, ჩვეულებრივ აგებულია ტროპების (მეტაფორის, მეტონიმიის, სინეკდოქეს და სხვ.) საფუძველზე. ასეთი პარაფრაზები უპირატესად ემოციურ-შეფასებითია. მაგ., ყვავილთა მეფე (ვარდი), ცხოველთა მეფე (ლომი), ფრინველთა მეფე (არწივი), უდაბნოს ხომალდი (აქლემი), ტყის სანიტარი (მგელი); ზოგჯერ (განსაკუთრებით ზღაპრებში) პარაფრაზი ერითმება ძირითად სიტყვა-ტერმინს (მაგ., მელია-კუდიგრძელია).

ზოგიერთი ცნება რამდენიმე პარალელური პარაფრაზით მოიხსენიება. მათ შორის აღსანიშნავია პირველ ყოვლისა ღმერთი, რომლის პარაფრაზული ვარიანტებია: მამაზეციერი, არსთა გამრიგე, გამჩენი, დამბადებელი, შემოქმედი, და სხვ.

პარაფრაზი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის ან ქალაქის მინიშნებით დასახელებისას. ხანგრძლივი ტრადიციებით განმტკიცებული პარაფრაზული გამოთქმებია: აღთქმული მიწა (ისრაელი), ამომავალი მზის ქვეყანა (იაპონია), მარადიული ქალაქი (რომი). აშშ-ის ყველა შტატს შერქმეული აქვს პარაფრაზული სახელები, მაგ.: ოქროს შტატი (კალიფორნია), მარადმწვანე შტატი (ვაშინგტონი), მაგნოლიის შტატი (მისისიპი) და სხვ.

პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საიდენტიფიკაციოდ პარაფრაზის გამოყენება ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მარტივი და პროდუქტიული საშუალებაა. მაგ., ვეფხისტყაოსნის ავტორი (შოთა რუსთაველი), საქართველოს დედაქალაქი (თბილისი) და სხვ. მათ „ობიექტურობით!“ რამდენადმე უახლოვდება: გვირგვინოსანი (მეფე), დღის მნათობი (მზე), ღამის მნათობი (მთვარე), სუსტი სქესი (ქალი), ძლიერი სქესი (მამაკაცი), მეორე ნახევარი (ცოლი), მეორე პური (კარტოფილი) და ა. შ.

საბჭოთა ეპოქამ წარმოშვა გარკვეული სტერეოტიპული პარაფრაზები: მწვანე ოქრო (ჩაი), მწვანე მეგობარი (ტყე), შავი ოქრო (მარგანეცი; ამავე ნიშნით ქ. ჭიათურას შავი ოქროს ქალაქი ეწოდა) და ა. შ.

ზოგჯერ პარაფრაზი ევფემისტური ხასიათისაა, მაგ., ამ სტრიქონების დამწერი (მე, ავტორი), თქვენი მონა-მორჩილი (მე) და ა. შ.

პარაფრაზად შეიძლება იქცეს მხატვრული ლიტერატურის ფაქტი. „ტრადიციული და საყოველთაოდ მიღებულ პარაფრაზად ითვლება მჭმუნვარე სახის რაინდი“ დონ-კიხოტის აღსანიშნავად. პეტრე პირველი „სპილენძის მხედრად“ იწოდება პუშკინის ამავე სახელწოდების პოემაში. ნაკლებ პოპულარულია ფილოსოფოს ი. კანტის პარაფრაზული სახელი „კენიგსბერგელი ჩინელი“ (დასტურდება გრ. რობაქიძის „ფალესტრაში").

გარდა მხატვრული ლიტერატურისა, პარაფრაზი ხშირად გამოიყენება პუბლიცისტურ და ზეპირ (როგორც საჯარო, ისე სასაუბრო) მეტყველებაში, სამეცნიერო მეტყველებაში კი იგი ტერმინად ქცევის ტენდენციით ხასიათდება და, ამდენად, მოკლებულია ექსპრესიას, მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ხერხდება ტერმინთა ან ტერმინისებულ გამონათქვამთა გაცოცხლება. მაგ. დეკარტის ცნობილი გამოთქმა cogito ergo sum („ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“) პარაფრაზირების გზით სხვადასხვა დროს ასე გარდაითქვა: amo ergo sum (მიყვარს, მაშასადამე, ვარსებობ“, E. Mounier, canto ergo sum („ვმღერი – მაშასადამე, ვარსებობ“, ნ. ანდღულაძე).

პარაფრაზის გრამატიკული სტრუქტურა საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ სახელური შესიტყვებები მაინც საგრძნობლად ჭარბობს. ძირითადი სახეებია: არსებითი სახელი (ნათესაობითი ბრუნვაში) + არსებითი სახელი (ფრინველთა მეფე); ზედსართავი სახელი (ან მიმღეობა) + არსებითი სახელი (მარადიული ქალაქი). გვხვდება ამ ორი სტრუქტურის კომბინაციაც (ამომავალი მზის ქვეყანა).

შ. აფრიდონიძე

წყაო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები