როჯერსი კარლ რენსომ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როჯერსი კარლ რენსომ

როჯერსი კარლ რენსომ - Rogers Carl Ransom, Роджерс Карл Рэнсом, 1902-1987

ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთერთი შემქმნელი და ლიდერი (ა. მასლოუსთან ერთად). სამეცნიერო ხარისხი კლინიკური ფსიქოლოგიის განხრით ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო, 1931 წელს. მისი აკადემიური კარიერა ვითარდებოდა კოლუმბიის, ჩიკაგოსა და ვისკონსინის უნივერსიტეტებში. 1964 წლიდან როჯერსი გადასახლდა კალიფორნიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ბიჰევიორისტულ მეცნიერებათა ინსტიტუტში და ადამიანის შემსწავლელ ცენტრში. როჯერსი იყო სახელგანთქმული პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი და ძალიან ბევრს აკეთებდა თავისი ფსიქოთერაპიული სისტემის პოპულარიზაციისთვის. იგი ხშირად მოგზაურობდა, ატარებდა სემინარებსა და სეანსებს სხვადასხვა ქვეყანაში. 1989 წელს ამ მიზნით ეწვია თბილისს. აქ გაეცნო ტრადიციულ ქართულ კულტურას და დააფასა ის (შემდგომშიც გაგრძელდა ამერიკის ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ასოციაციის ურთიერთობა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან). როჯერსი იყო ამერიკის ერთერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობადი ფსიქოლოგი დიდი საერთაშორისო სახელით.

შ. ნადირაშვილი და კ. როჯერსი

როჯერსს მიაჩნდა, რომ ადამიანის მამოძრავებელი მთავარი მოტივი თვითაქტუალიზაციის მისწრაფებაა. ის შინაგანი ზრდის, სრულყოფისა და შინაგან შესაძლებლობათა განხორციელების თანდაყოლილი და მუდმივმოქმედი მისწრაფებაა. მისი გამოვლენის დონე და ხასიათი განისაზღვრება იმით, თუ როგორია ადამიანის „მე-კონცეფცია”. ამ უკანასკნელის ჩამოყალიბებაში მნიშნელოვან როლს ასრულებს ცხოვრების სოციალური პირობები, განსაკუთრებით ბავშვის ურთიერთობა დედასთან ადრეულ ასაკში. მთავარია, იჩენენ თუ არა მშობლები ბავშვის მიმართ „უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას”. ეს გარემოება განსაზღვრავს პოზიტიური ან ნეგატიური „მე”-ს ხატის (თვითშეფასების) ჩამოყალიბებას; თვითშეფასება კი „მე”-კონცეფციის ძირითადი შემადგენელია. პოზიტიური თვითშეფასება, თავის მხრივ, გზას უხსნის თვითაქტუალიზაციის ბუნებრივ ტენდენციას და ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს ჯანმრთელი, სრულყოფილად ფუნქციონირებადი პიროვნება. ნეგატიური ან არაადეკვატური თვითშეფასება, აგრეთვე განსვლა „მე”-ს ხატსა და სასურველ (იდეალურ) „მე”-ს შორის, აჩენს „მე-კონცეფციის” დაშლის, დეზინტეგრაციის საშიშროებას, რასაც მოჰყვება დათრგუნულობა, შფოთვა, შიში და, შესაძლოა, სულიერი აშლილობა (პიროვნების ფენომენოლოგიური თეორია).

როჯერსის სახელთანაა დაკავშირებული რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ცნება, თავიანთი პრაქტიკული საშუალებებით: აქტიური მოსმენა, ფასილიტაცია, არადირექტიული ფსიქოთერაპია ანუ კლიენტზე ცენტრირებული თერაპია, რომელიც ადეკვატური „მე-კონცეფციის” შემუშავებაზეა მიმართული. ამისათვის საჭიროა მოიხსნეს ან მაქსიმალურად შესუსტდეს დაცვითი მექანიზმები, რომლებიც ამახინჯებენ „მე-კონცეფციას”. ეს გზას გაუხსნის პიროვნებაში არსებულ ჯანსაღ ძალას, მიმართულს მის თვითაქტუალიზაციაზე. ეს იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუკი ფსიქოთერაპიული სეანსების დროს თერაპევტის მიერ კლიენტისათვის შექმნილია „უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება”, გამოკვეთილად კეთილმოსურნე და ყურადღებიანი, გულთბილი და მიმღებლური ატმოსფერო, რომელშიც კლიენტი სრულ ფსიქოლოგიურ დაცულობას გრძნობს. ასეთ ვითარებაში იცვლება კლიენტის დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი; იგი ხდება უფრო გულისხმიერი და მიმღებლური თავისი რეალური განცდებისა და თვისებების მიმართ; მას უჩნდება ანდა უძლიერდება თავისთავის რწმენა, უძლიერდება თვითკონტროლი და ავტონომიურობა, აუთენტურობა; მოკლედ, ხდება პიროვნული ზრდა, „მე-კონცეფციის” ჰარმონიზაცია და რეალობასთან შესაბამება.

როჯერსის ნააზრევმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჰუმანისტურ პედაგოგიკაზეც (მოსწავლეზე ორიენტირებულობა). ბავშვის აღმზრდელ-მასწავლებელი, არსებითად, კარგი ფსიქოთერაპევტივით უნდა იქცეოდეს და იმავე საშუალებებს იყენებდეს, რომლებსაც კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპია იყენებს. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები