რუბინშტეინი სერგეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუბინშტეინი სერგეი

რუბინშტეინი სერგეი ლეონიდეს ძე - Rubinstein Sergei Leonidovich, Рубинштейн Сергей Леонидович, 1889-1960

საბჭოთა ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ქმედებითი მიდგომის, ქმედების ფსიქოლოგიის (ანუ აქტივობის ფსიქოლოგიის) ორიდან ერთ-ერთი ძირითადი ვარიანტის ავტორი. უმაღლესი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური განათლება მიიღო გერმანიაში ფრაიბურგის, ბერლინის და მარბურგის უნივერსიტეტებში. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ მარბურგის ფილოსოფიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები, გ. კოჰენი და პ. ნატორპი. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ რუბინშტეინი ოდესის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. შემდეგ სათავეში ჩაუდგა ფსიქოლოგიის კათედრას ლენინგრადის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1942 წლიდან მოსკოვში გადასახლდა, სადაც ერთხანს ფსიქოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანეობდა. მაშინვე დააარსა ფსიქოლოგიის კათედრა მოსკოვის უნივერსიტეტში და 1945 წელს ფსიქოლოგიის სექტორი ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1949 წელს რუბინშტეინი დაადანაშაულეს კოსმოპოლიტიზმში, მოხსნეს ყველა თანამდებობიდან, მისი ნაშრომები მკაცრი იდეოლოგიური კრიტიკის ქვეშ მოექცა. სამართლიანობა მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ აღდგა. რუბინშტეინი იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის და პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მისი თაოსნობით შეიქმნა ჟურნალი „ფსიქოლოგიის საკითხები” (1955) და საბჭოთა კავშირის ფსიქოლოგთა საზოგადოება (1957). რუბინშტეინის სახელმძღვანელო „ზოგადი ფსიქოლოგიის საფუძვლები” საუკეთესოდაა მიჩნეული და მასში ავტორს სტალინის პრემია მიენიჭა.

რუბინშტეინის მიერ მარგბურგში დაცული სადოქტორო დისერტაცია ეხებოდა ფილოსოფიური მეთოდების გამოყენებას საზოგადოებრივ, მათ შორის ფსიქოლოგიურ-პედაგოგიკურ, მეცნიერებებში. უკვე ამ ნაშრომში ჩანს ორიენტაცია ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიურ პრობლემატიკაზე, რითაც ხასიათდება რუბინშტეინის მთელი შემოქმედება ფსიქოლოგიაში. რუბინშტეინმა ჩამოაყალიბა რამდენიმე მეთოდოლოგიური პრინციპი, რომელთაც არა მხოლოდ ქმედებითი მიდგომა დაეფუძნა, არამედ მთელი ე.წ. საბჭოთა ფსიქოლოგია. ლ. ვიგოტსკის მსგავსად, რუბინშტეინიც ცდილობდა ფსიქოლოგია მარქსიზმის ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ მოძღვრებაზე დაეშენებინა. მაგრამ მათი ფსიქოლოგიური სისტემები განსხვავებულია. ვიგოტსკი ძირითადად ცნობიერების ბუნების დახასიათებაზე იყო ფოკუსირებული და ცნობიერების ქმნადობაში განმსაზღვრელ როლს ნიშანს (სემანტიკას) მიაწერდა {ფსიქიკური ფუნქციების კულტურულ-ისტორიული თეორია}. რუბინშტეინი ცნობიერებისა და ქმედების ერთიანობის და ურღვევი კავშირის პრინციპიდან ამოდის (ესაა რუბინშტეინის შეხედულებათა ღერძული მეთოდოლოგიური პრინციპი). მის მიერ ჩამოყალიბებულია კიდევ ერთი, ფსიქოლოგიური მეცნიერების აგებისთვის მნიშვნელოვანი, დეტერმინიზმის მეთოდოლოგიური პრინციპი: „გარეგანი ზემოქმედება შინაგანი პირობებით არის განსაზღვრული”. მაგ.: „ნიჭიერება არ შეიძლება იყოს უბრალოდ გარედან ჩანერგილი, ინდივიდში უნდა არსებობდეს საამისო წანამძღვრები და ნიჭიერების ორგანული ზრდის შინაგანი პირობები. <...> მეორე მხრივ, ნიჭიერება არაა მთლად წინასწარგანსაზღვრული, მზა სახით მოცემული, ყოველგვარი განვითარების წინარე. <...> არაფერი არ ვითარდება წმინდად იმანენტურად მხოლოდ შიგნიდან, მაგრამ ასევე არც არაფერი იწყებს განვითარებას ყოველგვარი შინაგანი პირობების გარეშე. <...> სუბიექტის უმნიშვნელოვანესი როლი არასაკმარისადაა გათვალისწინებული თვით უახლეს საბჭოთა თუ უცხოურ თეორიებში.” (მთლიანობითი ინდივიდ-სუბიექტის პირველადობა - დ. უზნაძის თეორიის მთავარი პოსტულატია, რომელიც მთელ მის თეორიას გამსჭვალავს).

რუბინშტეინმა შექმნა ფსიქიკურის ვითარც პროცესის კონცეფცია, რომელიც აზროვნების პრობლემასთან მიმართებაში განავითარეს მისმა მიმდევრებმა (კ. ა. აბულხანოვა-სლავსკაია, ა.ვ. ბრუშლინსკი და სხვანი). ამ სკოლის ცენტრი სადღეისოდ არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც რუბინშტეინის მიერ ორგანიზებული ფილოსოფიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ცენტრის ბაზაზე შეიქმნა 1971 წელს.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები