სიმბოლიზმი თეატრალურ ხელოვნებაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმბოლიზმი – სიმბოლიზმის თეორიულ საფუძვლად იქცა არტურ შოპენჰაუერის, ერნსტ მახის ფილოსოფიური შეხედულებანი, ფრიდრიხ ნიცშეს „ცხოვრების ფილოსოფია“, ანრი ბერგსონის ინტუიტივიზმი და სპირიტუალიზმი.

მისტიციზმი, თვითჩაღრმავება, უშუალო განცდა, ირაციონალიზმი, ინტუიცია – ის ძირითადი საყრდენებია, რასაც ეფუძნება სიმბოლისტების შემოქმედება.

სიმბოლიზმის მამამთავრებად გვევლინებიან ფრანგი პოეტები პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და ბელგიელი დრამატურგი მორის მეტერლინკი.

სიმბოლიზმისათვის უმთავრესია მოვლენების წიაღში და ადამიანების სულში იდუმალი, ფარული შრეების წარმოჩენა, ეზოთერიკული შინაარსის ამოკითხვა. აქედან გამომდინარე, სიტყვა კარგავს კომუნიკაციურ ფუნქციებს და მისტიკურ ქვეტექსტს იძენს. არცთუ იშვიათად, მას ენაცვლება მრავლისმთქმელი პაუზა ან სიტყვათა ისეთი განლაგება, სადაც ვლინდება არა ვითარების რაობა, არამედ თავად ინდივიდის არაამქვეყნიური სწრაფვები. სიმბოლისტებმა პოეზიაში მუსიკა უმთავრეს ფასეულობად გამოაცხადეს. მუსიკაში მათ იგულისხმეს რიტმის, მეტრის და ჰარმონიის პრინციპებთან ერთად, მუსიკისთვის დამახასიათებელი წმინდა ფორმისეული ზემოქმედება. ამ პრინციპების გათვალისწინებით წარმოიშვა სიმბოლისტური დრამატურგიაც (მეტერლინკი, ემილ ვერჰარნი, ჰენრიკ იბსენი).

სიმბოლიზმი თეატრში სხვა წინამორბედ მიმდინარეობებზე რადიკალური გამოდგა. მთლიანად უარყოფილ იქნა რეალობის დაკონკრეტების პრინციპი. მალარმე თეატრს მოუწოდებდა გამოენახა დამოუკიდებელი „სამეტყველო ენა“. ასეთ „ენად“ მას ესახებოდა სიტყვის, მუსიკის და ფერის სინთეზი, რომელსაც მაყურებელზე უნდა ემოქმედა მუსიკის მსგავსად. სიმბოლისტებმა უარი თქვეს პერსონაჟის დაკონკრეტებაზეც და განყენებული ფაბულის გმირად აქციეს დროის, სივრცის, სოციალური და ეთნიკური ნიშნის მიღმა მდგომი ადამიანი-სიმბოლო. სიმბოლისტებმა რეჟისორს და მხატვარს მიანიჭეს ავტონომიური უფლება და დრამატურგს გაუთანაბრეს. გამომსახველი საშუალებები – მიზანსცენა, რიტმი, ფონი – მათ მიერ გააზრებულ იქნა როგორც თეატრის ირაციონალური ფენომენი.

სიმბოლისტები შეეცადნენ, აგრეთვე, შუასაუკუნეების თეატრალური კულტურის მოდერნიზებას და სიმბოლისტური სტილისტიკით აღადგინეს მისტერია, მირაკლი, ბაზრობის და საკარნავალო თეატრის ზოგიერთი სახეობანი. მიზანსცენების სახვითობა, პოზების სკულპტურულობა, მუსიკა, განათება ემსახურებოდა მისტიკური განწყობილების შექმნას.

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, სიმბოლისტურ ესთეტიკაზე დაყრდნობით შეიქმნა სტუდიური თეატრები პარიზში (დ’არი – 1890-92, ევრი – 1893-99, დეზ-არი – 1910-13). მათ რეპერტუარში შედიოდა მისტიკურ-პოეტური პიესა-ლეგენდები, დიდი ადგილი ეკავა სიმბოლისტური პოეზიის სცენიდან კითხვა-წარმოდგენას.

სიმბოლიზმმა წარმოშვა დიდი სახელები რეჟისურაში: ადოლფ აპია (შვეიცარია), გორდონ კრეგი (ინგლისი), გეორგ ფუქსი და მაქს რეინჰარდტი (გერმანია), ვსევოლოდ მეიერხოლდი და ნიკოლოზ ევრეინოვი (რუსეთი).

სიმბოლიზმმა დიდად შეუწყო ხელი პირობითი თეატრალური პრინციპების დამკვიდრებას, რეჟისურის და სცენოგრაფიის განვითარებას. მან შექმნა მყარი ფილოსოფიური და ესთეტიკური სისტემა და იქცა მნიშვნელოვან საფეხურად თეატრის განვითარების ისტორიაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები