მირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირაკლი თეოფილეზე, ჟან ბილიბინის გრაფიკა

მირაკლი − (ფრანგ. miracle < გვიანლათ. miraculum – სასწაული), შუასაუკუნეების რელიგიურ-დიდაქტიკური დრამა ქრისტეს ცხოვრებასა ან რომელიმე წმინდანის ცხოვრების თემაზე, ჩვეულებრივ, ბოლოვდება ღვთისმშობლის მიერ ჩადენილი სასწაულით. აღმოცენდა XIII საუკუნეში, XIV საუკუნეში გავრცელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მოგვიანებით რელიგიური მოტივი ჩანაცვლებულია ავანტიურული ამბებით, საოჯახო-ყოფითი თემით, ძლიერდება ფსიქოლოგიზმი, კონფლიქტები. ჩნდება სოციალური და ანტიკლერიკალური კრიტიკისა და სატირის მომენტებიც. ამ ჟანრში ყველა კონფლიქტი გვარდება ღმერთის ძალის ჩარევით და უეჭველად სათნოების გამარჯვებით და ბიწიერების დასჯით მთავრდებოდა. მირაკლები იწერებოდა ლექსის ფორმით და აგებული იყო ქალწული მარიამის ან რომელიმე წმინდანის მიერ განხორციელებულ სასწაულებზე.

მირაკლების გამართვის საკითხს ნახევრად სასულიერო, ნახევრად საერო ხასიათის კორპორაციები – ე. წ. პიუი განაგებდა. სასულიერო პირებისაგან დაკომპლექტებული პიუის შემადგენლობა შუასაუკუნეებში ქალაქების როლის ზრდის პროცესის პარალელურად იცვლებოდა, იზრდებოდა საერო პირების რაოდენობა. ზემოაღნიშნული ფაქტი მირაკლის წყაროების მრავალფეროვნებას (სახარება, წმინდანთა ცხოვრება, შუასაუკუნეების ქრონიკები, რომანები) განაპირობებდა, რაც, თავის მხრივ, მირაკლის სიუჟეტური სტრუქტურის არაერთგვაროვან ხასიათს განსაზღვრავდა. მირაკლის გაფორმების შესახებ არსებული მწირი ინფორმაციის თანახმად, პირობითი სიმულტანური სადეკორაციო დანადგარი „სახლების“ მცირე მოდელების მეშვეობით, ერთდროულად რამდენიმე სამოქმედო გარემოს აღნიშნავდა: ეკლესია, სამრეკლო, სასახლე, სასტუმრო, სახლი, საპყრობილე, გემი, ტყე და სხვ. წარმოდგენები მონასტრების და პიუის მფლობელობაში არსებული შენობების ეზოებში იმართებოდა.

XIVს.-დან მირაკლები ქალაქური ფაბლიოს და ეპიკური პოემების სიუჟეტის საფუძველზე იქმნება. დროთა განმავლობაში პიესებში ჩნდება ყოფითი დეტალები, იკლებს მირაკლის ტრადიციული პერსონაჟების – წმინდანების და ანგელოზების გავლენა მოქმედების განვითარებაზე, შესაბამისად, ქრება მირაკლისათვის ტიპური ნიშანი – ღვთიური ძალების მიერ განხორციელებული სასწაულის აუცილებლობა.

როგორც სარწმუნოებრივი თეატრი, მირაკლი, ბუნებრივია, ქადაგებდა ქრისტიანულ მორალს, ასახავდა ციურ ძალთა მონაწილეობას ადამიანების ცხოვრებაში, როცა სიკეთე სიკეთითვე გადაიხდება, ბოროტება კი მკაცრად ისჯება. ამ ჟანრის პირველი ცნობილი ნაწარმოებია „წმინდა ნიკოლოზის თამაში“ (1200 წ.), რომელიც ეკუთვნის ფრანგ ტრუბადურს – ჟან ბოდელს და სიუჟეტურად დაკავშირებულია ჯვაროსნების მოძრაობასთან (XIII-XVI სს.). გმირის შინაგანი განცდებია გადმოცემული ტრუბადურ რიუტბიოფის ნაწარმოებში „მირაკლი თეოფილეზე“ (1261 წ.). მოგვიანებით მირაკლში შევიდა საერო მოტივებიც.

მირაკლების ავტორები ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს ხშირად მეტად გაბედულად ასახავდნენ. „დრამები წმინდათა შესახებ“ თუმცა ინარჩუნებდნენ მორალიზებას, მაგრამ ხშირად ისეთ პიესებად გადაიქცეოდნენ, რომლებშიც რელიგიურ-დამრიგებლობითი სიუჟეტები გამოყენებული იყო სოციალური პირობების საჩვენებლად. ასეთ პიესებში მჟღავნდებოდა დემოკრატიული ფენების კრიტიკული დამოკიდებულება ფეოდალური სინამდვილისადმი. მაგალითად, „მირაკლი ეშმაკი რობერტის შესახებ“ იძლეოდა ამ სასტიკი საუკუნის საერთო სურათს. უსულგულო ბოროტმოქმედი რობერტის სახით წარმოდგენილი იყო ტიპური ფეოდალი, რომელიც აშკარად ეწეოდა ძარცვა-გლეჯას, დიდ უბედურებას აყენებდა ხალხს. რობერტი გამოირჩევა გარყვნილებით და სისასტიკით; ააოხრებს გლეხის ოჯახს, ძარცვავს მონასტერს და ა. შ. მირაკლის ზოგიერთ ეპიზოდში იმ დროის რეალური სურათი იხატება: თვითნებობა, ანარქია, ძარცვა-გლეჯა, ძალადობა. რობერტი შეიტყობს დედისგან, რომ მას დიდი ხნის მანძილზე შვილი არ ეყოლა, და მხოლოდ მას მერე, რაც შეევედრა სატანას, შობა რობერტი. ასე რომ რობერტი ეშმაკის დახმარებით გაჩნდა. ყოველივე ამის შემდეგ რობერტი იწყებს მონანიებას: მარიამი უბრძანებს, თავი მოიგიჟიანოს, მეფესთან დაბინავდეს ძაღლის სადგომში და ნასუფრალით ირჩინოს თავი. რობერტი გამოავლენს მორჩილებას და სიმტკიცეს. ჯილდოდ, მას საშუალება ეძლევა, თავი ისახელოს ბრძოლის ველზე. მირაკლი კეთილად მთავრდება – შეშლილი ღატაკი, რომელიც ძაღლებს ძვლებს, ტაცებდა, სახელოვანი გმირი ხდება, შეირთავს მეფის ასულს და ღვთისაგან შენდობას ღებულობს.

მირაკლი წინააღმდეგობრივი ჟანრი იყო. არსებული სინამდვილის რეალისტური სურათების ასახვა, ძველი ზნე-ჩვეულებების გაკიცხვა – მირაკლის რეალისტური თვისებების მაჩვენებელი იყო. ამასთან, ბიწიერების მხილება ხდებოდა საეკლესიო გაკიცხვით და მთავრდებოდა ცოდვილის მონანიებით და შეწყნარებით. დამნაშავე, უარყოფითი პერსონაჟი დადებით ტიპად იქცეოდა და მამხილებელი სიუჟეტი გარდაიქმნებოდა დამრიგებლურ ისტორიად ღვთის მოწყალების შესახებ.

რეალისტური ტენდენციების ზრდის მიუხედავად, მირაკლი, როგორც საეკლესიო თეატრის ჟანრი, ფეოდალურ-რელიგიურ იდეოლოგიასთან უშუალო კავშირს ინარჩუნებდა. XIV საუკუნეში ის რელიგიური თეატრის უფრო დიდმა ფორმამ – მისტერიამ ჩაანაცვლა.

მე-19 ს. დამლევს და მე-20 ს. დასაწყისში სიმბოლისტებმა აღადგინეს მირაკლის ჟანრი. მის მიმართ დიდი ინტერესი გაამჟღავნეს სხვადასხვა მოდერნისტულმა მიმდინარეობებმა.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები