ტყიურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყიურა - Laser trilobum (L.) Borkh.

Laser trilobum (L.) Borkh. – ტყიურა
მეგრულადკვიეს.

მრავალწლოვანი, პოლიკარპული 50-150 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა ვერტიკალური ფესვით. ღერო მარტოულია ან რამდენიმე, სწორმდგომი, მკვრივი, მომრგვალო, წახნაგოვანი, დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები გრძელ-ყუნწიანია, ფოთლის ფირფიტა სამნაკვთიანია, ფრთისებრ ან ორმაგ-სამმაგ დანაკვთული. ზედა ფოთლები მჯდომარეა, ნაკლებად რთული, ფართო ვაგინით. ყვავილი თეთრია, გრძელი საყვავილე ყუნწებით, შეკრებილია ქოლგებად, 15-20 შიშველი, ხვადასხვა სიგრძის სხივით. ყვ. V-VI; ნაყ. VII-VIII.

იზრდება დაჩრდილულ ტყეებსა და ბუჩქნარებში, უმთავრესად კირქვიან ფერდობებზე, ფლატეებზე.

სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი, ნაყოფები და ფესვები. ფესვები შეიცავს სესკვიტერპენულ ლაქტონებს, ლაზეროლიდს, იზოლაზეროლიდს, ლაზოლიდს, ლაზორინს, ტრილოპოლიდს, იზოტრილოპოლიდს, კუმარინებს. ბალახში აღმოჩენილია ეთერზეთები; ფოთლებში – C ვიტამინი, ფლავონოიდები, გლიკოზიდი-ლუთეოლინი; ყვავილედები შეიცავს ეთერზეთებს; ნაყოფები – ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშია ალფაპინენი, ლიმონენი, პერილის სპირტი, პერილის მჟავა, ალფა-ფელანდრენი, კუმარინი სილერინი. ფესვებისა და ბალახის ნახარში ხასიათდება ანტიბაქტერიული აქტივობით. მას აქტიურად იყენებენ ანგინისა და დიარეზის დროს. ნაყოფების ნახარშს ხმარობენ ხველების, რესპირატორული ინფექციების, ნაწლავების დაავადებების, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებისათვის. ექსპერიმენტში დადგენილია მისი ჰიპოტენზიური მოქმედება. ნაყოფები ასევე გამოიყენება ვეტერინარიაში მეტეორიზმის დროს.

ნაყოფების ეთერზეთები გამოიყენება პარფიუმერიაში და ხილის ესენციების არომატისათვის.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები