ქართული (ცეკვა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცეკვა ქართული
ცეკვა „ქართული“

ქართული – ქართული ხალხური ცეკვა. განკუთვნილი წყვილებისათვის. ცნობილი იყო ლეკურის სახელწოდებით. ჩაისახა ქართლსა და კახეთში. მუსიკალური ზომა 6/8. სრულდება საკრავიერი ანსამბლის (დუდუკი, ზურნა, დოლი) თანხლებით. „ქართულის“ კლასიკური ნიმუშია ზ. ფალიაშვილის ოპერებში – „აბესალომ და ეთერსა“ და „დაისში“.

სარჩევი

ქალ-ვაჟის წყვილთა ცეკვა „ქართული“-ს მოკლე შინაარსი

წყვილთა ცეკვა „ქართული“-ს ქორეოგრაფიული ნახაზი შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა ვარიანტით, ხოლო მისი შინაარსი, სამიჯნურო თემაზე აგებული, უცვლელია.

ცეკვა „ქართული“ სატრფიალო ქორეოგრაფიული პოემაა გარკვეული ფაბულით ჩამოყალიბებული, თხრობაა ქორეოგრაფიული ენით, ქართველი ხალხის ზნეობის და კეთილშობილების გამომხატველი. წორედ ამით ახსნება ის, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებული სიყვარულით და სიფრთხილით ეკიდება ცეკვის ძირითა და ტრადიციულ წესებს. ცეკვა „ქართული ხუთი, ორგანულად ერთიმეორესთან დაკავშირებიული ნაწილისგან შედგება.

I — ვაჟის გამოსვლა და ქალის გამოპატიჟება.
II — ქალ-ვაჟის „საცდელი“ სვლა.
III — ვაჟის კენტად ცეკვა (სოლო).
IV — ქალის კენტად ცეკვა (სოლო).
V — ქალ-ვაჟის ერთად ცეკვა (საფინალო ნაწილი)

ცეკვას ვაჟი იწყებს, ქალს გამოიპატიჟებს, ქალი ვაჟს გამოჰყვება და ორივენი წრეშემოვლით მიემართებიან. გზადაგზა ქალი მოხდენილი ხერებით სცდილობს ვაჟი გამოსცადოს. საცდელი სვლის შემდეგ ქალი შეჩერდება, ვაჟი კენტად განაგრძობს ცეკვას, შემდეგ ვაჟი შეჩერდება, ქალი გადადის კენტად ცეკვაზე (სოლოზე). უკანასკნელ ნაწილში ქალ-ვაჟი ერთად ცეკვავენ (ამ ნაწილს თავდაჭერილი შეჯიბრების ხასიათი აქვს).

ცეკვაში ვაჟი მუდამ თავაზიანი და თავდაჭერილია, მაგრამ ამავე დროს მარდი, ფხიზელი, მგზნებარე და მოხდენილი, ქალი - ნაზი, ნარნარი, მოქნილი, მსუბუქი და სახემეტყველი.

ცეკვა „ქართული“-ს მთავარი ილეთები

  1. ადგიზე სვლა.
  2. უკუსვლა.
  3. გვერდზე სვლა (გედური).
  4. წინსვლა სადა სრიალი.
  5. წინსვლა მუხლური.
  6. წინსვლა რთული.
  7. წინსვლა ტერფული.
  8. წინსვლა ვრგცერებზე.
  9. გასმები: სრიალა, ქუსლური, სარული, გვერდული, ჩაკრული, ჭდომილი, გაქნევ-გასმა, მაღალჩაკრული, სარეცხული, ხლართული და სხვ.
  10. ბუნები: სამდაკვრითი, დახვევითი, ცალ ფეხზე.
  11. მკლავშეცვლა.
  12. ხელსართავი.

ცეკვა „ქართული“-ს ტრადიციული წესები

ქალ-ვაჟთა ცეკვა „ქართულში“ საჭიროა დაცული იქნას ძველი დროინდელი დადგენილი ტრადიციული წესები.

  1. ვაჟი ქალის მიმართ მორიდებული და თავაზიანია.
  2. ვაჟი ქალის ტანსაცმელს ნაწიბურებითაც - კი არ უნდა შეეხოს ცეკვის დროს.
  3. როდესაც ქალ-ვაჟი წრეს უვლიან ერთად, უკანასკნელი არ უნდა ჩამორჩეს ქალს.
  4. წყვილად წრეშემოვლის დროს ვაჟი წრის შიდა მხარეს უნდა იმყოფებოდეს. ე.ი. უფრო ახლოს ცენტრისკენ, ვიდრე ქალი.
  5. როდესაც ქალი უკუსვლით მიდის ვაჟს შეუძლია დაშორდეს ქალს ნებისმიერ მანძილზე, ხოლო სახით ქალისკენ უნდა იყოს მიმართული.
  6. ქალი იწყებს რა ცეკვას, მთელი ინიციატივა მის ხელში გადადის, ვაჟმა უნდა გამოიცნოს ყველა მისი „სურვილი“.
  7. სანამ ქალი ცეკვას არ დაამთავრებს, ვაჟს ნება არა აქვს ცეკვიდან გავიდეს.
  8. ქალის უკუსვლის დროს (როდესაც ვაჟი ძალიან ახლოს დგას ქალთან) ვაჟს არ შეუძლია პირისპირ ქალისკენ იდგეს, არამედ ოდნავ მარჯვნივ ან მარცხნივ ქალის მხრიდან.
  9. თუ ქალმა დაღლილობის გამო ცეკვა ვერ დაამთავრა და წრიდან გავიდა, არ არის მოსაწონი, რომ ვაჟმა მაშინვე სხვა ქალი გამოიწვიოს საცეკვაოდ.
  10. ქალთან ცეკვის დროს, იქნება ეს დარბაზში თუ ღია ცის ქვეშ ვაჟი უქუდოდ არის (ქუდი შეიძლება ხელში ეჭიროს).
  11. კენტად ცეკვის დროს წინსვლა საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით როგორც ქალისთვის, ისე ვაჟისთვის არ არის მიღებული, უკუსვლით მოძრაობა - კი დასაშვებია ყველა მიმართულებით.
  12. ცეკვის დამთავრების ნიშანს (თავის დაკვრა) პირველად ქალი მისცემს ვაჟს, ვაჟი თავის დაკვრით უპასუხებს (რაც დასტურს და მადლობას გამოხატავს).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები