რენოდელი პიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ რენოდელი

რენოდელი პიერ (19.XII.1871, ნორმანდია - 1.IV. 1935, პალმა დე მალიორკა) - ფრანგი სოციალისტი. საფრანგეთის პარლამენტის წევრი. მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ერთ-ერთი ლიდერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო საექიმო სასწავლებელში. ახალგაზრდობიდანვე ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში. 1899 წელს შეუერთდა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას. მარსელ სამბასთან ერთად იყო რადიკალური მემარცხენე ბლანკისტური სოციალ-რევოლუციური ფრაქციის (პარტიის) ლიდერი. წლების განმავლობაში პარტიის დავალებით ეწეოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას. აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის სოციალისტური პარტიისა და სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესებში. 1906 წლიდან იყო საფრანგეთის სოციალისტური პარტიის მთავარი პოლიტიკური გამოცემის „l’Humanité“-ს რედაქტორი. 1914 ფრანგ სოციალისტთა ლიდერის, ჟან ჟორესის, მკვლელობის შემდეგ, გახდა ჟურნალის დირექტორი და პარტიის ლიდერი. 1914 წელს არჩეულ იქნა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პარლამენტის წევრად.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას სოციალისტურ პარტიასა და სოციალისტურ ინტერნაციონალში. 1919 წელს დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში. მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიის მცირე ერთა დამოუკიდებლობის იდეას. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნ. ჩხეიძე რენოდელს მოიხსენიებს როგორც ყველაზე ერთგულ მეგობარს, რომელიც ეხმარება ფრანგ და ევროპელ სოციალისტებთან კავშირების დამყარებაში. 1920 წელს როგორც მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი, იმყოფებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოს მოქალაქეებს საზეიმო მიტინგებზე სიტყვით მიმართა თბილისსა და გურჯაანში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალ „La Vie Socialiste”-ში, რომელსაც თავადვე რედაქტორობდა, არაერთი დადებითი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ აკრიტიკებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს. დახმარებას უწევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობას. XX-ის 20-30-იან წლებში აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, 1924-1935 წლებში იყო საფრანგეთის პარლამენტის წევრი, 1932 წლიდან ნეო-სოციალისტური მიმართულების ჯგუფის ლიდერი.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბ., 2003;
  • ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1921), თბ., 1997;
  • Mandats à l›Assemblée natIonale ou à la Chambre des députés (http://www2.assemblee-natIonale.fr);
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №209, №210, №216;
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №212.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები