ტიდევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიდევსი(ბერძნ.) ერთ-ერთი იმ შვიდ მთავარსარდალთაგანი, რომლებმაც თებეზე გაილაშქრეს (შვიდნი თებეს წინააღმდეგ). კალიდონის მეფის, ოინევსის ძე. დიომედესის მამა.

ტიდევსს უმისნეს, რომ მელანიპოსის ხელით გამოესალმებოდა სიცოცხლეს. ასე რომ არ მომხდარიყო, მან თავად მოკლა ძმა, რომელსაც მელანიპოსი ერქვა და ამის გამო იძულებული გახდა, ქალაქიდან გადახვეწილიყო. იგი არგოლისის მეფე ადრასტოსმა შეიფარა და თავის ასულ დეიპილეზე დააქორწინა. არგოსის სამეფო კარს აფარებდა თავს თებედან დევნილი პოლინიკესიც, რომელმაც მეფის მეორე ქალიშვილი შეირთო ცოლად. ადრასტოსმა განიზრახა, სიძეთათვის სამეფოები დაებრუნებინა და თავდაპირველად თებეზე გალაშქრება ირჩია, რადგანაც იგი არგოსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე კალიდონი. შვიდი რაზმი შეკრიბა, შვიდი მთავარსარდალი ჩაუყენა სათავეში (მათ შორის იყო ტიდევსიც) და თებესაკენ დაიძრა. ქალაქის საზღვრებს რომ მიუახლოვდა, ტიდევსი გაგზავნა ელჩად და თებეს მეფეს, ეტეოკლესს, ტახტის უბრძოლველად დათმობა შესთავაზა. მეფისგან უარი რომ მიიღო, ტიდევსმა უკვე თებელებს მოუწოდა, შვიდი მეომარი აერჩიათ შვიდ არგოსელ სარდალს რომ შებმოდა, რათა ზედმეტი სისხლისღვრის გარეშე გადაეწყვიტათ ომის ბედი. არც ეს ისურვეს თებელებმა და მომხდურთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეემზადნენ. როდესაც ომი დაიწყო, ტიდევსი თებელმა მელანიპოსმა სასიკვდილოდ დაჭრა. ათენა მფარველობდა ოინევსის ძეს და მის საშველად ისწრაფა. ერთ-ერთ სარდალს, ამფიარაოსს, სძულდა ტიდევსი. მან განიზრახა, ათენას კეთილგანწყობა ტიდევსისადმი სიძულვილით შეეცვალა. მოკლა მელანიპოსი, მოჰკვეთა თავი და მომაკვდავ ტიდევსს მიაწოდა, თანაც დასძინა: „შური ვიძიე! შენ კი, გააპეეს თავის ქალა და შენი მტრის ტვინი მიირთვი!“ ხვდებოდა ტიდევსი, რომ კვდებოდა. უმალ სიშმაგე დაეუფლა და ამფიარაოსის რჩევას დაჰყვა. ეს რომ ათენამ იხილა, შეძრწუნდა და წამისუმალ გაეცალა იქაურობას. ასე ახდა მისნობა: სწორედ მელანიპოსის ხელით დაიღუპა ტიდევსი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები