ფსიქოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოზი - ტერმინი „ფსიქოზი“ შემოთავაზებული იყო ფოიხტერსლებენის მიერ, რომელმაც 1845 წელს გამოსცა წიგნი სათაურით „სამედიცინო ფსიქოლოგიის პრინციპები“. ავტორს შემოაქვს ტერმინი „ფსიქოზი“ მძიმე ფსიქიკური აშლილობების აღსანიშნავად. მან, აგრეთვე, შემოიღო ტერმინი „ნევროზი“ ზოგადად ფსიქიკური აშლილობებისთვის. ის წერდა: „ყველა ფსიქოზი არის იმავდროულად ნევროზი, მაგრამ ყველა ნევროზი არ არის ფსიქოზი“ (Hunter and MacAlpine, 1963, გვ. 950). ნევროზის ცნების შევიწროებასთან ერთად, ფსიქოზები აღარ განიხილებოდა ნევროზების ქვეჯგუფებად და დამოუკიდებელი დაავადების სტატუსი შეიძინა. მრავალი სირთულე, რომელიც დღეს „ფსიქოზისა“ და „ნევროზის“ განსაზღვრებას უკავშირდება, სწორედ აქედან მომდინარეობს.

თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი „ფსიქოზი“ აღნიშნავს მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს და მოიცავს შიზოფრენიას და ზოგიერთ ორგანულ და აფექტურ აშლილობას. უამრავი კრიტერიუმი იქნა შემოთავაზებული უფრო ზუსტი განსაზღვრების ფორმულირების მიზნით, მაგრამ ყველა მათგანს გარკვეული პრობლემები უკავშირდება. საერთო აზრის თანახმად, კრიტერიუმად, დაავადების სიმძიმე უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ „ფსიქოზის“ კატეგორიაში შემავალი ზოგიერთი შემთხვევა შედარებით მსუბუქია (ხოლო ზოგიერთი ნევროზი მძიმეა და დამაუძლურებელი). ხშირად კრიტერიუმად ინსაითის ნაკლებობას იყენებენ, მაგრამ თავად „ინსაითის“ განსაზღვრა საკამაოდ რთულია რამდენადმე ზუსტი კრიტერიუმია სუბიექტური გამოცდილებისა და ობიექტური რეალობის ერთმანეთისგან გარჩევის უუნარობა, რაც ჰალუცინაციისა და ბოდვის დროს გვხვდება. გარდა იმისა, რომ ამ ტერმინების სრულყოფილ განსაზღვრას პრობლემები უკავშირდება (ICD-10 თავს არიდებს „ბოდვის“ განსაზღვრას), იარლიყი „ფსიქოზი“ არადამაკმაყოფილებელია, რადგან დაავადებებს, რომლებსაც ეს ტერმინი მოიცავს, ცოტა რამ აქვთ საერთო და, ჩვეულებრივ, უფრო ინფორმატულია კონკრეტული აშლილობის კლასიფიკაცია. ამ მიზეზების გამო, განსხვავება ნევროზსა და ფსიქოზს შორის, რომელიც წარმოადგენდა ფუნდამენტურ მაორგანიზებელ პრინციპს (ICD-9-მდე), უარყოფილ იქნა ICD-ის და DSM-ის ამჟამინდელ კლასიფიკაციებში.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოზმა დაკარგა კლასიფიკატორის მნიშვნელობა, იგი დღემდე მოხერხებული ტერმინია იმ აშლილობების აღსანიშნავად, რომლებიც ჩვეულებრივ მძიმეა და ხასიათდება ბოდვით, ჰალუცინაციებით და უჩვეულო ან უცნაური ქცევით. ამ ტერმინის გამოყენება განსაკუთრებით მაშინაა მოსახერხებელი, როცა უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ზედსართავის ფორმით ის, აგრეთვე, შემორჩენილია ICD-10-სა და DSM-IV-ის კატეგორიებში, როგორიცაა „დაუდგენელი სახის ფსიქოზური აშლილობები“, ან კიდევ ისეთ აღწერით ტერმინებში, როგორებიცაა „ფსიქოზური სიმპტომი“ და „ანტიფსიქოზური მედიკამენტები“.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები