ფრაგონარი ჟან ონორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ონორე ფრაგონარი, საქანელა, 1767; ტილო, ზეთი, 82.9X66 სმ. უოლესის კოლექცია, ლონდონი

ჟან ონორე ფრაგონარი – (Jean-Honoré Fragonard, 1732- 1806) ფრანგული როკოკოს მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, ბუშესთან ერთად სწავლობდა. სწორედ ბუშეს რჩევით მიიღო მან მონაწილეობა ე.წ. პრი დე რომის (Prix de Rome - რომის პრიზი) კონკურსში, რომელიც საფრანგეთის სამეფო აკადემიის ხელოვნების სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულებს სამი, ოთხი ან ხუთწლიანი სტიპენდიებით აჯილდოებდა. ფრაგონარმა კონკურსში გაიმარჯვა და 1756-1761 წლები იტალიაში გაატარა, მაგრამ აკადემიის წევრობა მხოლოდ 1765 წელს მიიღო. ფრაგონარის ხელოვნება სავსებით აკმაყოფილებდა არისტოკრატი მომხმარებლის გემოვნებას და 1770 წელს, ბუშეს გარდაცვალების შემდეგ ფრაგონარმა, როგორც ინტერიერის დეკორატორმა, მისი ადგილი დაიკავა.

სურათის საქანელა შესრულება თავდაპირველად მხატვარ გაბრიელ ფრანსუა დუაიენს დაევალა. სურათის თემა მხატვარს ზედმეტად სენსუალურად მიუჩნევია, შეკვეთაზე უარი უთქვამს და შეთავაზება ფრაგონარისთვის დაუთმია. ფრაგონარმა ამ სურათის სახით ნამდვილი ფერწერული შედევრი შექმნა. საქანელაზე ჩამომჯდარ ახალგაზრდა ქალს მარჯვენა მხარეს ბუჩქების ჩრდილში გამოსახული ასაკოვანი ეპისკოპოსი საქანელაზე გამობმული თოკით არწევს. მარცხნივ კი, სასიამოვნო მოლოდინისგან ლამის გონდაკარგული, ქალის ლოყებაწითლებული შეყვარებული ბუჩქებში იმალება, რათა საქანელას მოახლოებისას აფრიალებული სამოსის ქვეშ ქალის გამოჩენილ ფეხს თვალი შეავლოს. ახალგაზრდა კაცს ქუდი აქვს გაწვდილი ქალისკენ ისე, თითქოს ამაოდ ცდილობს ხედის დაფარვას. ქალი კი, ამ დროს ქვემოთ იყურება და მისკენ მაცდუნებლად ისვრის ფეხსაცმელს. შეყვარებულების მოურიდებელი კეკლუცობა, მარცხენა მხარეს დუმილის ნიშნად ტუჩებთან თითმიდებული კუპიდონის სკულპტურა, საქანელას ქვემოთ დელფინისა და პუტის ორი ფიგურა, რომლებიც თავისებურად თითქოს კიდეც აქეზებენ ქალს, საბრალო, მოტყუებული ეპისკოპოსი ხელმარჯვნივ - ეს ყოველივე მოლოდინითა და სურვილით აღსავსე სურათს ქმნის, მაგრამ, ამასთანავე, ჯანსაღ იუმორსაც შეიცავს.



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები