სინქრონია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინქრონია – (< ბერძნ. synchronos – ერთდროული; syn–თან, chronos-დრო), ენის მდგომარეობა მისი ისტორიის კონკრეტული მომენტისათვის, იქნება ეს ახლანდელი თუ წარსულის რომელიმე მონაკვეთი (მაგ. თანამედროვე ქართული ან XIX ს. ქართული). ამით სინქრონია განსხვავდება როგორც დიაქრონიისაგან, რომელიც გულისხმობს ენის ცვალებადობას დროში, ისე პანქრონიისაგან, რომელიც აღიარებს ენის ზედროულ, უცვლელ ხასიათს.

სინქრონიის (ისევე, როგორც დიაქრონიის) ცნება ენათმეცნიერებაში შემოტანილია ფ. დე სოსიურის მიერ. მასვე უკავშირდება შესაბამისად სინქრონიული და დიაქრონიული ლინგვისტიკების გარჩევის აუცილებლობა.

სინქრონიული ლინგვისტიკა, ფ. სოსიურის მიხედვით, ენობრივ მდგომარეობას განიხილავს როგორც ურთიერთდაკავშირებულ და ურთიერთგანპირობებულ ერთეულთა სისტემას, ღირებულებათა სისტემა სინქრონია, სინქრონიული ლინგვისტიკა ადგენს იმ წესების (საერთოდ იმ ფაქტორების) ერთობლიობას, რომლებიც დროის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფენ ენის ფუნქციობას, ე. ი. მოლაპარაკე სუბიექტთა მიერ ენის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.

ენის, როგორც ღირებულებათა სისტემის, გაგება გულისხმობს სინქრონიისა და დიაქრონიის გამიჯვნის აუცილებლობას: ენობრივი ღირებულება იქმნება მხოლოდ სინქრონიული მიმართებების საფუძველზე. ამიტომ ენის მდგომარეობა, რომელიც აღებულია დროის ამა თუ იმ მომენტისათვის, არ განიხილება წინა მდგომარეობასთან (საერთოდ ენის ცვალებადობასთან) კავშირში. მაგ., თანამედროვე ქართულზე მოლაპარაკეს არ ჭირდება იმის ცოდნა, თუ საიდან მომდინარეობს მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი -მა. კომუნიკაციისათვის საკმარისია მან იცოდეს -მა და -მ ალომორფების განაწილება.

მაგრამ სინქრონიისა და დიაქრონიის გამიჯვნა არ ნიშნავს მათ შორის ურთიერთკავშირის უარყოფას. სინქრონიული სისტემა არ არის უძრავი და აბსოლუტურად მყარი. პირველ ყოვლისა, მასში შემოდის რა (მეტყველების გზით) დიაქრონიული ფაქტი, იგი იწვევს მიმართებების გადანაწილებას, რასაც თან ახლავს ღირებულებათა სისტემის, ე. ი. ენის მდგომარეობის შეცვლა. ენის ისტორია წარმოგვიდგება როგორც სინქრონიულ მდგომარეობათა მონაცვლეობა. თავის მხრივ, სინქრონიული მდგომარეობების ცოდნა აუცილებელია დიაქრონიული ცვლილებების დასადგენად. ლოგიკურად სინქრონიული კვლევა წინ უნდა უსწრებდეს დიაქრონიულს; სინქრონიული ლინგვისტიკა ქმნის საფუძველს დიაქრონიული ლინგვისტიკისათვის. ამასთანავე, სინქრონიულ სისტემაში მაინც აისახება ენაში მუდმივად არსებული მოვლენები, როგორიცაა ენის ყოველი მომენტისათვის არქაიზმებისა და ნეოლოგიზმების დიალექტიზმების. ასევე თაობათა შორის განსხვავებული ენობრივი უზუსების არსებობა და მისთ., რომლებიც (ძირითადად განსხვავებული სტილური სტატუსით) თავისუფლად თავსდება მოქმედ ენობრივ სისტემაში.

ი. ქობალავა


ლიტერატურა

  • შარაძენიძე თ. აღწერითი (სინქრონიული) და ისტორიული (დიაქრონიული) ენათმეცნიერების ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი თანამედროვე ენათმეცნიერებაში. – იკე. XI. თბ- 1959

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები