სააკაძეთა ნასახლარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სააკაძეთა ნასახლარი - ნასახლარი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეს სამხრეთით, ფერდობზე. თარიღდება XV-XVIII საუკუნეებით.

1965-67 წლებში სააკაძეთა ნასახლარი გათხარა საქართველოს სახელმწუფო მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღვ. პ. ზაქარაია). გათხრამდე ნასახლარზე ჩანდა კოშკი, გალავნის ნაშთები და რამდენიმე ნაგებობის კვალი. გათხრებით გამოვლინდა სასახლის, საცხოვრებელი სახლების, აბანოსა და საჯინიბოს ნაშთები. აბანო და რამდენიმე ნაგებობა კონსერვაციის მიზნით კვლავ მიწით დაფარეს.

სარჩევი

გალავანი

გალავანი ფერდობს წრიულად ჰქონია შემოვლებული. ნაგებია ნატეხი ქვით (კედლის სისქე 1 მ-დე). გალავნის შიგნით რამდენიმე ნაგებობა მდგარა.

კოშკი

მთავარი ნაგებობაა ექვსსართულიანი კოშკი (5,5X5,5 მ), რონელიც ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. ნაგებია ნატეხი ქვით. ძალზე დაზიანებულია. ხანძარს გაუნადგურებია ხის სართულშორისი გადახურვები (რესტავრაციის დროს ბოლო სართულს რკინაბეტონის გადახურვა გაუკეთდა). კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. ამავე სართულზე, კარის გარდა, სამ კედელში თითო სარკმელია. პირველი სართული ყრუ ყოფილა, ბოლო, მეექვსე სართული კი მაღალკედებიან ბანს წარმოადგენდა. მას ოთხივე მხარეს სალოდეები ჰქონია. სათოფურები ყველა სართულზეა, მესამე სართულზე ყველაზე მეტია. აქ სამ კედელში ორ-ორი სათოფურია, ხოლო მეოთხეში (სამხრეთ მხარეს) – სამი. მეხუთე სართულის კედლებში კომბინირებული სარკმლებია.

სასახლე

სასახლე დიდი ზომის ნაგებობაა (13,5X18,5 მ), ნაშენია ნატეხი ქვით. იგი ორსართულიანი ყოფილა. სანახევროდ დანგრეულია, განსაკუთრებით ზემო სართული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა ქვედა სართულის კედლებში სამი ღრმა ნიშია. კარის წინ ტალანია, რომლის გვერდებზე თითო მცირე ზომის სათავსია. აღმოსავლეთით მდებარე დამხმარე სათავსი უნდა იყოს. ჩრდილოეთ სათავსში ბუხარია.

საცხოვრებელი სახლი

სასახლესა და კოშკს შორის იდგა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა – ერთი მხარე ორსართულიანი იყო, მეორე კი – ერთსართულიანი, ორსართულიანს სამხრეთით აივნები ჰქონდა, შიგნით კი ბუხრები და სამეურნეო დანიშნულების ნიშები.

აბანო

კოშკის სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთით და აღმოსავლეთით რამდენიმე ნაგებობის ნაშთია დარჩენილი. თითოეული მათგანი არაერთხელ გადაუკეთებიათ. ეტყობათ ხანძრის კვალიც. მათგან საინტერესოა აბანო, რომელიც ნასახლარის აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს, შედგება ერთი მოზრდილი სათავსისა და სააბაზანოსაგან ორივეში თითო ბუხარია. გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვა აბანოებისგან განსხვავებით, ეს აბანო პატარა და მარტივია.

საჯინიბოა

გალავნის გარეთ, ჩრდილო-დასაბლეთით საჯინიბოა (13,3X11,2 მ). მისი კედლები ნაწილობრივაა შემორჩენილი. კარი ჩრდილოეთ მხარესაა.

სამებისა და ღვთისმშობლის ეკლესიები მდინარე ნოსტურას მარცხენა ნაპირზე დგანან. სავარაუდოა, რომ ისინი სააკაძეთა საგვარეულოს კარის ეკლესიები იყო.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები