ქიქოძე გაბრიელ (ფსიქოლოგიის ლექსიკონი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელ ქიქოძე

გაბრიელ ქიქოძე (ერისკაცობაში გერასიმე) − Kikodze Gabriel, Кикодзе Габриэль 1825-1896

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი და მეცნიერი. 1839-1845 წლებში სწავლობდა თბილისის, მოსკოვისა და პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია, სადაც ღვთისმეტყველების გარდა საფუძვლიანად დაეუფლა ფილოსოფიას, ისტორიას, მათემატიკას, ფიზიკას. იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო სამსახური თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. აქვე ფიზიკისა და მათემატიკის პროფესორის რანგში კითხულობდა შესაბამის კურსებს, ხოლო თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში ასწავლიდა საღმრთო რჯულს. გადაიტანა დიდი პირადი ტრაგედია − მოკლე დროში გადამდები სნეულებით მეუღლე და ხუთი შვილი დაეღუპა. ამის შემდეგ, 1856 წელს, ბერად აღიკვეცა. 1858 წელს გახდა დავით გარეჯის არქიმანდრიტი, შემდეგ იყო გორისა და 1860 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსი. გაბრიელ ეპისკოპოსი დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

გაბრიელ ეპისკოპოსის თაოსნობით დაარსდა საყოველთაოდ ცნობილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, გაიხსნა რამდენიმე საერო სკოლა და სასწავლებელი, სასულიერო სემინარია. იგი დღენიადაგ იღვწოდა ქართული ეროვნული ინტერესებისთვის; განსაკუთრებული შემართებით იბრძოდა ქართული ენის შესანარჩუნებლად. გაბრიელის ქადაგებანი გამოირჩეოდა უზადო ფორმით და ღრმა თეოლოგიური და ზნეობრივი შინაარსით. ისინი გამოიცა ქართულად, რუსულად და ინგლისურად, რაც მათ მიმართ უდიდეს ინტერესზე მეტყველებს. მაგრამ მისი გონების ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილება უთუოდ „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებია”. ეს თხზულება 1858 წელს პეტერბურგში გამოქვეყნდა და იყო ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელო ფსიქოლოგიაში, რომელიც რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა. ამ წიგნით დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ფსიქოლოგიის სწავლება რუსეთის სემინარიებში. ეს რუსულად შექმნილი ნაწარმოები ქართულად მხოლოდ 1993 წელს გამოქვეყნდა.

გ. ქიქოძე მკაფიოდ აყალიბებს თავისი ნაშრომის მთავარ მიზანს − დაიწეროს ისეთი ფსიქოლოგია, რომელიც, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მსგავსად, დაეფუძნება ცდებისა და დაკვირვების მონაცემებს და, ამდენად, აღარ იქნება დამოკიდებული „უნაყოფო გონებაჭვრეტაზე”. ფსიქოლოგია არის მეცნიერება სულის შესახებ, რომელიც სულიერი მოვლენებისა და ფაქტების სახით არის წარმოდგენილი. შინაგანი დაკვირვების გზით ჩვენ შეგვიძლია მათი შესწავლა ისევე, როგორც გარეგანი დაკვირვებით შევიმეცნებთ ბუნების მოვლენებს. ვინაიდან ჩვენი თვითცნობიერება მუდმივი შინაგანი ცდაა, შესაძლებელია მისი მოქცევა მეცნიერული კვლევის კალაპოტში, სულიერი მოვლენების მიუკერძოებელი აღწერა და ანალიზი. ამგვარად, ფსიქოლოგია გახდება გამართული ცდისეული, ემპირიული მეცნიერება.

ფსიქიკურ პროცესებს, ან, როგორც თვითონ უწოდებს, სულიერ ძალებს, უნარებს, ქიქოძე ორ ჯგუფად ყოფს − ესენია შემეცნებითი და სურვილისეული, ანუ მოქმედებისეული უნარები. ამ უკანასკნელში ემოციური და მოტივაციური პროცესები ერთიანდება. პირველში შედის კოგნიცია − შეგრძნება, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება. ფსიქიკურ უნართა ამ რიგში შეიძლება გამოიყოს გენეზისურად პირველადი და ძირითადი უნარი, რომელიც ყველა დანარჩენთა საფუძველი და ჩანასახია − შეგრძნება. ეს არის ემპირიული ფსიქოლოგიისთვის ესოდენ დამახასიათებელი სენსუალისტური პოსტულატი. ქიქოძე აღქმის ცნებას არ ფლობს და აღქმის ფსიქიკურ პროცესს არ განიხილავს. ყურადღებით შეპირობებული შეგრძნებები გვაძლევს მარტივ იდეებს ან წარმოდგენებს. ყველა წარმოდგენა ინახება მეხსიერებაში და მეხსიერებისავე საშუალებით წარდგება ცნობიერების წინაშე ნამდვილი, ჭეშმარიტი, ზოგადი და ახალი ცოდნის მისაღებად. ასეთი ცოდნის მოსაპოვებლად შემეცნების პროცესში აზროვნების უნარი უნდა ჩაერთოს. განსჯა, მსჯელობა უშუალოდ ემსახურება „წარმოდგენითი ცოდნის” ხარვეზების აღმოფხვრას. აზროვნება მოიცავს განსჯის (მსჯელობის) და დასკვნის (გონების) უნარებს. პირველი ემსახურება წარმოდგენაში მოცემული ბუნდოვანი ცოდნის ნათელყოფას, ხოლო მეორე − მსჯელობებიდან ახალი ცოდნის წარმოებას. ხოლო ნებისყოფის მთავარი შემადგენელი გადაწყვეტილებაა, რომელიც განსჯით არის ნაკარნახევი. ნებისყოფის ფსიქიკური ფუნქციის ასეთი დახასიათება შეხედულებათა იმ ჯგუფში თავსდება, რომლებიც ნებელობის სპეციფი¬კას გადაწყვეტილების აქტში ხედავენ.

შეგრძნებასა და მოძრაობას, სულიერი სუბსტანციის სახით, აქვს სხეულისაგან, ტვინისაგან დამოუკიდებელი და მისგან განსხვავებული საწყისი, პირველადი წყარო. შესაბამისად, შეიძლება ვისაუბროთ ორ სუბსტანციაზე − მატერიალურზე და სულიერზე. ეს დუალისტური თვალსაზრისი უთუოდ აჩენს ამ სუბსტანციათა ურთიერთმიმართების, ანუ ფსიქოფიზიკურ პრობლემას. ქიქოძე მრავალ ფაქტს აღწერს, რითაც ადასტურებს, რომ ორგანიზმული პროცესები ფსიქიკურ პროცესებზე ზემოქმედებს და პირიქით.

ქიქოძის ფსიქოლოგიურ შეხედულებათა ემპირისტულმა ხასიათმა მკაფიოდ იჩინა თავი მის პოზიციაში თანდაყოლილ იდეებთან დაკავშირებით. ქიქოძე კატეგორიულად უარყოფს რაიმე თანდაყოლილი, „მზა ცოდნის” ან იდეის არსებობას. ადამიანი მთელ თავის ცოდნას იძენს ან ცდის საშუალებით, ანდა „განაზრებით”. შეძენილია არა მხოლოდ ცოდნა, არამედ აგრეთვე ადამიანის ხასიათიც. მისი ჩამოყალიბება გარე პირობების უშუალო ზეგავლენით მიმდინარეობს. სამაგიეროდ, არსებითად თანშობილად უნდა მივიჩნიოთ ტემპერამენტი. ქიქოძის ფსიქოლოგია ცნობიერების ფსიქოლოგიაა. მისთვის ცნებები „სული” და „ცნობიერება”, არსებითად, სინონიმურია.

ამრიგად, ქიქოძე ემპირიული ფსიქოლოგიის შექმნას ცდილობდა, თუმცა ეს ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განხორციელდა. მის ფსიქოლოგიაში მრავალი მონაცემია განხილული, კლასი¬ფიცირებული და თეორიულად გააზრებული. თეორიული მსჯელობებისას ჩანს ავტორის დიდი განსწავლულობა. მისთვის დამახასიათებელია აზრის გადმოცემის მეტად ნათელი სტილი, რთულ საკითხებზე მარტივად საუბრის უნარი, რაც განსაკუთრებით ესაჭიროება სახელმძღვანელოს. ამასთანავე, მან დიდი ადგილი დაუთმო ისეთ საკითხებზე მსჯელობას, რომელთა ადგილი არ მოიაზრება ცდისეულ ფსიქოლოგიაში, მაგ., მსჯელობები სუბსტანციურ სულსა და მის უკვდავებაზე. სწორედ ამიტომაა ქიქოძის ცდისეული ფსიქოლოგიის შემფასებელთა პოზიცია არაერთგვაროვანი.

პირველივე გამოხმაურებებში ზოგმა დადებითად შეაფასა ნაშრომის საბუნებსმეტყველო ხასიათი, ზოგმა კი ეს ავტორის უდიდეს ნაკლად მიიჩნია და წიგნი ქრისტიანული დოგმატების დამრღვევ ერეტიკულ ნაწარმოებად შერაცხა. გააჩნია კრიტიკოსის პოზიციას, თორემ ქიქოძის ცდისეულ ფსიქოლოგიაში ემპირიულსა და საბუნებისმეტყველოს ისევე იპოვი, როგორც მეტაფიზიკურსა და თეოლოგიურს. მოკლედ, ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის შესავალი”, მიუხედავად სახელწოდებისა, სინამდვილეში ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის ნაზავია.

გ. ქიქოძემ დამსახურებულად დაიმკვიდრა საპატიო ადგილი ქართულ კულტურაში. როგორც მღვდელმსახურმა და დიდმა მამულიშვლმა, მან მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა, რისთვისაც 1995 წელს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდანად იქნა შერაცხული. როგორც სწავლულმა, მან შექმნა თხზულება, რომელმაც უთუოდ შეასრულა თავისი ისტორიული როლი − აჩვენა წიგნიერ საზოგადოებას სულიერ სინამდვილესთან მისასვლელი მეცნიერული გზა. გამოსამშვიდებელ სიტყვაში ილია ჭავაჭავაძემ ქიქოძეზე თქვა: ეს იყო ადამიანი, „ვინც სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა”. თუკი საქართველოში ვინმეზე ითქმოდა ასეთი რამ, ეს უთუოდ გაბრიელ ეპისკოპოსი იყო.(ი. იმედაძე)

გაბრიელ ეპისკოპოსის წიგნში და ქადაგებებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთიკა და ზნეობის ფსიქოლოგია. გაბრიელ ეპისკოპოსი ზნეობის სათავედ მართებულად მიიჩნევს თავკერძობის ძლევას {დეცენტრაცია} და სიწრფელეს, თანმიმდევრულად განიხილავს თავკერძობის მრავალრიცხოვან განშტოებებს. უაღრესად საყურადღებოა ეპისკოპოსის აზრი შეგნებული და წრფელი შრომის გამაჯანსაღებელი ძალის შესახებ {შრომის მნიშვნელოვნება}.

ფსიქოლოგიაში ეპისკოპოსი ცალმხრივად ემპირისტ-სენსუალისტი არ ყოფილა. ამას ადასტურებს, მაგ., მისი ღრმააზროვანი მსჯელობა შემეცნების საკვანძო მოქმედების შესახებ. ლოგიკური დასკვნის გამოტანის უნარს უკავშირებს უშუალო წვდომას (თუმცა არ ხმარობს ტერმინს „ინტუიცია“): „ძალიან ხშირად ხდება, რომ, თუმცა ერთი მსჯელობა მოიცავს მეორეს, მაგრამ მოიცავს არც ისე ცხადად, რომ ამის დანახვა პირველი შეხედვისთანავე იყოს შესაძლებელი... ამიტომ საჭირო ხდება რამდენიმე გამაშუალებელი მსჯელობა, რათა ვწვდეთ ამ კავშირს. დასკვნის უნარი − სულის შემეცნებითი მოქმედების უმაღლესი გამოვლინებაა. მისი ძალა ადამიანს ღრმააზრიანსა და გამჭრიახს ხდის, რადგან რა არის გამჭრიახობა, თუ არა უნარი პირდაპირ და უშუალოდ ხედავდე კავშირს ისეთ წინადადებათა შორის, რომელთაც ჩვეულებრივი გონებისათვის არავითარი კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან. ღრმად მოაზროვნე გონება უშუალოდ ხედავს ყველა შედეგს, რომლებსაც შეიცავს ყოველი მსჯელობა, ყოველ მიმართებას, ერთი სიტყვით, მას უშუალოდ ესმის ის, რისთვისაც სხვებს ახსნა-განმარტებანი და შეუპოვარი შრომა დასჭირდებოდათ.“ საუკეთესოდაა გამოხატული ინტუიციური წვდომის შეპირისპირება დისკურსიულ მსჯელობასთან, გუმანისა − განსჯისუნართან.

იაკობ გოგებაშვილმა გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ მშვენიერი მოთხრობა დაწერა − „ჭეშმარიტი მოძღვარი“. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


მთავარი ნაშრომები:

  • ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები. თბილისი: „თბილისის სასულიერო სემნარიისა და აკადემიის გამომცემლობა”, 1993;
  • ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა (ავტორი) / ქართული მწერლობა, ტ. 23. თბილისი: „ნაკადული”, 2005.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები