ქურხული ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ქურხული ილიკო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილიკო ქურხული

ქურხული ილია (ილიკო) პეტრეს ძე - (26.III.1885, თბილისი - 24.IX.1954) - მომღერალი, მოხეტიალე მუსიკოსი, მევიოლინე, მესტვირე, მეფანდურე.

სარჩევი

ბიოგრაფია

ჩუღურეთის უბანში იზრდებოდა. ბავშობიდანვე მღეროდა და კარგად უკრავდა ვიოლინოზე, ჩანგზე და პატარა ვენურ გარმონზე. მისი ძმები ცნობილი მედოლეები და მეზურნეები იყვნენ. იცოდა ძველ თბილისელ აშუღთა ჰანგები და ქართული ხალხური სიმღერები. დაწყებითი განათლება კერძო პანსიონში მიიღო, შემდეგ სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს, რომელიც არ დაუსრულებია. არც თბილისის საიმპერატორო მუსიკალური სასწავლებელი და მოსკოვის კონსერვატორია დაუმთავრებია. ბოლოს მოხეტიალე მუსიკოსობას მიჰყო ხელი.

1916 რუსეთის ათზე მეტი ქალაქის მოვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. აქედან მოყოლებული, დამოუკიდებლობის წლების ჩათვლით, მშობლიურ საგარეჯოში გასართობ წარმოდგენებს მართავდა. თანამშრომლობდა პრესასთან. მისი ინიციატივით, 1918-1920 წლებში სამჯერ გამოვიდა გაზეთი „ჩემი საქმე“ ქართულ და რუსულ ენებზე. ეწეოდა საქველმოქმედო მოღვაწეობას. ბავშვთა სწავლა-განათლებისათვის ფულს აგროვებდა და შემოწირულობებს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებულ ქალთა კომიტეტს უგზავნიდა. ნ. სულხანიშვილის მიერ ნოტებზე გადატანილი მესტვირული მელოდიების გაცნობის შემდეგ, რაჭაში იმოგზაურა, გუდასტვირზე დაკვრა ისწავლა და პოპულარიზაცია გაუწია საკრავს. იმოგზაურა სვანეთშიც. ჩანგის გაუმჯობესებისათვის სახალხო მუსიკოსის წოდება მიენიჭა.

1921 წლიდან ბულგარეთში წავიდა და იქ ოთხი წლის განმავლობაში დარჩა. სიმღერითა და დაკვრით 600-მდე ქალაქი და სოფელი, 3000-მდე სკოლა და უთვალავი ეზო-ქუჩა შემოიარა. ბულგარეთში მის შესახებ 660-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა დადებითი რეცენზიით. ექვსი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპის ქალაქებში და ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწეოდა. ერთხანს პარიზშიც ცხოვრობდა. 1927 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ფანდურით, გუდასტვირითა და ჩანგით საქართველოს სხვადსხვა კუთხეში იმოგზაურა. 1930 წელს გამოაქვეყნა წიგნი „მუსიკა ბავშვებისთვის“. 1932 წელს დაამზადებინა სპეციალური მუსიკალური ვაგონი - კლუბი „საგულთენო“, რომლითაც 1941 წელს მოსკოვში გაემგზავრა. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 1953 წლამდე აგრძელებდა მოღვაწეობას.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • ა. ბარნოვი, ძველი თბილისის მუსიკოსები, 1974;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • ა. ღვინიაშვილი, მოხეტიალე მუსიკოსი, 1959.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ილიკო ქურხული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები