სხეულის დისმორფული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სხეულის დისმორფული აშლილობა წარმოადგენს ტერმინს, რომელიც DSM-ში დისმორფოფობიის უფრო ფართო, მაგრამ ბუნდოვანი სინდრომის ქვეჯგუფის აღსანიშნად გამოიყენება. დისმორფოფობიის პირველი განსაზღვრება მორსელის ეკუთვნის (Morselli, 1886). მისი განმარტებით, ეს არის „იმ სიმახინჯისა და ფიზიკური დეფექტის სუბიექტური აღწერა, რომელსაც, პაციენტის აზრით, სხვა ადამიანებიც ამჩნევენ“. DSM-ში ტერმინი „სხეულის დისმორფული აშლილობა” მიუთითებს ისეთ დისმორფოფობიაზე, რომელიც არ ერთიანდება სხვა ფსიქიკური აშლილობის კატეგორიაში. ჩვეულებრივ, წარმოსახულ გარეგნულ დეფექტზე წუხილი ზეღირებულოვან იდეას წარმოადგენს, მაგრამ, ასეთი მდგომარეობის დროს, ინდივიდს, შეიძლება დამატებით ბოდვითი აშლილობის (სომატური შინაარსის) დიაგნოზი დაუდგინდეს. ეს სინდრომი, ნაწილობრივ, გადაფარავს ბოდვით აშლილობას, იპოქონდრიასა და ობსესიურ-კომპულსურ აშლილობას. ICD-10-ში ასეთი მდგომარეობა იპოქონდრიის ფართო კატეგორიის ქვეჯგუფს წარმოადგენს.

დისმორფოფობიის მქონე პაციენტები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ზედმეტად დიდი, ზედმეტად პატარა ან დეფორმირებულია. სხვა ადამიანები თვლიან, რომ მათი გარეგნობა ნორმალურია ან უმნიშვნელო ანომალიით ხასიათდება. უმნიშვნელო ანომალიის არსებობის დროს ძნელი დასადგენია, თუ რამდენად გაზვიადებულია პიროვნების წუხილი საკუთარი გარეგნობის თაობაზე. პაციენტის ფიზიკური არასრულფასოვნების განცდა ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ცხვირთან, ყურებთან, პირთან, მკერდთან, დუნდულებთან და პენისთან, თუმცა შეიძლება სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილსაც ეხებოდეს. პაციენტი, შეიძლება, მუდმივად მოცული იყოს თავისი მცდარი წარმოდგენებით და მათგან იტანჯებოდეს. პაციენტს ჰგონია, რომ სხვები ამჩნევენ მის „ფიზიკურ ნაკლს” და ლაპარაკობენ ამის შესახებ. მან შეიძლება ნებისმიერი პრობლემა საკუთარ ფიზიკურ არასრულფსოვნებას მიაწეროს (მაგ., ჩათვალოს, რომ უფრო ლამაზი ცხვირი რომ ჰქონოდა, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდა სამსახურში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სექსუალურ ურთიერთობებში). დისმორფოფობიის მქონე პაციენტები ხშირად დიდ დროს უთმობენ საკუთარი სხეულის ნაწილების შესწავლას, მათ სრულყოფას და „დეფექტების“ დამალვას. მათ, ასევე, სოციალური ფუნქციონირების მნიშვენლოვანი გაუარესება აღენიშნებათ. დისმორფოფობიის დროს ხშირია თანმხლები ფსიქიკური აშლილობები, როგორიცაა დეპრესია და სოციალური ფობია.

დისმორფოფობია, ჩვეულებრივ, მოზარდობის ასაკში იწყება. ეს ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა დროთა განმავლობაში ფლუქტუაცია ახასიათებს. სავსებით შესაძლებელია, რომ პაციენტის მდგომარეობა დროთა განმავლობაში, გარკვეულწილად, გაუმჯობესდეს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გრძელვადიანი პროსპექტული გამოკვლევები არ ჩატარებულა.

ფსიქიატრიულ ლიტერატურაში მძიმე შემთხვევები იშვიათად არის აღწერილი. უფრო გავრცელებულია დისმორფოფობიის შედარებით მსუბუქი შემთხვევები, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც პლასტიკური ოპერაციის გაკეთების სურვილი აქვთ ან ხშირად აკითხავენ დერმატოლოგს. როგორც მძიმე, ისე შედარებით მსუბუქი ფორმის დისმორფოფობიის მქონე პაციენტი, ზოგჯერ, სხვა აშლილობების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს.

გამოკვლევა

გამოკვლევის დროს უნდა დავადგინოთ, თუ როგორია საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით პაციენტის წუხილის ხასიათი და რა სახით უშლის ეს ხელს მის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას. დიაგნოზის დასმა შეიძლება რთული აღმოჩნდეს, რადგან ზოგიერთი პაციენტი, სიმორცხვის გამო, არ ამჟღავნებს თავისი სიმპტომების ჭეშმარიტ ბუნებას. აქედან გამომდინარე, კლინიცისტმა შეიძლება შეცდომით სოციალური ფობიის, პანიკური აშლილობის ან ობსესიურ-კომპულსური აშლილობის დიაგნოზი დასვას.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები