უჯარმის ციხე-ქალაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უჯარმის ციხე-ქალაქის რეკონსტრუქცია. ავტორი აკად. ირაკლი ციციშვილი
უჯარმის ციხის ნაშთის საერთო ხედი
ციხის ნანგრევები

უჯარმის ციხე-ქალაქი (ინგლ. Ujarma Fortress) – ქართული ხუროთმოძღვრების უძველესი ძეგლი, ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. უჯარმის აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე ასფარუგის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. მის მშენებლობა-გაძლიერებაზე ზრუნავდნენ მეფეები ვახტანგ გორგასალი და დაჩი (V საუკუნის მეორე ნახევარში ცოტა ხნით უჯარმა ქართლის სამეფოს დედაქალაქიც კი იყო). მათ დროს აიგო ციტადელი მძლავრი კოშკებითა და მტკიცე კედლებით, სასახლეებით და ეკლესიებით. მას შემდეგ რაც ვახტანგ მეფემ V საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა.

IV-VIII უჯარმა საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში. უჯარმის კომპლექსი ორ ნაწილად იყოფა: ქვედა ციხე (გალავანი, კოშკები) და შიდაციხე (სასახლე, კუთხური კოშკი, ეკლესია „ჯვარ-პატიოსანი“, დიდი შენობა, დიდი წყალსაცავი, მცირე წყალსაცავი, ჩრდილო-დასავლეთის კოშკი, გალავანი, კოშკები). გამოვლენილია ძეგლის მშენებლობის სამი ძირითადი პერიოდი: პრველ პერიოდში (III-X საუკ.) მიმდინარეობდა ციხე-ქალაქის მშენებლობა ერთიანი გეგმით; მეორე პერიოდში (X-XIII საუკ.) ძირითადად აღუდგენიათ მორღვეული და დაზიანებული ზღუდე-კოშკები, აუგიათ საცხოვრებელი თუ სამეურნეო შენობები; მესამე პერიოდში (XVI-XVIII საუკ., გვიანი ფეოდალური ხანა) წარმოებდა შიდა ციხის ნაგებობათა და კოშკების მცირე შეკეთება. ყველა კოშკი (სულ 17 კოშკი) და გალავანი (სიგრძით დაახლოებით 700 მ) აგებულია ადგილობრივი ქვის წესიერი კვადრებით. ქვების გარეპირი მოსწორებულია და ნაპირები წათლილი, რაც მათ მკვეთრ მართკუთხოვან ფორმას ანიჭებს. ქვები დაწყობილია ზუსტ ჰორიზონტალურ რიგებად კირის დუღაბის თხელ ფენაზე. ქვების ზომები იცვლება 12-26 სმ-ის ფარგლებში, თუმცა კუთხეების გადაბმის ადგილებში გვხვდება 50-70 სიგრძის კვადრებიც. ქვების წყობის ხასიათის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ უჯარმაში გვაქვს ელინისტური სამშენებლო ტექნიკის ე.წ. იზოდომის თვალსაჩინო მაგალითი. ამჟამად ციხის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი (სურ. 2. უჯარმის ციხის ნაშთის საერთო ხედი; სურ. 3. ციხის ნანგრევები). უჯარმის ციხე-ქალაქისათვის ადგილმდებარეობის შერჩევა, საერთო კომპოზიცია, ნაგებობათა დიადი, სადა, ხალისიანი ფორმები, არქიტექტურული ფორმებისა და დეტალების დახვეწილი გემოვნება და მშენებლობის სრულყოფილი ტექნიკა საფუძველს იძლევა უჯარმა საქართველოს ციხესიმაგრეთა შორის ერთ-ერთ საუკეთესო და თავისებურ ძეგლად განვიხილოთ.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები