ლექსიკონი ქართული - სიტყვის კონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლექსიკონი ქართულისულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკოგრაფიის გამორჩეული ძეგლი. „ლექსიკონი ქართული“, ანუ „სიტყვის კონა“, როგორც უწოდა ამ ლექსიკონს ვახტანგ VI-მ, სულხან-საბა ორბელიანს 1685-1715 შეუდგენია. ლექსიკონი 20 ათასამდე ლექსიკურ ერთეულს ითვლის. იმის გამო, რომ მასში დიდი რაოდენობითაა შეტანილი ონომასტიკური და ტოპონიმიკური მასალაც და სიტყვათა უმეტესობას ახლავს უცხოური (თურქული, სომხური, იტალიური) შესატყვისები, ეს ლექსიკონი განმარტებითთან ერთად არის ენციკლოპედიურიცა და თარგმნითიც (ილ. აბულაძე).

დროის მოთხოვნილების თანახმად, ლექსიკონი საგანმანათლებლო მიზანს ისახავდა. ამას მიანიშნებს როგორც მისი შერეული შედგენილობა, ისე ლექსიკონზე დართული შესავალი („ანბანნი სასწავლონი ყრმათა მიერ“) და დასასრული, რომლებიც ელემენტარული განათლებისათვის საჭირო ცოდნას აწვდიან მკითხველს (შესავალში გახილულია ქართულ ანბანთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, ლექსიკონის ბოლოს კი ჩამოთვლილია ქრისტეს 70 მოციქული, მოხელეთა სახელები, ქართულ და „თათრულ“ ენებზე ცალკეული ე. წ. „საჴმარი“ სახელები, განჯაფის ანუ ბანქოს თამაშის სახელები; აგრეთვე, მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე თვეების სახელწოდებები, ზოდიაქოები, სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული წელთაღრიცხვები).

ჩვენამდე ლექსიკონის ბევრმა ხელნაწერმა მოაღწია. მათგან ცხრა ავტოგრაფული (ორბელიანის ხელით გადაწერილი) და ავტოგრაფული მნიშვნელობის (ორბელიანის მონაწილეობა აქვს მიღებული მათ გადაწერასა და რედაქტირებაში) ხელნაწერია, რომლებიც დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში: H 416, S 2498, Q 400, H-95, H 1658, A 1473.A 75, H 1429 და ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში – №300. აღნიშნული ხელნაწერები ლექსიკონის ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპს წარმოგვიდგენენ. ყველაზე ადრინდელი და მოკლე რედაქცია დაცული აქვს H 416 ხელნაწერს, საბოლოო და ყველაზე ვრცელი ტექსტი ლექსიკონისა კი შესულია H 1429 ხელნაწერში.

სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“ ძირითადად დოკუმენტირებული ლექსიკონია, თუმცა მასში დიდი ადგილი უკავია ხალხურ მეტყველებაში გავრცელებულ არალიტერატურულ ლექსიკასაც. ავტორს წყაროებად გამოყენებული აქვს იმ დროისათვის არსებული თითქმის მთელი ლიტერატურა – როგორც მხატვრული, ისე ისტორიული და ფილოსოფიური, როგორც ორიგინალური, ისე თარგმნილი, როგორც სასულიერო, ისე საერო ხასიათისა. ძირითადი წყარო კი, ეს მოსალოდნელიც იყო, მაინც ბიბლიაა, მისი ძველი და ახალი აღთქმა.

სიტყვათა მნიშვნელობების დადგენისას, ქართული წყაროების გარდა (ქართ. წერილობითი ძეგლები, დიალექტების მონაცემები), სულხან-საბა ორბელიანი ხშირად მიმართავს სომხურ, ლათინურ და ბერძნულ ლექსიკონებს,ზოგჯერ არაბულსაც. ლექსიკონში ჩანს ბერძნულ-სომხურ-ლათინური ბიბლიების ამავე მიზნით გამოყენების კვალიც.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებები სიტყვის შინაარსის სუსტი გახსნით და ლაკონიურობით ხასიათდება, მაგრამ რაც მის ლექსიკონს ყველა სხვა ლექსიკონისაგან გამოარჩევს, რასაც ანალოგი არა აქვს და ორბელიანის ლექსიკოგრაფიული მეთოდის სიახლეა, არის ის, რომ ავტორი გამოყოფს ზოგად და კონკრეტულ სიტყვებს და ზოგადთან აჯგუფებს კონკრეტულ სახელებს განმარტებებითურთ. ამავე დროს, თითოეული სახეობა თავის ადგილასაც არის განმარტებული. მაგ; „საჴმილი ესე არს ცეცხლთა საგზებელი კაცთა დასაწვავად, გინა აბანოს საგზებელი და მისთანა: თუნი არს კეცის ჭურჭელთა გამოსაწვავი; თაკარა არს ჭიქათა დასადნობელი და შესაქნელი; ღუმელი არს პურის საცხობი, რომელთა ფურნედ უწოდენ: თორნე არს ღრმად პურის ჩასაკრავი; აკუთა არს ქვაბთა ქვეშ შესაკეთებელი; ბრძმედი არს ილეკროთა დასადნობელი ადგილი“.


ც. ქურციკიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები