სქესი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სქესიგრამატიკული კატეგორია, რომლის მიხედვით ხდება სიტყვათა პირობითი კლასიფიკაცია ფორმის (გრამატიკული საშუალებების) ან სინტაქსური შეხამების საფუძველზე. გარდა გრამატიკული სქესისა, ენებში არსებობს აგრეთვე სემანტიკური (ლექსიკური) სქესი, რომელიც გამოხატავს სულიერთა კლასში დაპირისპირებას რეალური სქესის (მამრობითი და მდედრობითი) მიხედვით (დედა / მამა, და / ძმა, ქალი / ვაჟი, ფური / ხარი, ძუ / ხვადი..).

გრამატიკული სქესი ენებში სხვადასხვაგვარად არის გამოხატული. ზოგ ენაში გვაქვს ორწევრიანი (მამრ., მდედრ. დაპირისპირება (მაგ., ფრანგულში, არაბულში…); ზოგ ენას ახასიათებს სამწევრიანი (მამრ. / მდედრ. / საშუალო) ოპოზიციური მოდელი (მაგ., ბერძნულში, გერმანულში, რუსულში…); ზოგ ენაში სქესის ოპოზიცია სახელებში მოშლილია და შენარჩუნებულია მხოლოდ ნაცვალსახელთა სისტემაში (მაგ., ინგლისურში…). არსებობს ენები, რომელთაც გრამატიკული სქესი საერთოდ არ გააჩნიათ. ასეთია, მაგ., ქართული.


თარგმანის ბერძნულ დედანთან ფორმალური ეკვივალენტურობის მისაღწევად ელინოფილურმა მიმართულებამ (იხ. ელინოფილიზმი) ქართულში სცადა გრამატიკული სქესის შემოღება. ხელნაწერ სქოლიო-კომენტარებში ზოგჯერ აღნიშნულია, რომ ქართულს, ბერძნულისაგან განსხვავებით, არ შეუძლია სახელთა დაჯგუფება სამ კლასად: დედალ, მამალ და არარომელად, ქართულის ამ „ნაკლის“ გამომასწორებლად ცნობილმა მწიგნობრებმა გამოიყენეს მდედრობითი სქესის გამოსარჩევი -ა და -იდ დაბოლოება: მეფეა, ყრმაა, ებრაელა, უფალა, წინაწარმატყუელა, იგა/ იგია, ჭაბუკიდი, თითოეულიდი, ყმიდი. ასეთი ფორმები, მაგ. გვხვდება გელათის ბიბლიის ხელნაწერში. ხელოვნური „მდედრი“ ფორმები შესულია საბას „ქართულ ლექსიკონშიც“. ანტონ I-ის ქართულ გრამატიკაში გამოყოფილია სქესის ოთხი ფორმა: მდედრობითი, მამრობითი, უშუალობით (საშუალი) და ზოგებით (ნეიტრალური, ვთქვათ, შვილი, ლეკვი, ჩიტი).

XVII-XIX სს-შიც იყო ცდა რუსულის გავლენით შემოეღოთ ცდა ინა დაბოლოებიანი „მდედრი“ ფორმები (მაგ., ქართეველა, ხელმწიფა, ბრძენა, მთავრინა, თავადინა და სხვ.). XX ს-ის 20-იანი წლებიდან კი ასეთი ხელოვნური ფორმები საერთოდ აღიკვეთა.

კ. დანელია


ლიტერატურა

  • დანელია კ., გრამატიკული სქესის გამოხატვის ცდა ქართულში. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1986.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები