საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკნომიკური ურთიერთობანი გერმანიასთან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი გერმანიასთან - საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთიერთობებს გერმანიასთან საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე. 1918 წლის 28 მაისს ფოთშიგაფორმდა „დროებითი შეთანხმება საქართველოსა და გერმანიას შორის წინასწარი ურთიერთდამოკიდებულების დამყარების შესახებ“. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ეკონომიკურ საკითხებზე:

1) სამხედრო დანიშნულების ტვირთები გერმანიიდან საქართველოში უბაჟოდ უნდა შემოეტანათ; 2) ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმოქცევაში მყოფი ამიერკავკასიის კომისარიატის ბონების პარალელურად უნდა დაეშვათ მარკა, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება; 3) საქართველოს მთავრობის მოწვევის შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში შემოსული გერმანული ჯარის სურსათით უზრუნველყოფაში დახმარება უნდა გაეწია ქართულ მხარეს; 4) საქართველოში მოქმედ გერმანიის სახელმწიფო კომისიას ადგილობრივი სურსათი ნაღდ ფულზე უნდა შეეძინა და სხვ.

საქართველოს მთავრობა ცდილობდა, ახლო მომავალში შემოეღო სტაბილური კურსის მქონე ეროვნული ვალუტა. ვინაიდან პოლიტიკური ორიენტაცია მათ აღებული ჰქონდათ გერმანიაზე, გადაწყდა, რომ ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებოდნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებას. ამ მიზნით, 1918 წლის ივნისში ბერლინში ჩავიდა სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ნ. ნიკოლაძე, ა. ჩხენკელი, ზ. ავალიშვილი და სხვ. მათ ეკონომიკური შეთანხმებები დადეს გერმანიის სამინისტროებთან, ფირმებთან და ბანკებთან. 15 აგვისტოს გერმანიის უმსხვილეს ბანკებთან გააფორმეს ფინანსური შეთანხმება საქართველოსათვის სესხის გამოყოფის თაობაზე. ამ შეთანხმებათა განხორციელება ვერ მოხერხდა I მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების გამო. საქართველოს მთავრობას გააზრებული ჰქონდა, რომ გერმანელებს საკუთარი მიზნები ამოძრავებდათ და ის დახმარებაც, რომელიც მათ ჩვენს ქვეყანას გაუწიეს, მათივე სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარეობდა. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის ოფიციოზი მიუთითებდა: „მიამიტობა იქნებოდა მოლოდინი იმისა, რომ თითქოს გერმანია უანგაროდ დაუჭერს მხარს ქართველ სოციალ-დემოკრატიას... გერმანელები საქართველოში მოვიდნენ არა სოციალ-დემოკრატების ან ნაციონალ-დემოკრატების გულისათვის, არამედ, მარგანეცის, სპილენძის, ხე-ტყისა და ქვეყნის სხვა ბუნებრივი სიმდიდრის გულისთვის“. მიუხედავად ამისა, საქართველოს მესვეურნი დადებითად აფასებდნენ გერმანიასთან კავშირს. ნ. ჟორდანიას აზრით, საქართველოს სუვერენულ უფლებათა პატივისცემისა და შინაურ საქმეებში ჩაურევლობის „დაუვიწყარი მაგალითი მოგვცა გერმანიის ჯარების სარდლობამ. ჩვენ - სოციალისტები და დემოკრატები, ისინი - მონარქისტები, აზნაურები. განსხვავება პოლიტიკური და იდეოლოგიური იყო დიდი. მიუხედავად ამისა, ჩვენი ურთიერთშორის დამოკიდებულება იყო ლოიალური, მეგობრული, გულწრფელი“. კ. კანდელაკი აღნიშნავდა, რომ გერმანელთა „გეგმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებისათვის ძალიან ფართე იყო და ყოველმხრივი. იგი შეეხებოდა, როგორც ფინანსიურ, ისე საერთო ეკონომიურ მხარეებს ჩვენი სახალხო მეურნეობისას, ფულის საკითხის მოწესრიგებით დაწყებული... თუ გერმანელებმა ჩვენთან შემოსვლით და აქ ყოფნით იმ დროს რითიმე ისარგებლეს, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ყველაფრის ანგარიში რიგიანად გაასწორეს. სხვათა შორის, რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით თავიდანვე დაწესებული პარიტეტი ჩვენი ფულის და გერმანულ მარკას შორის მათი ჩვენში ყოფნის დროს არ შეუცვლიათ“.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • გერმანელი ოკუპანტები საქართველოში 1918 წელს, დოკუმენტებისა და მასალების კრებული, შეადგინა და დასაბეჭდად მოამზადა მ. გაბრიჩიძემ, თბ., 1942; ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, I, თბ., 1990;
  • კ. კანდელაკი, საქართველოს ეროვნული მეურნეობა, წიგნი II, დამოუკიდებელი საქართველო. მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, პარიზი, 1960;
  • ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული, თბ., 1990;
  • ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, თბ., 1996.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები