არისტოტელეს პოეტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პოეტიკა (არისტოტელე)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არისტოტელეს „პოეტიკა“ – (ძვ. ბერძ. Περὶ ποιητικῆς), არისტოტელეს ტრაქტატი რომელიც დრამის თეორიას ეხება.

მეოთხე საუკუნის დამდეგისათვის, ძველი ბერძნული დრამის პრაქტიკა უკვე საუკუნეზე მეტს ითვლიდა. მომწიფდა ამ გამოცდილების თეორიული ანალიზის აუცილებლობა. ბერძნულ ფილოსოფიაში უკვე არსებობდა ხელოვნების ფილოსოფიური გააზრების მნიშვნელოვანი ნიმუშები. ამ კუთხით, ძალზე საინტერესოა პითაგორა სამოსელის (ძვ.წ. 570-490წწ.) შეხედულება მუსიკალურ ხელოვნებაზე. პითაგორას აზრით, სამყაროს საფუძველში აბსტრაქტული რიცხვი ძევს, რომელიც ყოველი არსებულის ფუძეს წარმოადგენს. კოსმოსი ერთგვარი რიცხვით-მუსიკალური კონსტრუქციაა, რომლის რიცხვიატომები ერთმანეთთან მკაცრად კანონზომიერ მიმართებაში იმყოფებიან. პითაგორამ და მისმა მიმდევრებმა მათემატიკა, ჰარმონია და მუსიკა ერთიან ესთეტიკურ სისტემაში გააერთიანეს, რომელიც არა მხოლოდ კოსმოსის, არამედ ადამიანის სულის (მიკროკოსმოსის) თუ ნებისმიერი არსებულის საფუძველია. ამ კონცეფციაზე დაყრდნობით, პითაგორა მუსიკას თერაპიულ ფუნქციას ანიჭებდა და მას ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, სულიერ სიმრთელეზე ზემოქმედების უნარს მიაწერდა. შესაბამისად, უკვე პითაგორელებთან, ხელოვნება და მხატვრული ნაწარმოები სამყაროს არსებობის ფუძისეულ პრინციპებს უკავშირდება.

მშვენიერის ბუნების გააზრებისას, სოკრატეც თავისი ფილოსოფიური დოქტრინიდან ამოდიოდა (მისი ფილოსოფიური თვალსაზრისი სხვადასხვა ავტორის, ყველაზე უკეთ კი ქსენოფონტესა – „მოგონებები სოკრატეზე“ და პლატონის ნაწერებიდან იკითხება). სოკრატეს თანახმად, სამყარო გონივრული და ჰარმონიულია. შესაბამისად, ყოველივე არსებული ამ თვისებებით ფასობს. მშვენიერს სოკრატე გაიაზრებს როგორც ზოგად ცნებას, კატეგორიას. მისთვის მოვლენისა თუ საგნის მშვენიერება შინაგანი მიზანშეწონილობის ხარისხით, ფორმისა და არსის თანხმობითა და ჰარმონიით განისაზღვრება.

სოკრატეს მოწაფე და ყველა დროის უდიდესი ფილოსოფოსი პლატონი მშვენიერისა და ხელოვნების არსზე რამდენიმე დიალოგში საუბრობს, მათ შორის „დიდ ჰიპიასა“ და „ნადიმში“, ასევე „იონში“ (პოეტური ინსპირაციისა და დიონისური ექსტაზის შესახებ). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პლატონის შეხედულებები ხელოვნების ბუნებაზე. მისი აზრით, ხელოვნება რეალობის მიბაძვაა, რეალობა კი უზენაესი რეალობის – იდეათა სამყაროს ჩრდილია, ამდენად, ხელოვნების ნაწარმოები უკვე ორი საფეხურით წყდება უმაღლეს და ჭეშმარიტ ყოფიერებას. მიუხედავად იმისა, რომ პლატონი ხელოვნების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, ის გამოყოფს ხელოვნების შექმნითი ბუნების ძირითად ასპექტს – მიმეზისს.

პლატონისაგან განსხვავებით, ფილოსოფოსი არისტოტელე (ძვ.წ. 384-322 წწ.), პლატონის მოწაფე და დრამის თეორიის შემქმნელი, ხელოვნებას მთლიანად პოზიტიურად უყურებს და მის შემეცნებით, აღმზრდელობით და თერაპიულ თვისებებს აღიარებს. პლატონის მსგავსად, ისიც ხელოვნების მიმეტური (ბაძვითი) თეორიის მიმდევარია. ხელოვნება არისტოტელესთვის შემეცნების საფუძველია და ადამიანს გრძნობადი (ხილული და სმენადი) რეალობის უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევს. როგორც ის „პოეტიკაში“ (ძვ.წ. 335 წ.) წერს, არსებობს რეალობის ისეთი მხარეები, რომლებიც ადამიანისათვის საფრთხესა და საშიშროებას შეიცავს, ამიტომ, სინამდვილის ამ ასპექტის შესამეცნებლად მხატვრული ასახვა საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ხელოვნების თეორიას, არისტოტელე, ძირითადად, „პოეტიკაში“ აყალიბებს. არისტოტელეს მიხედვით, ადამიანს აქვს მიბაძვის თანშობილი თვისება, რომელიც ხელოვნების არსებობის საფუძველსაც ქმნის. მხატვრულ ნაწარმოებში ადამიანი რეალობის ყველა ასპექტს ასახავს, როგორც გარეშე რეალობას, ისე საკუთარ თავს, როგორც ერთიანი რეალობის ნაწილს. ამდენად, „პოეტიკის“ ძირითად ამოსავალ ცნებას ხელოვნების შექმნითი ბუნების საფუძველი – მიმეზისი წარმოადგენს. არისტოტელე მიმეზისის სახეებს რამდენიმე პრინციპით განასხვავებს: მიბაძვის საშუალებით, მიბაძვის საგნითა და მიბაძვის ხერხით. მიბაძვის საშუალებებს შორის ის რიტმს, სიტყვასა და ჰარმონიას ასახელებს. მიბაძვის საგნად მას რეალობის სხვადასხვა მხარე და ხარისხი მიაჩნია – ზოგი რეალობას ასახავს უკეთესად, ზოგი უარესად (შედეგად ვიღებთ პაროდიასა და კომედიას), ზოგი კი ისეთად, როგორიც ის არის. ასახვის ხერხიც სამია – პირველ შემთხვევაში პოეტი მოვლენებს გარეშე დამკვირვებლის თვალით გადმოგვცემს, როგორც ამას ჰომეროსი აკეთებს. მეორე სახეობაში პოეტი საკუთარი სახელით გვესაუბრება, ხოლო მესამე შემთხვევაში ის პერსონაჟებს მოქმედებაში გვაჩვენებს. არისტოტელე ხელოვნების აღქმის ასპექტებზეც საუბრობს, მისი აზრით, ხელოვნება სიამოვნებას გვანიჭებს როგორც შექმნით, ისე აღქმით. ამ სიამოვნების საფუძველი ცნობა და მიხვედრაა.

„პოეტიკაში“ არისტოტელე ტრაგედიისა და კომედიის წარმოშობის შესახებაც საუბრობს, სწორედ ის გვაუწყებს, რომ ტრაგედია იმპროვიზაციიდან და დითირამბთა წამომწყებიდან, ასევე სატირული დრამიდან განვითარდა, ესქილემ მეორე მსახიობი შემოიყვანა და გუნდის პარტიები შეამცირა, ხოლო სოფოკლემ მოქმედებას მესამე მსახიობი და სცენის ფერწერული მოხატვა დაამატა. კომედია ფალიკურ სიმღერათა წამომწყებთაგან წამოვიდა, ის მახინჯსა და უგვანოს ასახავს, თუმცა ტანჯვის გარეშე. ტრაგედია და ეპოსი სერიოზულ მოვლენებს გადმოგვცემენ, თუმცა ერთმანეთისაგან სტრუქტურითა და ენით განსხვავდებიან.

ტრაგედიაში არისტოტელე ექვს ძირითად ნაწილს განასხვავებს – ასახვის საგნის კუთხით ის სამს – მითოსს, ხასიათებსა და საფიქრალს (აზრებს) ასახელებს; მიბაძვის ხერხით სასცენო გარემოს, მიბაძვის საშუალებებით სიტყვიერ ფორმასა და მუსიკალურ კომპოზიციას. მნიშვნელობის მიხედვით ის ტრაგედიის ნაწილებს შემდეგი თანმიმდევრობით წარმოგვიდგენს: ფაბულა (მითოსი), ხასიათები, საფიქრალი (აზრები), სიტყვიერი ფორმა (სათქმელი), მუსიკალური კომპოზიცია (სასმენი) და სახილველი (სასცენო ხორცშესხმა).

არისტოტელესთვის ტრაგედია, ასახავს რა დასრულებულ სერიოზულ მოქმედებას, რომელსაც გარკვეული მოცულობა გააჩნია, ასახავს სიტყვითა და მოქმედებით და არა თხრობით, შიშითა და თანაგანცდით მსგავს აფექტთაგან გვათავისუფლებს (განგვწმენდს). ტრაგედია თავად წარმოადგენს ერთიან მთლიანობას, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. იმისათვის, რომ ტრაგედია გამართული და გასაგები იყოს. აუცილებელია არსებობდეს მოქმედების ერთიანობა, რომელიც მოვლენათა ურთიერთკავშირსა და თანმიმდევრობაზე იქნებოდა დამყარებული. მოვლენათა ჯაჭვის რომელიმე რგოლის გამოტოვება მთლიანობას უნდა არღვევდეს. პოეტის მიზანია ისაუბროს არა მომხდარზე, არამედ შესაძლებელზე, რომელიც აუცილებლობისა და ალბათობის პრინციპით ხორციელდება. ამდენად, არისტოტელეს აზრით, პოეზია, რომელიც შესაძლებელზე საუბრობს, ისტორიაზე უფრო სერიოზული და ფილოსოფიურია.

ამის შემდგომ, არისტოტელე ტრაგედიის ფაბულისა და მთლიანად ტრაგედიის ფორმალურ სტრუქტურას განიხილავს. ის ერთმანეთისაგან მარტივსა და რთულ ფაბულებს განასხვავებს. რთულია ფაბულა, რომელიც პერიპეტიასა და გამოცნობას შეიცავს. პერიპეტია არის მოქმედების საწინააღდეგოში გადასვლა ალბათობისა თუ აუცილებლობის შედეგად, მაგალითად, როდესაც სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეში“ მაცნეს ოიდიპოსის დასამშვიდებელი ამბავი მოაქვს, შედეგი საპირისპირო აღმოჩნდება. გამოცნობა არის არცოდნიდან ცოდნაში გადასვლა, არისტოტელე ისეთ გამოცნობას ანიჭებს უპირატესობას, რომელიც პერიპეტიას უკავშირდება (როგორც ეს „ოიდიპოს მეფეში“ ხდება). მესამე მახასიათებელი, რომელიც ტრაგედიას პერიპეტიასა და გამოცნობასთან ერთად ახასიათებს, ტანჯვაა, რომელიც სიკვდილსა თუ ტკივილს იწვევს.

„პოეტიკის“ ერთ-ერთი მთავარი ცნება ტრაგიკული დანაშაულის ჰამარტიის (ბერძნ. ἁμ ρ ί) ცნებაა, რომელსაც ადამიანი კატასტროფისკენ (ტრაგიკული დასასრულისკენ) მიჰყავს. არისტოტელე ასე მსჯელობს, იმისთვის რომ ტრაგედიის გმირს თანავუგრძნოთ, ის უნებლიე დანაშაულს უნდა სჩადიოდეს შეცდომის ან გარემოებების გამოისობით და არა მანკიერი ბუნების გამო. ტრაგედიის გმირი უნდა იყოს კეთილშობილი და თანმიმდევრული. მისი ქმედებაც ალბათობისა და აუცილებლობის მიხედვით უნდა ვითარდებოდეს.

„პოეტიკის“ ძირითადი ნაწილი არისტოტელემ ტრაგედიის პოეტიკას დაუთმო. ამასთან, დრამისა და ხელოვნების თეორიაში მან შემოიტანა ისეთი ცნებები, როგორებიცაა განწმენდა (კათარზისი), ტერმინი, რომელიც, ზოგიერთის აზრით, ფილოსოფიაში მედიცინიდან შემოვიდა. თუმცა კათარზისი, როგორც ესთეტიკური ტერმინი, სულიერი განწმენდისა და წონასწორობის მიღწევას ნიშნავს, რომელიც ემოციური თანაგანცდითა და სულიერი გამოცდილებით მიიღწევა; ჰამარტია – ტრაგიკული დანაშაულ, რომელსაც სხვადასხვანაირად ხსნიან, კერძოდ, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ჰამარტია არცოდნით დაშვებული შეცდომას შეიძლება ნიშნავდეს, რადგან ბერძენთათვის ცონდა, სამყაროს კოსმიურ კანონზომიერებათა წვდომა უმაღლესი სიქველეა. ადამიანი, რომელიც კოსმიურ კანონებს ვერ სწვდება, ბალანსს არღვევს და კატასტროფა მოელის, რადგან მან მოვლენათა უზენაესი მართლწესრიგი ხელყო. სხვები ჰამარტიას ცოდვის ქრისტიანულ გაგებას უახლოვებენ, რაც ეთიკური ნორმებისა და პრინციპების დარღვევას უთანაბრდება.

„პოეტიკა“ დრამის თეორიისა და ესთეტიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ტექსტად ითვლება, თუმცა მისი მკვლევრები თანხმდებიან იმაზე, რომ ტექსტში ბევრი რამ ბუნდოვანია, რაც, მათი აზრით, იმითაა განპირობებული, რომ „პოეტიკა“ ერთგვარი კონსპეტის ხასიათისაა და, შესაძლოა, არისტოტელეს მოწაფეთა ჩანაწერსაც წარმოადგენდეს. მასში უნდა იყოს გვიანდელი ჩანართებიც. მიუხედავად ამისა, „პოეტიკის“ საიდუმლოება დღესაც სამეცნიერო და მხატვრული ინსპირაციის საბაბია, მით უფრო, რომ არისტოტელე ამ ტექსტში, ძირითადად, ტრაგედიას და ეპოსს ეხება, ხოლო კომედიის პოეტიკის განხილვას სამომავლოდ გადადებს.

„პოეტიკამ“ გაამთლიანა კლასიკური ეპოქის ტრაგედიის გამოცდილება და მისი ძირითადი ნიშან-თვისებები გამოკვეთა. არისტოტელეს „პოეტიკამ“ უდიდესი გავლენა მოახდინა დრამის თეორიის შემდგომ განვითარებაზე, ტრაგედიის მამოდელირებელი ბუნების გაგებაზე. სწორედ არისტოტელეს „პოეტიკაზე“ დაყრდნობით ჩამოყალიბდა XVII-XVIII საუკუნის დრამის თეორიასა და პრაქტიკაში ე. წ. სამი ერთანობის მოქმედების, ადგილისადა დროის ერთიანობის კანონი, რომლის თანახმადაც, გარდა მოქმედების ერთიანობისა, დრამაში დაცული უნდა ყოფილიყო ადგილის ერთიანობის (მოქმედების ადგილი ერთი კონკრეტული ადგილით უნდა ყოფილიყო შემოფარგლული) და დროის ერთიანობის (ტრაგედიის მოქმედების დროს 24 საათისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა) კანონი. რომანტიკულმა დრამამ ერთიანობის კანონების წინააღმდეგ გაილაშქრა და დრამის კომპოზიციასა და სტრუქტურაში თავისუფლება შეიტანა. არისტოტელეს პოეტიკამ გავლენა მოახდინა დრამის ელინისტურ და რომაულ კონცეფციებზე და, ზოგადად, მრავალი საუკუნით განსაზღვრა დრამის თეორიის განვითარება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები