სპეციფიკური ფობიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სპეციფიკური ფობია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფობია, სპეციფიკური (იზოლირებული) - (F40.2), (phobia, specific (isoland) ფობია, რომელიც შემოიფარგლება სრულიად განსაზღვრული სიტუაციებით. მაგალითად, ახლომახლო გარკვეული ცხოველის გამოჩენით, სიმაღლით (აკროფობია), ჭექა-ქუხილით, სიბნელეში ყოფნით, ფრენის დროს, დახურულ სივრცეში ყოფნით (კლაუსტროფობია) საერთო ტუალეტით სარგებლობის აუცილებლობით, გარკვეული საკვების მიღებით, სტომატოლოგთან ვიზიტით და, აგრეთვე, სისხლის ან სხეულის დაზიანების დანახვით. მიუხედავად იმისა, რომ ტრიგერული სიტუაცია სავსებით განსაზღვრულია, მასთან შეჯახებამ შესაძლოა პანიკა გამოიწვიოს, როგორც ეს, მაგალითად, აგორაფობიის ან სოციალური ფობიის დროს ხდება.

სარჩევი

კლინიკური სურათი

სპეციფიკური ფობიის მქონე ადამიანი გარკვეული ობიექტების დანახვისას ან გარკვეულ სიტუაციებში მოხვედრისას არაადეკვატურ შფოთვას განიცდის. ასეთ დროს პიროვნებას აღენიშნება შფოთვითი სიმპტომები. სპეციფიკური ფობიის დროს ანტიციპატორული შფოთვა გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს და პიროვნება, ჩვეულებრივ, ცდილობს გაექცეს და თავი აარიდოს მისთვის საშიშ სიტუაციებს. სპეციფიკურ ფობიებს, მათი უფრო დეტალური დახასიათების მიზნით, წინ შეგვიძლია შესაბამისი სტიმულის სახელი დავურთოთ (მაგ., ობობების ფობია). წინათ ხშირად იყენებდნენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა არაქნოფობია, (ობობების ფობიის ნაცვლად) ან აკროფობია (სიმაღლის ფობიის ნაცვლად), მაგრამ ასეთი მიდგომა არც ისე პრაქტიკული არის.

DSM-IV-ის მიხედვით არსებობს ოთხი ტიპის სპეციფიკური ფობია, რომლებიც დაკავშირებულია:

  1. ცხოველებთან
  2. ბუნებრივ მოვლენებთან
  3. სისხლთან, ინიექციასთან და ფიზიკურ დაზიანებასთან
  4. სიტუაციებთან და სხვა მაპროვოცირებელ ფაქტორებთან.

ამ ჯგუფს მიეკუთვნება სტომატოლოგიური და სამედიცინო სიტუაციების შიში და, აგრეთვე, გაგუდვის შიში.

სპეციფიკური ფობიებია:

ეპიდემიოლოგია

DSM-III R-ის კრიტერიუმების გამოყენებით ზრდასრულ ადამიანებთან ცხოვრების მანძილზე სპეციფიკური ფობიების გავრცელების სიხშირე შეფასდა, როგორც 4% მამაკაცებთან და 13% ქალებთან (Kessler et al., 1994). კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კრიტერიუმების გამოყენების დროს, ერთი წლის მანძილზე ამგვარი ფობიების გავრცელების საერთო მაჩვენებელი 4.4%-ს შეადგენს (Narrow et al., 2002). სპეციფიკური ფობიების უმეტესობაში დებიუტის ასაკი ბავშვობის ხანაზე მოდის: ცხოველიბის ფობია დაახლოებით 7 წლის ასაკში ვითარდება, სისხლის ფობია - 9 წლის ასაკში, ხოლო სტომატოლოგიური მკურნალობის ფობია - 12 წლის ასაკში (Ost, 1987a).

ეტიოლოგია

ბავშვური შიშების პერსისტენტულობა

ზრდასრული ასაკის სპეციფიკური ფობიების უმეტესობა ბავშვობაში შეძენილ ფობიებს წარმოადგენს. ამგვარი ფობიები ბავშვობის ასაკში ძალზე გავრცელებულია. მოზარდობის პერიოდის დასაწყისისათვის ბავშვური შიშების უმრავლესობა ქრება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ზრდასრულ პერიოდშიც ნარჩუნდება. ამგვარი პერსისტენტობის მიზეზი დაუდგენელია. სავარაუდოდ, ყველაზე ძლიერი ფობიები ყველაზე უფრო დიდხანს ნარჩუნდება.

გენეტიკური ფაქტორები

ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით სპეციფიკური ფობიის მქონე ადამიანების პირველი რიგის ნათესავების 31%-ს სპეციფიკური ფობიები აღენიშნება (Fyer et al., 1995). სპეციფიკური ფობიის მქონე მდედრობითი სქესის ტყუპების შესწავლის შედეგები შეესაბამება ეტიოლოგიურ მოდელს, რომელშიც ზომიერი გენეტიკური მოწყვლადობა კომბინირებულია ფობიასთან დაკავშირებულ სტრესულ მოვლენასთან (Kendler et al., 1992a). გენეტიკური მოწყვლადობა შეიძლება გულისხმობდეს განსხვავებებს შიშის განპირობების სიძლიერეში, რომელთან დაკავშირებითაც მემკვიდრეობითობის ფაქტორი დაახლოებით 40%-ს განსაზღვრავს (Hettema et al., 2003).

ფსიქოანალიტიკური თეორიები

ფსიქოანალიტიკური თეორიების მიხედვით ფობიები დაკავშირებულია არა თვალსაჩინო გარე სტიმულთან, არამედ შფოთვის შინაგან წყაროსთან, რომელიც განდევნილია ცნობიერებიდან რეპრესიის გზით და მიბმულია გარე ობიექტზე ჩანაცვლების მეშვეობით. ფსიქოანალიტიკური თეორია არ არის გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით.

განპირობების თეორია და კოგნიტური თეორია

განპირობების თეორიის მიხედვით სპეციფიკური ფობიები ასოციაციური დასწავლის შედეგად აღმოცენდება. ზრდასრულ ცხოვრებაში ამ გზით ფობიების აღმოცენება იშვიათია და, ძირითადად, ძლიერი სტრესული გამოცდილებით არის განპირობებული. მაგ., ცხენთან დაკავშირებული სახიფათო ინციდენტის შემდეგ ადამიანს შეიძლება ცხენის შიში განუვითარდეს. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სხვის რეაქციებზე დაკვირვების შედეგად იქნეს დასწავლილი: ბავშვი აკვირდება სხვა ადამიანის შიშის რეაქციებს და იგივე სტიმულების მიმართ შიშს დაისწავლის. კოგნიტური ფაქტორები ხელს უწყობს შიშის შენარჩუნებას, განსაკუთრებით, ფობიკური სტიმულებისათვის სელექციურად ყურადღების მიქცევას და ასეთი სტიმულების შიშის შემცველ ანტიციპაციას.

დასწავლისთვის მზაობა

ეს ტერმინი აღნიშნავს გარკვეულ სტიმულებზე პერსისტენტული შიშის რეაქციების განვითარების თანდაყოლილ პრედისპოზიციას. ზოგიერთ მცირეწლოვან პრიმატს აქვს გველის მიმართ შიშის ჩამოყალიბების მზაობა, მაგრამ არ არის დადგენილი, განსაზღვრავს თუ არა იგივე პროცესი ბავშვთან სპეციფიკური ფობიის განვითარებას.

ცერებრული ლოკალიზაცია

სპეციფიკური ფობიის მქონე ადამიანებში შიშის შემცველი სტიმულების ზემოქმედებისას სისხლის მიმოქცევაში მომხდარი ცვლილებების შესასწავლად პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია გამოიყენება. როდესაც სპეციფიკური ფობიის მქონე ადამიანები ფობიის შესატყვისი სტიმულების ზემოქმედებას განიცდიან, მათ ძლიერი შიშის რეაქცია უჩნდებათ, რომელსაც თან სდევს ამიგდალას, ჰიპოკამპის უბნის და წინა სარტყლისებრი ქერქის აქტივაციის გაზრდა (Pissiota et al., 2003; Frederickson and Furmark, 2003).

დიფერენციალური დიაგნოზი

სპეციფიკური ფობიის დიფერენციალური დიაგნოსტიკა იშვიათად არის სირთულეებთან დაკავშირებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ ფობიას შეიძლება საფუძვლად უდევს დეპრესიული აშლილობა, რადგან ზოგიერთი პაციენტი ხანგრძლივი სპეციფიკური ფობიის დროს დასახმარებლად ექიმს სწორედ მაშინ მიმართავს, როდესაც დეპრესიული აშლილობის გამო ნაკლებად ტოლერანტული ხდება ფობიკური სიმპტომების მიმართ. ობსესიური აშლილობების დროს, ზოგჯერ, პაციენტი განიცდის შიშს და თავს არიდებს ისეთ საგნებს, როგორიც არის მაგ., დანა. ასეთ შემთხვეევებში პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის სისტემატიური შეგროვება და მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმება შესაბამისი ობსესიური აზრების (მაგ., აზრები ადამიანისთვის დანით ზიანის მიყენების შესახებ) დადგენაში დაგვეხმარება.

პროგნოზი

ზრდასრულ ცხოვრებაში სპეციფიკური ფობიების პროგნოზი სისტემურად არ არის შესწავლილი. კლინიკური გამოცდილების თანახმად, ბავშვობაში აღმოცენებული სპეციფიკური ფობიები მრავალი წლის მანძილზე ნარჩუნდება, ხოლო ზრდასრულ ასაკში სტრესული სიტუაციებით გამოწვეულ სპეციფიკურ ფობიებს უკეთესი პროგნოზი უკავშირდება.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები