ტოპონიმიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოპონიმიკაონომასტიკის დარგი. რომელიც შეისწავლის გეოგრაფიულ სახელწოდებათა სტრუქტურას, განსაზღვრავს მათ წარმომავლობასა და ენობრივ კუთვნილებას, აგრეთვე, მათ სემანტიკასა და ეტიმოლოგიას. ტოპონიმების მეცნიერული შესწავლა გულისხმობს გეოგრაფიული ნომენკლატურის მყარი ენობრივი სისტემის შიგნით ისტორიული და გვიანდელი ხანის წარმონაქმნ ერთეულთა გამოვლენას, მათი გავრცელების არეალის დადგენას. ტოპონიმებში, როგორც ენის განვითარების ამსახველ ერთეულებში, შემონახულია არქაული, აგრეთვე, დიალექტური ლექსიკა, კილოთა სუბსტრატის კვალი. ტოპონიმთა ენათმეცნიერული ანალიზის გზით სპეციალისტებს შეუძლიათ ზუსტად გაარკვიონ ამა თუ იმ ეთნოსის თავდაპირველი საცხოვრისი ან მისი შიდა თუ გარე მიგრაციების მიმართულება და ახალი სამოსახლოზე დაფუძნება. ამ მხრივ ტოპონიმიკური კვლევა-ძიება ფასდაუდებელ სამსახურს უწევს მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებს: ისტორიულ გეოგრაფიას, ეთნოგრაფიას, მხარეთმცოდნეობას, არქეოლოგიას.…

საქართველოში ტოპონიმიკა მეცნიერების დარგად საკმაოდ გვიან, XX ს. II ნახ. ჩამოყალიბდა. მართალია, ჯერ კიდევ XVIII ს-ში არსებობდა ვახუშტი ბაგრატიონის აღწერილობითი ხასიათის ნაშრომი „საქართველოს გეოგრაფიული აღწერა“, მაგრამ მას მაინც ვერ მივიჩნევთ ტოპონიმიკის საფუძვლად, თუმცა უდავოა, რომ ვახუშტის „აღწერამ“ ბიძგი მისცა ჩვენში გეოგრაფიულ სახელწოდებათა კვლევა-ძიების აღმავლობას და შემდგომ მის სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებას.

ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოსტა-ტელეგრაფი, სამისამართო ბიუროები, საექსკურსიო-ტურისტული მარშრუტები და სათანადო გზამკვლევები, ავიამომსახურება, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სამსახურები…წარმოუდგენელია მათი გამართული ფუნქციონირება ტოპონიმიკურ ერთეულთა ზედმიწევნით ზუსტი გამოყენების გარეშე. ძალზე მნიშვნელოვანია ტოპონიმიკის სპეციალისტთა მიერ ტოპონიმთა ბუნებრივი და ხელოვნური ცვლილებების (ქალაქის ქუჩებისა თუ დაბა-სოფლებისათვის სახელების გადარქმევა, ტოპონიმთა ნორმატიულ-ორთოგრაფიული სახის დადგენა; უცხოური სახელების გადმოღება, ტრანსლიტერაციის წესების დადგენა და მისთ.) ზუსტი რეგულირება. ამის გათვალისწინებით ტოპონიმიკა გეოგრაფიულ სახელებს აღნუსხავს და შეისწავლის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკულ-გამოყენებითი თვალსაზრისითაც.

სადღეისოდ ტოპონიმიკური კვლევა-ძიება ჩვენში ფართოდ არის გაშლილი როგორც თბილისში (თსუ ტოპონიმიკური ცენტრი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი…), ისე საქართველოს სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაში (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი…) რეგიონული ტოპონიმიკის საკითხებზე ქვეყნდება სპეციალური მონოგრაფიები, ლექსიკონები; მომზადდა და წარმატებით იქნა დაცული სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები.

გ. ბედოშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები