ხევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხევი — კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთი ძველი ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულია მდ. თერგის ხეობის ზემო წელში. ხევი იწყება ჯვრის უღელტეხილიდან, რომელიც ზღვის დონიდან 2.395 მ. სიმაღლეზე მდებარეობს და რომელიც მას მთიულეთისაგან გამოჰყოფს და მთავრდება დარიალში.

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევი ყაზბეგის რაიონს მოიცავს. თუმცა ყაზბეგის რაიონში შედის აგრეთვე მომიჯნავე მთიულეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის გარკვეული ნაწილიც, მაგალითად, ცნობილი სამთო კურორტი გუდაური. 1439 წლის „გერგეტის მატიანეში” მოცემულია ხევის ზუსტი და ლაკონიური ისტორიულ-გეოგრაფიული განსაზღვრა: შევიყარენით ჴევი ჴეობით – კობით გუელეთამდე”. ჩრდილოეთიდან ხევს რუსეთის ფედერაცია (ოსეთი და ინგუშეთი) ესაზღვრება, სამხრეთიდან – მთიულეთი და გუდამაყარი, აღმოსავლეთიდან – ხევსურეთი; დასავლეთიდან ხევს თერგისავე ხეობაში მდებარე მცირე ეთნოგრაფიული ერთეული თრუსო ესაზღვრება, საიდანაც დვალეთის „ქვეყანაშია” გადასასვლელი.

ხევს, თავისი მდებარეობის გამო საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სტრატეგიული დანიშნულება. ხევით ხდებოდა ძირითადად საქართველოს დაკავშირება ჩრდილოეთით მცხოვრებ ხალხებთან. თავისი საკომუნიკაციო და სტრატეგიული დანიშნულების გამო იყო, ალბათ, რომ ხევი სოციალურად უფრო განვითარებული და დაწინაურებული იყო, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეები.

წყაროებით აშკარაა, რომ თერგის ხეობა თავის დროზე ქართველი მთიელებით – წანარებით იყო დასახლებული, რომლებმაც შემდეგ დიდი როლი ითამაშეს VIII-IX საუკუნეებში კახეთის სამთავროს წარმოქმნაში. მთიელი წანარების კახეთში გადასახლების შემდეგ, მათი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი ისტორიის სარბიელიდან გაქრა. თერგის ხეობის ზემო წელი მოსახლეობისაგან თითქმის თავისუფალი გახდა. ისტორიული წანარეთის დიდ ნაწილს სახელი ეცვლება და ხევად იწოდება. „მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ში ნახმარია ტერმინი „წანარეთისა ჴევსა”. დროთა განმავლობაში „წანარეთის ჴევი”-დან „წანარეთი” დაიკარგა და მივიღეთ “ხევი”.

ხევი სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. მხოლოდ XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან იყო არაგვის ერისთავების გამგებლობაში. მოხევეთა ძირითადი ფუნქცია საქართველოს ძირითადი ჭიშკრის – დარიალის დაცვა იყო. ვარგისი მიწის სიმცირემ და სიმწირემ ხევში მეურნეობის წამყვან დარგად მეცხოველეობა, განსაკუთრებით კი მეცხვარეობა აქცია. მიუთითებენ, რომ ხევში მეცხვარეობამ მთა-ბარული ხასიათი მხოლოდ XIX საუკუნის შუახანებიდან შეიძინა.

სარჩევი

ტრადიციები

ხევს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ერთი ტრადიცია გააჩნდა. ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იცოდნენ სამრისხველო და ძმობის სამანის ჩასმა. ეს ტრადიცია ხევშიც მოქმედებდა, მაგრამ აქ, სხვათაგან განსხვავებით, „სამწყალობნო სამანის” ჩასმაც სცოდნიათ – მას სახელოვან ადამიანებს უსვამდნენ. მაგალითად, სამწყალობნო სამანი ჩაუსვამთ სოფელ არშის მინდორში, წმიდა მარიამის ხატთან ფიდო სულიაურისათვის, რომელსაც ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოუჩენია თავი. სცოდნიათ უზნეო ქალის სახედარზე უკუღმა შესმა.

მოხევური სახლი

მოხეური სახლი წარმოადგენს ორსართულიან, მშრალი ქვით ნაგებ შენობას, რომლის პირველი სართული განკუთვნილია ბოსლისათვის, მეორე – ადამიანის საცხოვრებლად. ხევში კოშკიანი საცხოვრებელი კომპლექსი კოშკისა და ციხე-სახლის, ან კოშკისა და მიწურბანიანი საცხოვრებელი სახლის სახითაა წარმოდგენილი. ციხე-სახლის პირველი სართულის უკანა მხარე (ქოითაი) იყო ცხენების, ხარების, მოზვრების და ცხვრების სადგომი, წინა მხარეში კი ძროხებს აყენებდნენ. ციხე-სახლის მეორე სართულზე (შუასახლი) ოჯახი ცხოვრობდა, რომლის წინა ნახევარში კერა იყო გამართული. ჭერში ხორცის საკიდები (კარჩხი) ყოფილა ჩამობმული. ციხე-სახლის მესამე სართული (ზაითაი) თავდაცვით და საცხოვრებელ ფუნქციებს აერთიანებდა. სართულები ერთმანეთთან საძრომით (ერდო) იყო დაკავშირებული. სართულების გასანათებლად კედლებში რამდენიმე ვიწრო სარკმელი ჰქონდა, მეორე და მესამე სართულებზე – სათოფური ხვრელები. ხევში სახლის მშენებლობის დროს დიდი იყო ურთიერთდახმარების ტრადიცია. ამ დროს „საქონით” დახმარებას „ულამი” ერქვა, ხოლო უსაქონლოდ დახმარებას – „მუშანი”.

მოხევური სამზარეულო

ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, ხევშიც ხინკალი პოპულარული საჭმელი იყო (ხორცის გულს მხოლოდ ხახვით, ნივრით და ძირათი შეაზავებდნენ), მაგრამ აქ იცოდნენ „ხორცოვანების” გაკეთებაც; ის ხინკალივით კეთდებოდა, მაგრამ კი არ ხარშავდნენ, არამედ აცხობდნენ. ხევში ხინკალს არა მხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც აკეთებდნენ. მამაკაცები განსაკუთრებით ცომის მოზელვაში იყვნენ აქტიურები, რადგან ეს პროცესი დიდ ენერგიას მოითხოვდა. მეცხვარეებს დიდი ზომის ხინკლის, ე. წ. „მეცხორული ხინკლის” გაკეთება სცოდნიათ. ცხვრისა და საქონლის ხორცთან ერთად მოხევეები ჯიხვის ხინკალსაც აკეთებდნენ. მოხევეები ამზადებდნენ ერბოსა და ყველსაც. ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, ხევშიც დღეობების დროს იცოდნენ არყის გამოხდა.


წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები