როგე ჟაკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჟაკ როგე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაკ როგე
სოკ-ის პრეზიდენტი 2001-2013

ჟაკ როგე - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (2001-2013).

ჟაკ როგე დაიბადა 1942 წლის 2 მაისს გენტში, სპორტულ ოჯახში. დაამთავრა გენტის უნივერსიტეტი. პროფესიით ორთოპედ-­ქირურგია, სპორტული მედიცინის სფეროში სპეციალიზაციით. სწავლობდა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც მედიცინის ხარისხი მიენიჭა. ახალგაზრდობაში აქტიურად მისდევ და რაგბის და აფროსნობას. რაგბიში არაერთხელ მოიპოვა ბელგიის ჩემპიონობა, აფროსნობაში კი კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მისთვის ყველაზე დიდი სარბიელი მეხიკოს (1968), მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიურ თამაშები იყო, სადაც „ფინის“ კლასში იასპარეზა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, როგე ბელგიის ოლიმპიურ მოძრაობაში ჩაერთო. 1989 წელს ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს, იმავე წელს ასევე გახდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) ვიცე­პრეზიდენტი. როგე ორ წელიწადში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრადაც აირჩიეს

ჟაკ როგე 1998 წელს სოკ-ის აღმასრულებელ საბჭოს შეუერთდა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიდნეის ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებაში, ასევე კოორდინაციას უწევდა ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებს. როგე გამოირჩეოდა დიპლომატიურობით და კომპრომისის უნარით. ამასთანავე, სარგებლობდა პატიოსანიდა მოუსყიდველი პიროვნების რეპუტაციიით.

ამ და სხვა თვისებების გამო, როგეს კანდიდატურამ გადამწყვეტი მხარდაჭერა მიიღო 2001 წლის 16 ივლისს მოსკოვში გამართულ სოკ-ის 112­-ე სესიაზე, სადაც ის სოკ-ის მერვე პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე ჟაკ როგემ 12 წელი დაჰყო და თავი გამოიჩინა, როგორც სპორტის ღრმა მცოდნე და ავტორიტეტულმა ხელმძღვანელმა, რომელმაც უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა დოპინგს, კორუფციას, რასიზმს და ძალლადობას სპორტში. მისი პრეზიდენტობის დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ოლიმპიურ პროგრამაში, ოლიმპიური სპორტის ცალკეულ დისციპლინებში, ოლიმპიურ სახეობებად აღიარეს გოლფი და შვიდკაცა რაგბი. სოკ-ის მერვე პრეზიდენტმა ოლიმპიადების ახალგაზრდა თაობაზე მორგების მიზნით ყველაფერი იღონა, რათა ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარული სახეობები (მათ შორის, სნოუბორდი და BMX) ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეეტანათ.

ჟაკ როგეს პრეზიდენტობისას საერთაშორისო კალენდარში გამორჩეული ადგილი დაიკავა ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა თამაშებმა. ასევე ჟაკ როგეს ინიციატივით დაედო სათავე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. მისი სურვილი იყო, რომ ევროპელ ახალგაზრდებს თავიანთი მულტისპორტული ღონისძიება ჰქონოდათ. 1991 წელს ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სწორედ ჟაკ როგეს სამშობლოში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარდა

ჟაკ როგე სოკ-ის პრეზიდენტის რანგში ისე ემსახურა ოლიმპიურ მოძრაობას, რომ ამ საქმისთვის გასამრჯელო არ მიუღია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟაკ როგე სოკ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ოლიმპიადაზე (2002 წელი) ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობდა და არა ფეშენებელურ სასტუმროში.

ოლიმპიურ თამაშებს მუდამ თან სდევდა პოლიტიკური ხასიათის პრობლემები, რაც სოკ-ის ხელმძღვანელებისგან დიპლომატიურ ალღოს და განსაკუთრებულ წინდახედულებას მოითხოვდა. ასე იყო ჟაკ როგეს შემთხვევაშიც. მაგალითად, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა პეკინში 2008 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის მზარდი შემთხვევების გამო. 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-­ში მომხდარი უპრეცედენტოდ მასშტაბური ტერაქტების შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სოლტ ლეიკ სიტის 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების საკითხები. ორივე შემთხვევაში ჟაკ როგემ, სოკის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, მოახერხა სტრატეგიულად სწორი პოზიციის შემუშავება და ოლიმპიური თამაშების ჩაშლის ან სხვაგან გადატანის საფრთხის თავიდან აცილება.

2013 წელს ბუენოს აირესში გამართულ სოკ-ის 125-ე სესიაზე ჟაკ როგე პრეზიდენტის სავარძელში ჩაანაცვლა გერმანელმა თომას ბახმა. ბელგიელი, ისევე როგორც მისი წინამორბედები სოკ-ის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

ჟაკ როგეს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, მედალი და ორდენი. ბელგიის მეფემ ალბერტ მეორემ ჟაკ როგეს მიანიჭა გრაფის წოდება

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები