ჟაკერია (მერიმე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ჟაკერია“ – პროსპერ მერიმეს სტორიული დრამა.

მერიმეს „ჟაკერია“ ისტორიულ ქრონიკას წარმოადგენს (1828). მასში ასახულია ფრანგი გლეხების - „ჟაკების“ ანტიფეოდალური აჯანყება. მერიმეს შეხედულებები ისტორიული განვითარების კანონებზე და განსაკუთრებით, ხალხის მნიშვნელობაზე ისტორიაში, ახლოსაა ფრანგულ რომანტიკულ ისტორიოგრაფიასთან, კერძოდ, ტიერის ისტორიულ კონცეფციასთან, რომელიც თავის ნაშრომში „წერილები საფრანგეთის ისტორიაზე“ (1827) წერდა: „ჭეშმარიტმა ისტორიკოსმა უარი უნდა თქვას ეგრეთ წოდებული გმირის თაყვანისცემაზე. (...) უნდა შევიყვაროთ მთელი ხალხი და თვალი უნდა ვადევნოთ მის ბედიღბალს ასწლეულების მანძილზე“.

პიესა იქმნებოდა რევოლუციური აღმაფრენის ატმოსფეროში, რომელიც 1830 წლის მოვლენებს უძღოდა წინ. „ჟაკერია“ ანტიფეოდალური და ანტითავადაზნაურული პიესაა, რომელიც უსამართლო და სასტიკი საზოგადოებრივი წყობის წინააღმდეგ მიმართული ხალხის რისხვის აფეთქების გარდუვალობაზე მიგვანიშნებს.

ამ პიესაში გამომჟღავნდა მერიმე-დრამატურგის ნოვატორული გამბედაობა. აქ დრამის გმირი ხალხია, მისი ბედის ტრაგიზმი, მისი ბრძოლა და მარცხი წარმოადგენს პიესის მთავარ სიუჟეტს. მასა აქ არ არის ბნელი, შეუგნებელი, არც იდეალიზირებული. მერიმესთან გლეხი ნაჩვენებია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებებით. პიესაში წარმოჩენილია გლეხთა ომის მონაწილეების, როგორც „ჟაკების“ მომხრეების, ისე მათი მოწინააღმდეგეების ხატ-სახეები, მათ ბედთან დაკავშირებული მრავალი ასპექტი. ავტორი გვიჩვენებს, რომ ყველა მათგანს თავისი მიზეზი აქვს, რომელმაც აიძულა აჯანყებას შეერთებოდა ან მის წინააღმდეგ გამოსულიყო. „ჟაკერიის“ ცალკეული გმირების ბედი ხალხის ტრაგიკული ბედის განზოგადებულ სახეს ქმნის, მისი დამარცხების გარდუვალობაზე მეტყველებს. მერიმე დაუნდობელი სიმართლით წარმოაჩენს რაინდთა სასტიკ და უხეშ ზნე-ჩვეულებებს, მტაცებლურ ბუნებას და ქედმაღლობას, მდიდარი ქალაქელი ბურჟუების მოღალატეობას, გლეხების - „ჟაკების“ თვალსაწიერის შეზღუდულობას. პიესაში მერიმემ ნათლად აჩვენა სოციალური კონფლიქტები, აჯანყების განმაპირობებელი ფაქტორები. გლეხობას სათავეში განათლებული ადამიანი ესაჭიროება. ეს არის ეკლესიიდან გამოსული ადამიანი, რომელმაც ანაფორა გაიხადა და ეკლესიას გადაუდგა. „ჟაკერიაში“ ავტორმა სცადა აეხსნა ისტორიული კონფლიქტი - დამარცხების მიზეზი პოლიტიკური უმეცრება და უმწიფარობა იყო.

ახალი წარმოდგენა ტრაგედიაზე, რომლის მთავარი გმირი ხალხია, შეუძლებელს ხდიდა ძველი კლასიცისტური ფორმის შენარჩუნებას. თუ არ გავითვალისწინებთ მასობრივ სცენებს, პიესაში ორმოცამდე მოქმედი პირია. მოქმედება მრავალ სხვადასხვა ადგილას ხდება: ტყეებში, სოფლის მოედნებზე, ბრძოლის ველზე, ციხე-პალატებში, მონასტრებში, აჯანყებულთა ბანაკში და ა. შ. კლასიცისტური ტრაგედიის ტრადიციულ ხუთ აქტს მერიმე ოცდათექვსმეტი სცენით ცვლის. პიესაში დარღვეულია მოქმედების ერთიანობის პრინციპიც. ყოველივე ეს ანგრევდა კლასიცისტური ტრაგედიის დაკანონებულ ფორმას. „ჟაკერიის“ მხატვრული თავისებურებები სავსებით შეესატყვისებოდა ტრაგედიისათვის წაყენებულ ახალ მოთხოვნებს.

„ჟაკერია“ არ შესულა ფრანგული თეატრის რეპერტუარში, მაგრამ თავად ამ პიესის გამოჩენა 30-იანი წლების ფრანგული რომანტიკული დრამატურგიის განვითარებაში, შემოქმედებაში რეალისტური ტენდენციების შემოღების განაცხადზე მეტყველებდა. დიდია „ჟაკერიის“, როგორც სახალხო ტრაგედიის კლასიკური ნიმუშის მნიშვნელობა ახალი დროის დრამის ისტორიაშიც. „სცენები ფეოდალური დროიდან“ - ასე უწოდებდა მერიმე თავის პიესას.

მარინა ხარატიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები