საყვარელიძე მარინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარინა საყვარელიძე

საყვარელიძე მარინა − Sakvarelidze Marina, Марина Сакварелидзе 1926-2013

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1953), დოქტორი (1972). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა დ. უზნაძის ხელმძღვანელობით. გაიარა სტაჟირება მოსკოვის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკად. ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიულ ინსტიტუტში. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1972-1986 წლებში ხელმძღვანეობდა პათოფსიქოლოგიის განყოფილებას.

მ. საყვარელიძის კვლევის ძირითადი მიმართულებებია პათოფსიქოლოგია, ფსიქოფიზიოლოგია და განწყობის ფსიქოლოგია. მისი საკანდიდატო დისერტაცია თავის ტვინის სისტემური მოქმედების დარღვევის ფსიქოპათოლოგიას მიეძღვნა. ავტორი ამოდიოდა იმ მეთოდოლოგიური პოზიციიდან, რომ კვლევა ცალკეული ფსიქიკური ფუნქციებიდან კი არ უნდა დაიწყოს, როგორც ამას ფსიქომორფოლოგიურ თვალსაზრისზე მდგომი პათოფსიქოლოგია აკეთებდა, არამედ ისეთი მოვლენიდან, რომელიც ქცევის ფსიქოლოგიური პირობაა, პირობა, რომელიც ცალკეული ფსიქიკური ფუნქციების გაერთიანებულ მოქმედებაში იჩენს თავს. ასეთ ფსიქოლოგიურ ცნებად დ. უზნაძის მიერ განსაზღვრული განწყობა იქნა მიჩნეული {განწყობის პათოფსიქოლოგია}. კონკრეტულად შეისწავლებოდა შუბლისწილის დაზიანების მქონე ავადმყოფების ფიქსირებული განწყობის მახასიათებლები. გაირკვა, რომ ავადმყოფთა უმრავლესობის ფიქსირებული განწყობის დინამიკის ტიპის თავისებურებანი განსხვავდება ჯანსაღი ადამიანების ტიპებისგან. ეს თავისებურებანი (ადვილი აგზნებადობა, სტატიკურობა, სიტლანქე, ლოკალურობა, სტაბილური და კონსტანტური ხასიათი) განსხვავდება როგორც თავის ტვინის სხვა უბნების (თხემ-კეფის, საფეთქლის დიფერენციალური მიდამოების) დაზიანების დროს დადასტურებული განწყობის ტიპებისაგან, ისე სხვა ფსიქიკური აშლილობებისთვის დამახასიათებელი ტიპებისგან (ფსიქასთენია, ისტერია).

ფსიქოპათოლოგიური კვლევა მ. საყვარელიძემ დაიწყო ერთერთი უმნიშვნელოვანესი თემის, ბოდვითი მდგომარეობის შესწავლით. აქ მთავარ საკითხად გამოიკვეთა ბოდვის „გამოუსწორებლობა”, ანუ ის, რომ ბოდვითი იდეები მტკიცე და ურყევია, არ ემორჩილება არავითარ კორექციას. ავტორმა ექსპერიმენტულად აჩვენა, რომ ეს ობიექტივაციისა და ლოგიკურ-ცნებითი აზროვნების უნართა დაქვეითებასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ შედეგია იმ საერთო ცვლილებათა, რომლებიც ავადმყოფის პიროვნებამ განიცადა. კერძოდ, დარღვეულია ფიქსირებული განწყობის მოქმედების მექანიზმი. რამდენადაც ბოდვა შიზოფრენიის ერთერთი ძირითადი სიმპტომია, შემდგომში კვლევამ შიზოფრენიული აზროვნების სისტემურ შესწავლაზე გადაინაცვლა. შედეგად ავტორი მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი აზროვნების თავისებურება არაა გამოწვეული აზროვნების ფუნქციის მოშლით, ზოგადად − კოგნიციური ფუნქციების ოპერაციურ-ინსტრუმენტული მხარის დაქვეითება-დაზიანებით; არამედ გამოწვეულია ავადმყოფის პიროვნული ცვლილებით, იმით, რომ იგი არაა მოტივირებული ან განწყობილი, სათანადოდ შეასრულოს ინტელექტუალური მოქმედება.

ანალოგიურად არის გაგებული ყურადღების სელექციურობის/შერჩევადობის მექანიზმი შიზოფრენიის დროს. სპეციალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ აქაც განწყობისეული მექანიზმის დეფექტია გადამწყვეტი და არა თვით ყურადღების ფსიქიკური პროცესის/ფუნქციის დაზიანება. შერჩევადობის პროცესში გამოვლენილი გადახრები შედეგია ავადმყოფის პიროვნების საერთო ცვლილებისა, რომელშიც სუბიექტური მნიშვნელობებია ყოველთვის მთავარი და ჩრდილავს სიტუაციის რეალურ/ობიექტურ მიმართებებს.

იმავე კონცეფციას ეფუძნებოდა შიზოფრენიის გენეტიკური ფაქტორების გამოვლენაზე მიმართული კვლევაც. თუკი შიზოფრენიის აღმოცენებაში მემკვიდრეობა მონაწილეობს და თუ ეს დაავადება განწყობისეული მექანიზმის მოშლას უკავშირდება, მაშინ ავადმყოფისა და მისი უახლოესი სისხლით ნათესავების ფიქსირებული განწყობის დინამიკის მახასიათებლები მსგავსად და სპეციფიკურად უნდა იყოს შეცვლილი. სპეციალურმა კვლევამ ეს ვარაუდი დაადასტურა. ამავე დროს, გაჩნდა პერსპექტივა საზოგადოდ განწყობის გენეტიკური დეტერმინირებულობის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გააზრებაში.

მ. საყვარელიძე საკუთრივ განწყობის თეორიის დასაბუთების მიმართულებითაც მუშაობდა. კერძოდ, იგი ჩართული იყო დისკუსიაში, რომელიც დ. უზნაძის სკოლაში განწყობისა და ცნობიერების ურთიერთკავშირის ირგვლივ წარიმართა. მ. საყვარელიძე არგუმენტირებულად ამტკიცებდა განწყობის არსებითი და პრინციპული არაცნობიერობის დებულებას {განწყობის არაგანცდადობა}. ამ კონცეფციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო მ. საყვარელიძისეული ანალიზი, რომელშიც ნაჩვენებია განწყობის ცნების გამოყენების მიზანშეწონილება სამედიცინო ფსიქოლოგიაში. (ი. იმედაძე)

ცნობილია, რომ შიზოფრენიით დაავადებული უზომოდ გაძლიერებული სუბიექტივიზმით გამოირჩევა. აუტიზმის ცნება პირველად ე. ბლოილერმა სწორედ შიზოფრენიის კვლევისას შემოიღო. მ. საყვარელიძემ დაასაბუთა, რომ ხშირად შიზოფრენიით დაავადებული სააზროვნო ამოცანას ვერ წყვეტს არა იმიტომ, რომ ეს მისთვის გონებრივადაა მიუწვდომელი, არამედ სულ სხვა რამის გამო: მას ახასიათებს ამოცანის პირობებისადმი (ინსტრუქციისადმი) ერთგვარი „დაუმორჩილებლობის ტენდენცია”, ვითარების გაუთვალისწინებლობა და ძლიერი ეგოცენტრიზმი. ამის გამო მას ყურადღება გადააქვს არაარსებით, მაგრამ ემოციურ-აფექტურად თვალშისაცემ ნიშანთვისებებზე. მხოლოდ მაშინ, როცა ამოცანის ინსტრუქცია განსაკუთრებით მკაფიო, მკაცრი და ერთმნიშვნელოვანია, მისი „რკინისებური ლოგიკა აიძულებს ავადმყოფს, დაემორჩილოს ამოცანას”.

განწყობის ზოგადი თეორიისთვის მნიშვნელოვანია მ. საყვარელიძის ექსპერიმენტები ორაზროვანი გამოსახულების აღქმაზე, რომლებსაც ის ნ. ელიავასეული ფიქსირებული განწყობის რომელობითი მეთოდის თავისებური სახესხვაობით ატარებდა {ორაზროვნება}. საყურდაღებოა აგრეთვე ნ. ელიავასეული მეთოდიკით კვლევა პარალელურად შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებთან და ჯანმრთელ ცდისპირებთან {ობიექტივაციის უნარისა და აზროვნების რიგიდულობის ემპირიული კვლევის მეთოდი}. მ. საყვარელიძის დასკვნით: „შიზოფრენიის, ისევე როგორც ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, ობიექტივაცია ხდება, აზროვნების ფუნქცია ამოქმედდება, მაგრამ უკვე აღმოცენებული და გაშლილი აზროვნების პროცესი ავადმყოფთან არ წარიმართება მოცემული ამოცანის ობიექტური პირობების შესაბამისად... აქ ისეთი სურათი იქმნება, თითქოს განწყობის მიმართ შეუსატყვისი ობიექტური ვითარება გვქონდეს და არა ობიექტური ვითარების მიმართ შეუსატყვისი განწყობა. უკვე ჩამოყალიბებული სუბიექტური მდგომარეობა გაბატონებულია. იგი მიიმსგავსებს არა მარტო შესაბამის, არამედ შეუსაბამო მიმართებებსაც... <...> ფიქსირებული განწყობა, რომელიც შიზოფრენიით დაავადებულთან სააზროვნო ამოცანის პირობებში აქტუალიზდება, უკიდურესად გახევებულია, პათოლოგიურად მყარია, მას დაკარგული აქვს მოქნილობა, დაკარგული აქვს ვითარების შესაბამისად გადასტრუქტურირების უნარი... <...> ის ვერ ახერხებს მოცემული ამოცანისთვის არსებით ნიშანთვისებათა გააზრებას.“ გარდა ამისა, მას უჭირს ახალ შინაარსთა, ახალ მიმართებათა დროული და ვითარების შესაბამისი გააზრება, სათანადო განწყობის ფიქსაცია შეფერხებული და გაძნელებულია (მაგრამ თუკი გაფიქსირდა, შემდეგ უზომოდ ძლიერი და გახევებული იქნება, ვეღარ შეიცვლება).

ეს ყოველივე აზროვნების უკიდურესი ინფანტილიზმის მაჩვენებელია {ინფანტილური აზროვნება}. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


მთავარი ნაშრომები:

  • თავის ტვინის სისტემური მოქმედების დარღვევის ფსიქოპათოლოგია / ფსიქოლოგია. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები. ტ. IX. თბილისი: „საქ. სსრ მეცნ. აკად გამომცემლობა”, 1954;
  • მასალები ბოდვის ფსიქოპათოლოგიისათვის. თბილისი: „მეცნიერება”, 1965;
  • Experimental-psychological study of the process of selection in schizofrenia / XV-th International Congress of Applied Psychology. Amsterdam, 1968;
  • შიზოფრენიული აზროვნების პათოფსიქოლოგიისათვის. თბილისი: „მეცნიერება”, 1976;
  • О целесообразности применения понятия установки к определенным разделам медицинской психологии / Медицинская психология / Ред. М.А. Сакварелидзе. Тбилиси: „Мецниереба”, 1983;
  • К вопросу о наследственной предрасположенности к шизофрении // Медицинская психология / Ред. М.А. Сакварелидзе. Тбилиси: Мецниереба, 1983. (Совм. с К.Д. Цинцадзе);
  • Проблема бессознательного на Международном симпозиуме «Бессознательное в г. Тбилиси / Бессознательное: природа, функции, методы исследования. Т. 4. Тбилиси: „Мецниереба”, 1985


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

მარინა საყვარელიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები