სალივანი ჰარი სტეკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სალივანი ჰარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალივანი ჰარი სტეკ

სალივანი ჰარი სტეკ - Sullivan Harry Stack, Салливан Гарри, 1892–1949

ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, ნეოფროიდიზმის ერთერთი ლიდერი (კ. ჰორნისთან ერთად), ინტერპერსონალური ფსიქიატრიის შემქმნელი, ნაწილობრივ - ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი. ჩიკაგოში სამედიცინო განათლების მიღების მერე გაიარა კლასიკური ფსიქოანალიზის კურსები. 1930-იან წლებამდე ძირითადად კლინიკურ და კერძო პრაქტიკას ეწეოდა. ამ ხანებში ფსიქოთერაპია ფსიქოზების, სახელდობრ შიზოფრენიის მკურნალობაზე გაავრცელა. შემდგომში მეტ ყურადღებას თეორიული კვლევას და პედაგოგიურ მოღვაწეობას უთმობდა. აქტიურად მონაწილეობდა ვაშინგტონის ფსიქიატრიული სკოლის დაარსებაში (1936) და იყო მისი პროფესორი. დააარსა და რედაქტორობდა ჟურნალს „ფსიქიატრია” (1937). მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომში ცდილობდა, გამოეყენებინა თავისი მეცნიერული შეხედულებები სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური თუ ეთნიკური პრობლემების გადაწყვეტაში, მიაჩნდა რა, რომ იზოლირებული და პოლიტიზირებული ადამიანების ქცევის საფუძველში ძევს შიში, რომელთანაც გამკლავება ფსიქოლოგიას და ფსიქიატრიას შეუძლია. ამ რწმენით, იგი წარმოადგენდა აშშ-ს „იუნესკოში” სხვადასხვა პროექტის მომზადებისას. სიცოცხლეში სალივანმა ერთადერთი წიგნი გამოსცა: „თანამედროვე ფსიქიატრიის კონცეფციები” (1947). სალივანის სხვა წიგნები გამოქვეყნეს მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა.

სოციალური გარემო, რომელსაც სალივანი თავის კლინიკაში ქმნიდა, საოცარ თერაპიულ ეფექტებს იწვევდა. საამისოდ მთავარი იყო პერსონალის სპეციალური შერჩევა და ტრენინგი, პაციენტების თანაცხოვრების ყველა ნიუანსის გათვალისწინება და ფსიქოთერაპიული სეანსების დროს თვით სალივანის გამორჩეული ემპათიის უნარი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სალივანის წარმატებები შიზოფრენიის მკურნალობის საქმეში. სალივანმა ამ მიმართულებით გააფართოვა ფსიქოანალიზი. მან პირველმა გაავრცელა ფსიქოანალიზური მიდგომა ფსიქოზებზე. ზ. ფროიდს ფსიქოზები მიაჩნდა კონფლიქტად სუბიექტსა და გარესამყაროს შორის, რის შედეგადაც ადამიანი გარემოსაგან პირს იბრუნებს; ნევროზი კი შიდაფსიქიკურ აშლილობად მიაჩნდა, რამდენადაც პიროვნების სტრუქტურებს შორის კონფლიქტის შედეგია. სალივანის აზრით, ფსიქოზიც და ნევროზიც ინდივიდსა და მის სოციალურ გარემოს შორის კონფლიქტის შედეგია. შიდაფსიქიკური კონფლიქტები თავდაპირველად პიროვნებათშორისი კონფლიქტებია და განვითარების პროცესში პიროვნულ სტრუქტურებში ინტერნალიზდება {ინტერნალიზაცია}. თავის მიზანს სალივანი იმაში ხედავდა, რომ შიზოფრენიით დაავადებულს თვითდამკვიდრებაში დახმარებოდა, სოციალურ გარემოცვაში ჰარმონიულად „ჩაწერაში” {სოციალურად ორიენტირებული ფსიქოანალიზი}. ამ დაავადებისას რეალურ ცხოვრებასთან შეგუებისთვის საჭირო ფუნქციები არ არის მოშლილი და სამუდამოდ დაკარგული; ისინი მხოლოდ დათრგუნულია, ხოლო დათრგუნვა ინდივიდისთვის რეალობისაგან გაქცევის საშუალებაა {ფსიქოლოგიური თავდაცვა}. მიზანია ავადმყოფის შემობრუნება სოციალური რეალობისკენ და დათრგუნულობის მოხსნა.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები