ფოთის შეთანხმება 1918

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოთის შეთანხმება (1918) - „დროებითი შეთანხმება საქართველოსა და გერმანიას შორის წინასწარი ურთიერთდამოკიდებულების დამყარების შესახებ“, რომელიც გაფორმდა 1918 წლის 28 მაისს ქალაქ ფოთში. ხელი მოაწერეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აკაკი ჩხენკელმა და გერმანიის იმპერიის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა ფონ ლოსოვმა.

ამ შეთანხმებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ცნო 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო გერმანიას, მის მოკავშირე ქვეყნებს (ავსტრია-უნგრეთი, ოსმალეთი, ბულგარეთი) და საბჭოთა რუსეთს შორის. საქართველოს მთავრობა ნებას რთავდა გერმანიას და მის მოკავშირე ქვეყნებს, იმხანად მიმდინარე მსოფლიო ომის პერიოდში ესარგებლათ საქართველოს რკინიგზებით სამხედრო ძალის გადასაყვანად და ტექნიკის გადასაზიდად. ამ საკითხის რეგულირების მიზნით, თბილისში უნდა შექმნილიყო გერმანიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების სამხედრო კომისია გერმანიის ხელმძღვანელობით. საქართველოს რკინიგზის სადგურები და ფოთის ნავსადგური უნდა გაეკონტროლებინათ გერმანელ კომენდანტებს და დაცვას. ბერლინში უნდა დაფუძნებულიყო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ხოლო თბილისში - გერმანიისა. გერმანიის მთავრობას უფლება ეძლეოდა, თავისი დიპლომატიური წარმომადგენელი, გარდა თბილისისა, საქართველოს სხვა ქალაქშიც დაენიშნა. ეს წინასწარი შეთანხმება ძალაში შედიოდა ხელმოწერისთანავე.

ფოთის შეთანხმების უშუალო მონაწილის, მეცნიერისა და დიპლომატის, ზ. ავალიშვილის აზრით, ამ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო გერმანიის საიმპერიო მთავრობის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობა დე ფაქტო და მიმდინარე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოს რკინიგზაზე გერმანიის სამხედრო კონტროლის დაწესება. ფოთში ხელი მოეწერა რამდენიმე კონვენციასაც, რომელთა შორისაც იყო:

  • 1) სამხედრო ტყვეთა გაცვლის შესახებ;
  • 2) გერმანიიდან საქართველოში სამხედრო დანიშნულების ტვირთების უბაჟოდ შემოტანის შესახებ;
  • 3) საქართველოს ტერიტორიაზე იმხანად მიმოქცევაში არსებულ ადგილობრივი ფულის ნიშნებთან (ამიერკავკასიის კომისარიატის ბონებთან) ერთად, გერმანიის იმპერიის ფულის ნიშნების, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალების, ბრუნვაში დაშვების შესახებ;
  • 4) საქართველოს მთავრობის მიერ მის ტერიტორიაზე მყოფი გერმანული ჯარის სურსათით უზრუნველყოფაში დახმარების შესახებ;
  • 5) საქართველოში მოქმედი გერმანიის სახელმწიფო კომისიის მიერ სურსათის ნაღდ ფულზე შეძენის შესახებ და სხვ.

ფოთში ხელმოწერილი შეთანხმება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დადებული პირველი საერთაშორისო შეთანხმება. მართალია, მისი არაერთი პუნქტი უფრო ხელსაყრელი იყო გერმანიისათვის, მაგრამ ეს დათმობანი აიხსნება გერმანიის იმ უდიდესი დახმარების კომპენსირებით, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ახლად აღდგენილმა სახელმწიფომ თავიდან აიცილა ოსმალეთის ოკუპაციის სავსებით რეალური საფრთხე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი წერდა: „თუ გერმანელებმა ჩვენთან შემოსვლით და აქ ყოფნით იმ დროს რითიმე ისარგებლეს, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ყველაფრის ანგარიში რიგიანად გაასწორეს. სხვათა შორის, რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით თავიდანვე დაწესებული პარიტეტი ჩვენი ფულის და გერმანულ მარკას შორის მათი ჩვენში ყოფნის დროს არ შეუცვლითა და მთელ თავის ხარჯების დასაფარავ ვალუტას მხოლოდ სახელმწიფო საკრედიტო დაწესებულებათა საშუალებით ახურდავებდნენ“.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბ., 1990;
  • კ. კანდელაკი, საქართველოს ეროვნული მეურნეობა, II, დამოუკიდებელი საქართველო, მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, პარიზი, 1960;
  • ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, თბ., 1996.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები