გუდამაყარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუდამაყარი

გუდამაყარი — აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. გუდამაყარი მდებარეობს შავი არაგვის ხეობაში. ეს ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი, მართალია, ხშირად მთიულეთთან ერთად ერთ კონტექსტში მოიხსენიება („მთიულეთ-გუდამაყარი“) და ეთნოგრაფიულად გუდამაყარს ბევრი რამ აქვს საერთო მთიულეთთან, მაგრამ მაინც გუდამაყარი ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. გუდამაყარს საზღვარი აქვს მთიულეთთან, ხევთან, ხევსურეთთან და ფშავთან.

გუდამაყარი რომ ცალკე ეთნოგრაფიული რეგიონი იყო და რომ ის მთიულეთთან ერთად ერთ ეთნოგრაფიულ ერთეულს არ ქმნიდა, ეს ჩანს იქიდანაც, რომ გუდამაყრელები არ ეყმობოდნენ საერთო მთიულურ სალოცავს – „ლომისა”. გუდამაყრელების საერთო სალოცავი „პირიმზე ფუძის ანგელოზი” იყო.

გუდამაყრის დღევანდელი მოსახლეობის უმეტესობა ხევსურეთიდანაა მიგრირებული. ადრინდელი მოსახლეობა რამდენჯერმე შეცვლილა. ისინი ბარში გადასახლებულან. ხევსურეთიდან გუდამაყარში მოსახლეობის მიგრაციამდე, გუდამაყრის მოსახლეობის მთავარი სალოცავი „საბურთველოს წმინდა გიორგი” იყო. აქ ხდებოდა საერთო გუდამაყრული თავყრილობები. მხოლოდ გუდამაყრისათვის იყო დამახასიათებელი ე. წ. „უყმო ყმის” ინსტიტუტი. „პირიმზე ფუძის ანგელოზი” წიკლაურ-ბექაურთა საგვარეულო სალოცავი იყო. მაგრამ, როგორც ძლიერ სალოცავს, მას გუდამაყრის სხვა გვარები (ჩოხელები, აფციაურები, ანთაურები) ეყმობოდნენ როგორც „უყმო ყმანი”. ხევისბერი აქ ასე ილოცება: „გაუმარჯოს პირიმზე ფუძის ანგელოზსა, ყმათა და უყმოთ მშველელსა”. ანალოგიური რელიგიური ინსტიტუტი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეებისათვის დამახასიათებელი არ იყო. ყველა ეთნოგრაფიული მასალით, გუდამაყრის ცენტრალური სალოცავი „პირიმზე ფუძის ანგელოზი” ხევსურეთიდან მიგრირებული წიკლაურებისა და ბექაურების გადმოტანილია.

მეურნეობა

გუდამაყარში განვითარებული იყო მესაქონლეობა, მეცხვარეობა და მთის მიწათმოქმედება. 1827 წელს მთიულეთისა და გუდამაყრის შესახებ ნ. ჭილაშვილი წერდა, რომ ამ მხარის მიწები არც თუ ისე ნაყოფიერია. ხნავენ კავში შებმული ორი ან სამი უღელი ხარით, მოჰყავთ ხორბალი, ქერი და ფეტვი, რომლის უკმარისობის გამო პურეულს ყოველწლიურად ყიდულობენ ბარში. ზამთრობით ცხვარს მიერეკებიან თბილისის მიდამოებში და სხვა ადგილებში, ხოლო ზაფხულობით აბალახებენ თავიანთ მთებში. ყიდიან ყველს, ერბოს, მატყლს და ცხვრის ტყავს. ამზადებენ მატყლის უხეშ ქსოვილს, თელავენ ნაბადს. აქ მოდის კანაფიც, რომლისგანაც თოკს გრეხენ.

გუდამაყრელები, მთიულებთან ერთად, დახელოვნებული იყვნენ ყანწების კეთებაში. ისინი ყანწს „ჯიხვს” უწოდებდნენ. როცა ხარს ან მოზვერს დაკლავდნენ, რქებს ცულით აჭრიდნენ. საყანწე რქას საგულდაგულოდ არჩევდნენ, ის უნდა ყოფილიყო მაგარი, ლამაზი ფერისა. მოჭრილ რქას მზეზე აშრობდნენ და შემდეგ ნუნას წააძრობდნენ. ამის შემდეგ რქას მდუღარე წყალში ალბობდნენ. დარბილების შემდეგ მას ჯერ ცულით, შემდეგ დანით ან შუბის ნატეხით თლიდნენ, შიგნიდან კი გრძელწვერიანი დანით ამოფხეკდნენ.

ეწმენა-წარმოდგენები

ისევე როგორც საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, გუდამაყარშიც ასრულებდნენ მთელ რიგ რიტუალებს, რომელიც თავისი არსით ქრისტიანობამდელია. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ბებერაის რიტუალი (ის იცოდნენ მთიულეთშიც). მას იფნის ხის მორზე ან ტოტზე მხედრულად გადამჯდარი ვაჟი ასახიერებდა. რიტუალს ხალხის რწმენით გუდამაყრელებისათვის ღალიანობა, პურიანობა და წულიანობა მოჰქონდა. ამ წესის შესრულება ახალი წლის წინა საღამოს იცოდნენ. ოჯახის უფროსი მამაკაცი, ბებერაზე გადამჯდარი შინ შედიოდა და დაილოცებოდა, შემდეგ შუაცეცხლთან მისული ბებერას კერაში ჩაურთავდა.

ქართველ მთიელებში რომ მიწათმოქმედება მეორეხარისხოვანი არ იყო, ამას გუდამაყარში (აგრეთვე მთიულეთსა და ხევში) გავრცელებული ერთი წეს-ჩვეულებაც ადასტურებს, კერძოდ, ოჯახის გაყრის დროს, ვარცლი დიასახლისის უფლებებში რჩებოდა, აგრეთვე ოჯახის ფეხმძიმე ქალისათვის იმ რაოდენობის წმინდა (ხორბალი) უნდა მიეცათ, რასაც პირამდე გავსებული ვარცლი დაიტევდა. ამ წესის შესრულების დროს ვარცლს მხოლოდ დიასახლისი შეეხებოდა. აქვე გავრცელებული რწმენა-წარმოდგენებით, გაბზარული ან ჩამოვარდნილი ვარცლი დიასახლისის სიკვდილს მოასწავებდა.

გუდამაყარში, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, იცოდნენ ბავშვის „ხატში გარევა”. ერთი წლის შესრულების შემდეგ ვაჟი მიჰყავდათ სალოცავში, თან საკლავსაც (ცხვარი) წაიყოლებდნენ და მას ბავშვის სახელზე შესწირავდნენ. საკლავს დეკანოზი კლავდა, შესაწირი ცხოველის სისხლს კი „ხატში გარეულს” შუბლზე უსვამდა, ჯვარს გამოსახავდა.

თიბვის წინ საღმრთო-სამთიბლოს იხდიდნენ. შაბათ-კვირას მინდორზე შეკრებილი ხალხი კლავდა ციკანს და ბატკანს

წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები