რომეო და ჯულიეტა (ბალეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომეო და ჯულიეტასერგეი პროკოფიევის ბალეტი, უ. შექსპირის ტრაგედიის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ პროკოფიევამდე საბალეტო ჟანრში პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები, მით უმეტეს ბალეტისთვის უცხო იყო შექსპირის ტრაგედიები. „რომეო და ჯულიეტას“ შემდეგ, განსაკუთრებით საბჭოთა კომპოზიტორების საბალეტო შემოქმედებაში, ამგვარი სიუჟეტები საკმაოდ ხშირად გვხვდება.

პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“ მისივე ადრეული ბალეტებისგან განსხვავებით, მრავალაქტიანი კომპოზიციაა, რომლის დრამატურგიაში მძაფრად კონფლიქტური სცენები ადგილს უთმობენ ლირიკულ-ფსიქოლოგიურ ეპიზოდებს, დინამიკური, დრამატული ეპიზოდები – დივერტისმენტებს.

„რომეო ლა ჯულიეტაში“ ორი კონტრასტული სამყაროს – მთავარი პერსონაჟების სიყვარულის და მტრობის, ძალადობის – დაპირისპირება ლაიტთემებშია კონცენტრირებული. ესენია: მტრობის მრისხანე თემა, რომელიც ჟღერს პირველსავე მოქმედებაში მოედანზე მონტეკების და კაპულეტების პირველი შეჯახებისას, შემდეგ მეჯლისზე რაინდული ცეკვის თემად გადაიქცევა. ამ წრის თემების შესაქმნელად პროკოფიევი მიმართავს უხეშ ტემბრულ შეფერილობას, დაბალ რეგისტრს, პოლიტონალურ თანხმოვანებებს. მსგავსი მახასიათებლები აქვს ჰერცოგის ბრძანების თემასაც. სრულიად სხვა ხერხებს მიმართავს კომპოზიტორი რომეოს და ჯულიეტას და მათი სიყვარულის დასახასიათებლად: ამ პერსონაჟების თემატური მასალა გამოირჩევა სიცხადით, გამჭვირვალებით, მელოდიურობით, მაღალი რეგისტრის უპირატესობით. რომეოს და ჯულიეტას თემების მსგავსია იმ პერსონაჟთა დახასიათება, რომლებიც თანაუგრძნობენ მათ, კერძოდ, პადრე ლორენცოს, მერკუციოს და ჯულიეტას გადიასი.

ბალეტში რელიეფურადაა დახატული ჟანრული, ფონური ხასიათის სცენები. აქ გვხვდება როგორც ქუჩის ატმოსფეროს ამსახველი ცეკვები, ისე დახვეწილი, არისტოკრატული მენუეტი და გავოტი, რომლებიც ჯულიეტას მეგობარ გოგონებს, მეჯლისის ატმოსფეროს და სხვა სიტუაციებს აღწერს.

ამგვარად, თეატრალური, განსაკუთრებით კი საცეკვაო საწყისის დომინირება პროკოფიევის შემოქმედებითი ინდივიდუალობის ერთ-ერთი სტაბილური მახასიათებელია. ცხადია, ყველაზე სრულად და ბუნებრივად იგი საბალეტო ჟანრში გამოვლინდა. მხატვრული სახის, კონკრეტული მუსიკალური თემატიზმის პლასტიკური ხედვა, რაც პროკოფიევის ინსტრუმენტული ნაწარმოებებისთვისაცაა დამახასიათებელი, მის საბალეტო პარტიტურებს განსაკუთრებულ მიმზიდველობას და დახვეწილობას ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორი ხშირად მიმართავს ტრადიციულ საცეკვაო ჟანრებს და მათ ტიპურ ფორმულებს, მაგრამ მისი ბალეტების მუსიკის პლასტიკა ახალი ტიპისაა – საკუთრივ მუსიკის სინტაქსითაა განპირობებული მოძრაობის ახლებური დინამიკა, ის თვითონ კარნახობს მუსიკის ქორეოგრაფიულ წაკითხვას, ჟესტიკულაციის თავისებურებას. ამგვარად, პროკოფიევი პლასტიკური სახის მუსიკალურ ეკვივალენტს ქმნის, რომელშიც მუსიკალური ენის ყველა კომპონენტის მოქმედებაა მნიშვნელოვანი – რიტმის და მელოდიკის, რიტმის და ჰარმონიის, რიტმული ენერგიის და ტემბრული ფაქტურის ლოგიკური თანაარსებობა.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები