სანების ჯვარის მკადრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანების ჯვარის მკადრე − ერთხელ სანების ჯვარიონი ღილღველთა (ინგუშთა) სოფელს, ხამხას ესტუმრა. ჯვარი კიდობანში იყო დასვენებული და, როცა კიდობანი თავის საბრძანისზე დააბრძანეს, ღილღველები უპატიოდ მოექცნენ, რაღაც აწყენინეს სანების ჯვარს მის საბრძანისთან. გაწყრა ჯვარი და კიდობნიდან ამოხტა, და შემაღლებულზე დაჯდა. მოჰკრეს თვალი ღილღველებმა და შეშინდნენ, და მუხლმოყრით პატიება სთხოვეს, მაგრამ სანება ძალიან გამწყრალი იყო და აღარ გაჩერდა ხამხას. უკან გაბრუნდა და გაყვნენ მკადრეც და დასტურებიც.

დაადგნენ ხევსურეთის გზას, წინ ჯვარი მიდიოდა, უკან ჯვარიონი მიჰყვებოდა. ნეთხის კარს (სოფელია ღილღოში) რომ მივიდნენ, იქ ერთი ლამაზი ღილღველი ქალი შემოხვდა ჯვარიონს. ისეთი ლამაზი ქალი ყოფილა, რომ მეორე მისი მსგავსი არ იქნებოდა. მკადრე არ იყო ხნიერი კაცი და ამ ქალზე გულში რაღაც გაუფიქრებია. სანება გულთამხილავია და მიხვდა, ჩემმა მკადრემ ცუდი რაღაც იფიქრა ქალზეო. როგორ იკადრა, როცა მე წინ მიუძღვებოდიო, და გაუწყრა მკადრეს, გაუუჩინარდა. ჯვარიონის ხალხსაც გაუქრა თვალიდან. ბევრი ემუდარეს, წყალობა და მადლი მოსთხოვეს, მაგრამ სანების ჯვარმა გული მაინც არ მოიბრუნა და არ ახილვინა თავი. თუ გამოჩნდებოდა, ახლოს არ იკარებდა მათ. ხანდახან შორით მოჰკრავდნენ თვალს და უკან მიჰყვებოდნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები