პირველი ქართული ლატარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირველი ქართული ლატარია - საქველმოქმედო ეროვნული ლატარია, რომლის მთელი შემოსავალი მოხმარდა თბილისის უნივერსიტეტსა და ქართულ თეატრს. ამ ლატარიის საბჭოს თავმჯდომარე იყო ივანე ჯავახიშვილი, ხოლო მმართველობის თავმჯდომარე - გიორგი ლასხიშვილი.

ლატარიის მოწყობის იდეა გაჩნდა 1917 წლის ზაფხულში. მისი მიზანი იყო პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებისათვის საჭირო სახსრების შეგროვება. 1917 წლის 29 ნოემბერს ამიერკავკასიის კომისარიატმა თანხმობა განაცხადა ამ ლატარიის მოწყობაზე. გადაწყდა, გამოეშვათ 25 მანეთის ნომინალური ღირებულების მქონე ლატარიის ბილეთები (5 მლნ მანეთის საერთო ოდენობით). აქედან ნახევარი მლნ უნდა დახარჯულიყო მოგებაზე, შემოსავლის ნახევარი უნდა გადასცემოდა ქართულ უნივერსიტეტს (ნაღდი თანხის სახით), მოგების 5 პროცენტი უნდა მიეღო მსახიობთა კავშირს, ხოლო დანარჩენი თანხით უნდა აეშენებინათ შენობა ქართული თეატრისათვის.

ლატარიის ბილეთების გავრცელება გაჭიანურდა. ქართულ პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა მოწოდებები ლატარიის ბილეთების შესაძენად. ბილეთები იყიდებოდა საქართველოს ქალაქებსა და დაბებში, სადაც ცნობილი ქართველი მწერლები, მსახიობები და საზოგადო მოღვაწეები აგიტაციას უწევდნენ მის გავრცელებას. მაგალითად, ამ მიზნით, შ. დადიანი და ვ. აბაშიძე ჩავიდნენ ქუთაისში, ფოთში, სენაკსა და ზუგდიდში, ვ. ბარნოვი და დ. ჭიაბრიშვილი - დუშეთსა და თიანეთში და სხვ. ლატარიის გათამაშება განზრახული იყო 1918 წლის 25 დეკემბერს, მაგრამ მას ხელი შეუშალა იმხანად მიმდინარე საქართველო-სომხეთის ომმა და მკაცრმა ზამთარმა. ამის გამო, ლატარიის გათამაშება 1919 წლის 1 ნოემბერს შედგა თბილისის სახელმწიფო თეატრში (ამჟამინდელი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი). ლატარიიდან მიღებული შემოსავლიდან თბილისის უნივერსიტეტს გადაეცა 1 077 677 მანეთი.

ნიკოლოზ ჯავახიშილი

ლიტერატურა

  • ნ. ჯავახიშვილი, პირველი ქართული ლატარია, ენციკლოპედია, „თბილისი“, თბ., 2002;
  • С. Нуцубидзе, Первая грузинская лотерея, „Народное образование“, Тб., 1992, №62.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები