საბრძოლო პოტენციალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო პოტენციალი – იმ მატერიალური და სულიერი ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ შეიარაღებული ძალების მდგომარეობას და უნარს, შეასრულონ მათ წინაშე მდგარი ამოცანები, აწარმოონ საბრძოლო მოქმედება, შეიარაღებული ბრძოლა; სამხედრო პოტენციალის უშუალო რეალიზაციის საშუალება და ფორმა.

საბრძოლო პოტენციალის მატერიალური საფუძველია პირადი შემადგენლობის რაოდენობა და ჯარების ტექნიკური აღჭურვილობა. მისი საბრძოლო გამოყენების ეფექტიანობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადება. მათ მაღალ პროფესიონალიზმს ქმნის სამხედრო მოსამსახურეების მხედრული ოსტატობა, ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების საბრძოლო ურთიერთქმედება, ჯარების (ძალების) მტკიცე მართვა. ეს თვისებები ყალიბდება და იხვეწება საბრძოლო მომზადების პროცესში.

საბრძოლო პოტენციალის კიდევ ერთი კომპონენტია არმიის მორალური სულისკვეთება, რომელსაც განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის მზადყოფნა და უნარი, გადაიტანოს ომის სიმძიმე და სიდუხჭირე და შეინარჩუნოს გამარჯვებისკენ სწრაფვა.

ტექნიკური აღჭურვილობა, მხედრული ოსტატობა და მორალური სულისკვეთება საბრძოლო პოტენციალში ერთიანდება შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული ორგანიზებულობის მეშვეობით. შეიარაღებული ძალების საბრძოლო საქმიანობის ოპტიმიზაციას ემსახურება სამხედრო მეცნიერება, რომელიც შეიმუშავებს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების და საბრძოლო გამოყენების ყველაზე ეფექტიან გზებსა და მეთოდებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები