შიდა ქართლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიდა ქართლი - სტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის ცენტრალური ნაწილი.

შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით – კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით – ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე (ჯავახეთი).

შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.

სარჩევი

გეოგრაფიული აღწერა

XVII – XVIII საუკუნეების შიდა ქართლის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლიც ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე–საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ზემო ქართლი (გვიანდელი სამცხე–საათაბაგო) დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამაჩაბლოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.

შიდა ქართლის ჩრდილოეთით და სამხრეთით კავკასიონისა და თრიალეთის მაღალი ქედებია, რომელთა მტკვრისაკენ დაშვებული განშტოებები ზეგნებს ქმნიან. მტკვრის სამხრეთით, გაღმამხარის მდინარეები – ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა მცირე ვაკეებს ქმნიან, ხოლო ჩრდილოეთით – დოღლაურის, ტირიფონისა და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი, რომელთა უმრავლესობა უძველესი დროიდან სარწყავადაა გამოყენებული. მდინარე აღმოსავლეთ ფრონედან მდინარე არაგვამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ გაწოლილია კვერნაქის სერი (სიმაღლე 1114 მ-მდე.) მისი სამხრეთი ფერდობის ფლატეებსა და ქარაფებში ხელოვნური გამოქვაბულებია. კვერნაქის სერის სამხრეთით მდებარეობს აშურიანის ველი, რომელსაც უძველესი დროიდან საზამთრო საძოვრად იყენებდნენ. შიდა ქართლის ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას.

გზები

შიდა ქართლზე უძველესი დროიდან გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ჩრდილოეთიდან მოემართებოდა დარიალის ანუ არაგვის გზა, რომელიც მცხეთაზე გადიოდა. XIII საუკუნეში მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა, თუმცა XVIII საუკუნის II ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა.

ანტიკური ხანის ავტორთა ცნობები და არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები მოწმობენ, რომ ანტიკურ ხანაში ინდოეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო–სატრანზიტო გზა გადიოდა შიდა ქართლზე, მიუყვებოდა რა მტკვრის ორივე სანაპიროს. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გადიოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზა, რომელიც მცირე აზიიდან მოემართებოდა და მცხეთმდე აღწევდა. აქედან კი არაგვის ხეობით ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდა.

მნიშვნელოვანი მაგისტრალი ე.წ. „ცხვრის გზა”, რომელიც საქართველოს დიაგონალურად ჰკვეთდა და კახეთ–ჰერეთს ტაო–კლარჯეთთან აკავშირებდა, თრიალეთის ქედის თხემს გასდევდა და მრავალი განშტოებით უკავშირდებოდა მის გარდიგარდმო მდებარე „ქვეყნებს”, ამ უძველესმა გზამ გარკვეულ ისტორიულ პირობებში ხელი შეუწყო საბოლოოდ საქართველოს გაერთიანებას.

შიდა ქართლი სამხრეთ საქართველოს უკავშირდებოდა მტკვრის, ძამის, ტანის, თეძმის, კავთურის, ნიჩბისისა და ძეგვის ხეობებზე გამავალი გზებით: დასავლეთ საქართველოს – ლიხის ქედზე მდებარე პერანგას, ზემო ჯვარ-კორტოხის, დედაბერას, რიკოთის, სურამის, ციხისძირის უღელტეხილებით. ჩრდილოეთ კავკასიას კი, დარიალის გზის გარდა, ლიახვის ხეობით, სბისა და როკის უღელტეხილებით.

ისტორია

შიდა ქართლის ტერიტორია ინტენსიურად იყო დასახლებული ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისი). ადამიანთა ცხოვრების უძველესი კვალი აღმოჩნდა ლამისყანაში და მდინარეების კავთურასა და თეძამს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე. მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მიწათმოქმედება იყო, მიკვლეულია მარცვლეულის მრავალი სახეობა, განვითარებულია მესაქონლეობა და სპილენძის მეტალურგია, დაწინაურებულია კერამიკული წარმოება და ფეიქრობა.

მოსახლეობა ცხოვრობდა „გორებზე”. შენობები ნაგები იყო სარებით, ლასტით და ალიზის აგურით, რომელთაც წრიული ან ოთხკუთხა ფორმა ჰქონდათ. იყო ნახევრად ოვალური აფსიდურკედლიანი სახლებიც, რომლებსაც სარიტუალო-საკულტო დანიშნულება უნდა ჰქონოდათ (გუდაბერტყა).

ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან მოსახლეობა იზრდება, ფართოვდება მეურნეობა. შიდა ქართლი ის არეალია, სადაც ხდებოდა აღმოსავლურ და დასავლურ ქართულ კულტურათა შეხვედრა (გამდლისწყაროს, რენესა და სათოვლე – ნაბაღრევის არქეოლოგიური ძეგლები).

გვიანდელი ბრინჯაოს–ადრინდელი რკინის ხანებში ყალიბდება ტერიტორიულ –ადმინისტრაციული ერთეული – ხევი. ეს არის ცალკეულ სამოსახლო გორათა სისტემა, რომელიც მოწინავეობს და ჩემულობს ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრის როლს. ქვეყნის ხევებად დაყოფას, რომელიც გეოგრაფიულ თვისებებზე იყო დამყარებული, საქართველოს ბარში სამეურნეო ფაქტორი, (ირიგაცია) განსაზღვრავდა. მაგალითისთვის, ხევხმელას ხეობაში მდებარე ხოვლეგორა (ძვ.წ. XIV ს.) „გვარის” სამოსახლოა, რომელიც ბორცვის ძირში მდებარე სოფლისგან ქვის გალავნითაა გამოყოფილი, თვით ბორცვი კი საკულტო–თავდაცვითი ნაგებობაა. ეს მიუთითებს აქ მობინადრე გვარის გარკვეულ სოციალურ დიფერენციაციაზე.

ხოვლეგორაზე განვითარებული იყო მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და მევენახეობა. აღსანიშნავია პურის საცხობი ღუმელები, რომელთა მსგავსი აღმოჩნდა შიდა ქართლის მრავალ სხვა არქეოლოგიურ ძეგლზეც, (ნაცარგორა, თრელიგორები, სამთავროს ნასახლარები, ნარეკვავი, კავთისხევი, უფლისციხე).

ძვ.წ. VI საუკუნედან ხოვლეს შავად, ლეგად და წაბლისფრად გამომწვარი კერამიკის გვერდით ჩნდება „წითლად გამომწვარი“ ჭურჭელი. ეს კერამიკა ვრცელდება ქვემო და შიდა ქართლში. ახალი ტექნიკური ხერხების გაჩენა მოწმობს ახალი კულტურული დინების გავლენას და შესაძლებელია უკავშირდებოდეს ურარტელების, კულტურულ ორბიტაში მოქცეული ქართველი ტომების შემოსვლას.

ადრინდელი ანტიკური ხანისათვის აღმოსავლეთ საქართველოში უნდა შექმნილიყო რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ძველი ქართული ქრონიკა ამ ხანის მნიშვნელოვან ცენტრებად ასახელებს უფლისციხე (ქალაქ კასპის ციხე), სარკინეს თავისი „ციხე დიდით” და ოძრხეს.

ძვ.წ IV-III საუკუნეების მიჯნაზე ფარნავაზის მეთაურობით შეიქმნა იბერიის (ქართლის) ერთიანი სამეფო, რომლის ცენტრიც მცხეთა იყო. მცხეთის გადედაქალაქებას ხელი შეუწყო მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, სადაც თავს იყრიდა მნიშვნელოვანი მაგისტრალური გზები და შესაძლებელი იყო ერთმანეთთან დაკავშირებული ციხე–სიმაგრეების სისტემის შექმნა. მცხეთის სამეურნეო რაიონი გაიზარდა მდინარე ქსნამდე და დაიწყო მუხრანის ველის მთლიანად ათვისება, რასაც მოჰყვა მდინარე ქსანზე დიდი საირიგაციო ნაგებობების მშენებლობა (დიდი რუ რუსხმულით, ნასტაკისის რუ, საგლახაო რუ).

მას შემდეგ რას ფარნავაზმა თავისი ხელისუფლება მთელ ქართლზე განავრცო და ეგრისიც შემოიერთა, ქვეყანა საერისთავოებად დაჰყო. შიდა ქართლი ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოაქცია და სათავეში სპასპეტი ჩაუყენა. ფარნავაზმა ქართლის მთას გალავანი შემოავლო და მასზე არმაზის კერპი აღმართა. მისმა შთამომავლებმა კი აღმართეს აინინას და დანინას კერპები და გააგრძელეს არმაზციხის მშენებლობა. შემდგომში არმაზციხე აკროპოლისად და იბერიის მეფეთა რეზიდენციად იქცა. არქეოლოგიურმა გათხრებმა არმაზციხეში (ბაგინეთი) გამოავლინა თავდაცვითი და სასახლის ნაგებობათა დიდი კომპლექსი. „დიდ მცხეთაში” მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო იყო ზადენციხე (იგივე წიწამური-სევსამორა), სადაც იდგა ზადენის კერპი. წიწამურის მიდამოები ინტენსიურად ჩანს დასახლებული ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან (კამარახევის სამაროვანი). აქ გამოვლინდა ადრინდელი ელინისტური ხანის თავდაცვითი ნაგებობები და დასახლებათა ნაშთები, რომელიც ქალაქური ტიპის დასახლებები იყო: სამადლო, ნასტაკისი, აღაიანი, ციხიაგორა. (ტაძრითურთ)

შიდა ქართლის საქალაქო ცხოვრების განვითარებაზე მეტყველებს სტრაბონის ცნობაც: „იბერია კარგადაა დასახლებული მეტწილად როგორც ქალაქებად, ისე დაბებად, ისე რომ აქ გვხვდება კრამიტის სახურავები და ხუროთმოძღვრების წესით აგებული სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები.“

შიდა ქართლის ტერიტორიაზე ელინისტური ხანის მრავალრიცხოვანი მონეტების აღმოჩენა მოწმობს იბერიის ინტენსიურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას გარე სამყაროსთან. აღმოჩენილია მაკედონელის ორიგინალური ოქროს სტატერი, (მცხეთა) ელინისტური ეგვიპტის მმართველის პტოლემე ფილოპატორის სპილენძის, სელევკიდების სირიის მეფეების სპილენძის, სინოპის საქალაქო, ტიგრან II-სა და გვიანდელი ელინისტური ხანის პართიის მონეტები. (შიდა ქართლის სხვადასხვა ადგილებში).

ძვ.წ. I ს. რომსა და პონტოს შორის გამწვავებული ურთიერთობა ომში გადაიზარდა. მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად სომხეთის, ალბანეთის და ქართლის მმართველებმა კავშირი დაამყარეს პონტოს სამეფოსთან, მაგრამ რომაელებმა დაამარცხეს პონტოს მეფის ლაშქარი და სომხეთში შეიჭრნენ. რომაელმა სარდალმა პომპეუსმა ალბანეთისა და ქართლის დამორჩილებაც გადაწყვიტა და ძვ.წ 65 წელს შემოიჭრა ქართლში, ბრძოლით დაიმორჩილა და კოლხეთშიც გადავიდა.

იბერიაში პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ დამყარდა ურთიერთობა, რომელიც „მეგობრობასა” და „სამხედრო კავშირში” გამოიხატებოდა. ქართლის მეფეს ევალებოდა ჩაეკეტა ჩრდილო კავკასიიდან მომავალი გზები და რომაელთა სამფლობელოები მომთაბარეთა შემოსევებისგან დაეცვა. I-III საუკუნეებში იბერიის სამეფო კიდევ უფრო გაძლიერდა და რომის იმპერატორები ყოველმხრივ ცდილობდნენ ქართლთან „მეგობრობის” შენარჩუნებას. რომაული ხანის შიდა ქართლის ძეგლთაგან აღსანიშნავია სოფელ არადეთთან დედოფლის მინდორზე აღმოჩენილი ძვ.წ. I საუკუნის დიდი სატაძრო კომპლექსი, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით აქემენიდური ხანის სუზის და სელევკიდური ხანის პერსეპოლისის ტაძრების ანალოგიურია.

ამ ხანის მნიშვნელოვანი ძეგლებია – მცხეთის აკლდამა (I ს.) არმაზისხევის პიტიახშთა სამარხები და საცხოვრებელ–კომუნალური ნაგებობანი. (II–III სს.) ზღუდერის სამარხები (II–IV სს.) ნაქალაქარი ძალისი (I–IV სს.) არმაზისხევის გათხრებმა მოგვცა არამეული დამწერლობის ადგილობრივი ნიმუშები, რომელიც დამწერლობაში შევიდა „არმაზული”-ს სახელით და ბერძნულთან ერთად ანტიკური იბერიის ოფიციალური დამწერლობა იყო.

ნაქალაქარ ძალისში აღმოჩნდა დიონისესთან და მის წრესთან დაკავშირებული მაღალმხატვრული მოზაიკური გამოსახულებანი. გვიანდელი ანტიკური ხანის შიდა ქართლში დაწინაურებული იყო ოქრომჭედლობა, (მცხეთა და ურბნისი). იმ დროს ქართლში ფართო ხმარებაში იყო საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული მონეტები, ძირითადად რომაული და პართული ვერცხლის მონეტები - ავგუსტუსის დენარები და გოტარზის დრაქმები.

ქართულ სახელმწიფოებრიობის შექმნასთან ერთად ქართლში ინერგება მცირეაზიური (ხეთური) წარმოშობის არმაზისა და ზადენის ღვთაებათა თაყვანისცემა, რაც დაკავშირებულია მესხური მოსახლეობის შემოსვლასთან.

ვახტანგ გორგასლის მეფობის დასაწყისში ქართლის სამეფო სასანური ირანის ვასალური სახელმწიფო იყო. გორგასალმა გააერთიანა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო და დაიმორჩილა კავკასიის მთიანეთი. მანვე ჩაატარა საეკლესიო რეფორმა და შექმნა საეპისკოპოსოები: სამთავროს, წილკნის, სამთავისის, ურბნისის, რუისის, ნიქოზის.

V საუკუნის შუა წლებში ვახტანგ გორგასალმა თბილისში ქალაქის შენება დაიწყო, ხოლო მისმა მემკვიდრე დაჩიმ VI საუკუნის დამდეგს ქართლის სამეფოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.

V საუკუნის დასაწყისიდან სპარსელებმა გააძლიერეს შეტევა ქართლში ქართული წეს-ჩვეულებების აღმოსაფხვრელად, აღარ სჯერდებოდნენ ამიერკავკასიის ქვეყნების ვასალურ მდგომარეობას და მათ სპარსეთის პროვინციებად აქცევდნენ. ამასთანავე, ძალით ავრცელებდნენ თავიანთ სარწმუნოებას. ქართლში იფეთქა აჯანყებამ, რომელმაც მარცხი განიცადა. დამყარდა სპარსელთა მმართველობა. მოსახლეობას ტვირთად დააწვა ხარკი და ბეგარა და 571 წელს კვლავ იფეთქა აჯანყებამ. ქართველმა აზნაურებმა დააყენეს ერისმთავარი სტეფანოზ I, რომლის პოლიტიკაც აშკარად ანტისპარსული იყო. მის დროს აშენდა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი. (586–87–604 წწ.) სტეფანოზის სახელით მოჭრილ მონეტაზე ჯვარი იყო გამოსახული.

VI საუკუნის სირიიდან საქართველოში მოვიდა საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი. ე.წ. „ასურელი მამები”. მათგან შიდა ქართლში მოღვაწეობდნენ: იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, თათე სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, იესე წილკნელი, ისიდორე სამთავნელი და მიქაელ ულუმბოელი. „ასურელმა მამებმა” მრავალი ეკლესია–მონასტერი ააგეს, ქრისტიანობა გაავრცელეს წარმართულ მოსახლეობაში და ჩრდილოეთ კავკასიის მხარე ქართულ ეკლესიას დაუქვემდებარეს.

საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური და კულტურულ–ეკონომიკური განვითარება VII საუკუნის არაბთა ბატონობამ შეაფერხა. 736-738 წლეში მურვან-ყრუს ლაშქრობის შედეგად განადგურდა მცხეთა, კასპი, ურბნისი და სხვა დასახლებული პუნქტები. არაბთა ბატონობის მთელი სიმძიმე შიდა ქართლის მოსახლეობას დააწვა. ასეთ პირობებში, VIII–IX საუკუნეების მიჯნაზე წარმოიქმნა ეკონომიურად მძლავრი სამეფო-სამთავროები: ეგრის-აფხაზეთის, კახეთ-ჰერეთის და ტაო–კლარჯეთის. ქართლის კონსოლიდაციას აფერხებდა ერთის მხრივ არაბთა ბატონობა და მეორეს მხრივ ურთიერთმოქიშპე სამთავროები, რომლებიც პირველობისთვის იბრძოდნენ. მის გამო ვერ ჩამოყალიბდა ქართლში ძლიერი პოლიტიკური ხელისუფლება და არაბთა ბატონობის უღლიდან განთავისუფლების შემდეგ (IX ს–ნის II ნახ.) ქართლის აზნაურები თავიანთ ნებაზე განაგებდნენ ქვეყანას.

975 წელს დავით კურაპალატმა თავისი შვილობილი ბაგრატი ქართლის მეფედ გამოაცხადა. სამი წლის შემდეგ ბაგრატ III-მ (975-1014 წწ.) დასავლეთ საქართველო, ხოლო 1010 წელს კახეთ-ჰერეთი შემოიერთა.

უცხო დამპყრობთაგან ქვეყნის განთავისუფლება და საქართველოს ერთიან მონარქად გაერთიანება დასრულდა დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) დროს. დავითის მრავალრიცხოვან გამარჯვებათა შორის აღსანიშნავია 1121 წლის დიდგორის ბრძოლა, როდესაც ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი. 1122 წელს დავითმა შემოიერთა თბილისი, რომელიც იქცა სრულიად საქართველოს დედაქალაქად.

პერიოდი X საუკუნიდან XIII საუკუნის 20 წლებამდე ქართული კულტურის მძლავრი აღმავლობით ხასიათდება. ვითარდება საერო ლიტერატურა, ფილოსოფიური აზროვნება, ხუროთმოძღვრება, მონუმენტური მხატვრობა, ჭედურობა, ქვაზე კვეთა, ხელნაწერთა მხატვრული შემკულობა.

ეპოქის უთვალსაჩინოესი ნაგებობაა მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველი (1010-1029 წწ.) რომელიც გორგასლისეული ტაძრის ნანგრევებზე კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ააგო ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ. სვეტიცხოვლის მახლობლად დგას სამთავროს ტაძარი (XI ს–ის I ნახ.).

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე რეგიონში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობები, როგორიცაა ქვათახევის და ყინწვისის ტაძრები. დარბაზულ ეკლესიათაგან გამოირჩევა ხცისი (1002 წ.) და წინარეხის მაღალაანთ ეკლესია. (XIII ს–ის I ნახ.).

ეპოქის დამახასიათებელი საფორტიფიკაციო ნაგებობებია: ძამის, სხვილოს, ვერეს, ცხირეთის ციხეები. თვალსაჩინო საინჟინრო ნაგებობაა 1199-1202 წლებში გაყვანილი სხალტბის წყალსადენი, რომელიც სასმელ წყალს აწვდიდა შიო-მღვიმის მონასტერს.

XIII საუკუნის შუა ხანებიდან საქართველოს პოლიტიკური ძლიერება ქვეითდება. ქვეყანას ჯერ მონღოლები შემოესია 1220 წელს ხოლო თემურ-ლენგის შემოსევამ საბოლოოდ გააჩანაგა ქვეყანა, რომელმაც XVI –XV საუკუნეების მიჯნაზე რვაგზის ილაშქრა საქართველოში. ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაქვეითებული ერთიანი ფეოდალური საქართველო XV საუკუნის მიწურულს დაიშალა ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და მცირე ერთეულებად, სათავადოებად, რომლებსაც საკუთარი ციხე-სიმაგრე, ეკლესია ჰქონდათ და ლაშქარი ჰყავდათ. საქართველო მოწყდა განვითარებულ ქვეყნებს, დაეცა ვაჭრობა და შემცირდა ქალაქების რაოდენობა. XVI საუკუნის II ნახევარში ოსმალეთი გაბატონდა ქართლში და მის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა სიმონ მეფე 1599 წელს, ხოლო XVII საუკუნის დიდი ხნით ირანმა დაამყარა თავის ბატონობა. XVII საუკუნის 30 წლებიდან ირანი ტახტზე გამაჰმადიანებულ ქართველ მეფეებს სვამდა. 1723-35 წლებში ქართლში ოსმალური წესები „ოსმალობა” დამყარდა, ხოლო 1735 წელს „ყიზილბაშობა”, რომელიც 1747 წლამდე გაგრძელდა. ქართლ-კახეთში აჯანყებებმა იფეთქა. განსაკუთრებით ძლიერი იყო 1743-45 წლების აჯანყება გივი ამილახვრის მეთაურობით, რომლის მთავარი დასაყრდენი ციხე სურამის ციხე იყო.

744 წელს ირანის შაჰმა ქართლის მეფედ თეიმურაზ II, ხოლო კახეთის მეფედ მისი შვილი ერეკლე II დაამტკიცა. 1762 წელს თეიმურაზის გარდაცვალებისთანავე ერეკლე II-მ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. აღმოსავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. XIV- XVIII საუკუნეებში აშენდა ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები და სათავდაცვო ნაგებობები. მნიშვნელოვანი ნაგებობებია: გორის, სურამის, ალის, ქსნის ციხეები.

1801 წელს რუსეთმა დაარღვია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი და აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის იმპერიას შეუერთა.

XIX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს სოციალურ ცხოვრებაში რიგი სასიკეთო ცვლილებები მოხდა: ქართლში გაუქმდა სათავადოები, აილეგმა ლეკთა თარეში, თუმცა ამავე დროს ხალხი ვერ ურიგდებოდა რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას და ხდებოდა აჯანყებები. რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შესახებ ხმების გავრცელების შემდგომ გლეხთა მოძრაობამ უფრო მასობრივი სახე მიიღო და სხვადასხვა ფორმით: საჩივრებით და აჯანყებით ვლინდებოდა. აღსანიშნავია 1857 წელს ამილახვრების ყმების აჯანყება, რომლებმაც უარი თქვეს გადასახადის გადახდაზე. 1860 წელს მებატონეებს ებრძოდნენ ფხვენისის, ბრეთის, ხვითის, კავთისხევის გლეხები. 1863-64 წლებში გლეხთა გამოსვლები მოხდა დრესში, დიცში, ტყვიავში, ქარელში, კეხიჯვარში.

საქართველოში შექმნილი მწვავე მდგომარეობის გამო რუსეთის მეფე ალექსანდრე II–მ 1864 წელს ხელი მოაწერა თბილისის გუბერნიის გლეხთა ყმობისაგან განთავისუფლების დებულებას. საგლეხო რეფორმის შემდეგ სოფლის მეურნეობა აღმავალი გზით ვითარდებოდა. მიმოსვლის გაუმჯობესების შემდეგ (გზის მშენებლობა) სოფლის მეურნეობის პროდუქცია ადვილად გადიოდა ბაზარზე.

მთელ საქართველოში გატარდა სასოფლო მმართველობის და საქალაქო რეფორმები. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ შექმნილმა მშვიდობიანი განვითარების პირობებმა ხელი შეუწყო ქართული ეროვნული კულტურის აღმავლობას.

XIX საუკუნის საქართველოში გაიზარდა სკოლების რიცხვი. შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო და საშუალო სპეციალური სასწავლებლები. 1881 წელს გაიხსნა ქალთა პროგიმნაზია. საქართველოში სწავლა-განათლების განვითარებას ხელი შეუწყო წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. (1879-1927 წწ).

XIX საუკუნის 60-80 წლებში ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარება განსაზღვრა „თერგდალეულთა” (ილია ჭავჭავაძე, ა.წერეთელი) მოღვაწეობამ. ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის იდეური მეთური იყო ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. საგურამოს ილიასეულ კარმიდამოში ყოველწლიურად ტარდებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა „ილიაობა”, რომელიც განმსჭვალული იყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთებით. რეგიონში განსაკუთრებით ფართო გაქანება ჰპოვა ხალხოსანთა მოძრაობამ, რომელსაც 1873 წელს გორში რუსეთიდან ახლად ჩამოსულმა სოფრომ მგალობლიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. ხალხოსნები ავრცელებდნენ განმანათლებლურ, პოლიტიკურ ლიტერატურას და პროკლამაციებს.

XX საუკუნის დასაწყისში მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ხაშურში შეიქმნა სახალხო თეატრი. ქართული წიგნები იბეჭდებოდა გორში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქართული სკოლები გახსნა საგურამოში (1909 წ.), ატენში (1912 წ.). გაიხსნა ვაჟთა გიმნაზია, (1915 წ.) გორში პირველად გამოვიდა ქართული გაზეთი „ქართლი” (1912-1913 წწ.) ისტორიული მიმოხილვა ცხადყოფს რეგიონის უდიდეს როლს საქართველოს ისტორიაში უძველესი დროიდან დღემდე.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები