ღორის ბირკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღორის ბირკა - Xanthium strumarium L

Xanthium strumarium L.ღორის ბირკა.

მეგრულად – ღეჯ ბაძგარია.

ერთწლოვანი მონაცრისფრო-მწვანე მცენარეა, 20-80 სმ-მდე სიმაღლის სწორმდგომი, დატოტვილი ღეროთი, ფოთლებთან ერთად მოკლეხაოიანი ბეწვით შემოსილი. ფოთლები სამნაკვთიანია, ძირში გულისებრი. კალათები ერთსქესიანია, ერთსახლიანი. ცრუ ნაყოფები მომწიფებისას მომწვანო-მონაცრისფროა, ზედაპირზე კაუჭიანი ეკლებით მოფენილი და თავში ორი სქელი, მოღუნული ან სწორი ეკლით დაბოლოებული, კაუჭიან ეკლებს შორის ჯირკვლოვანი ბეწვით მოფენილი. ყვ. VII-X; ნაყ. IX-X.

იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, რუდერალურ ადგილებში, გზის პირებზე, რიყნარებზე, მიტოვებულ მინდვრებსა და ნახნავებში, სარწყავი არხებისა და რუების გაყოლებით, როგორც სარეველა ბაღ-ბოსტნებში, ვენახებსა და თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში. ამერიკიდან გზადმოყოლილი სარეველა მცენარეა.

ქიმიური შემადგენლობა სუსტადაა შესწავლილი, ცნობილია, რომ ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, ალკალოიდებსა, იმუნომოდულატორებს და ასკორბინის მჟავას. თესლებში აღინიშნება ცხიმზეთები, ფისები, გლიკოზიდი ქსანტოსტრუმარინი და იოდი. სამკურნალო მიზნებისათვის იყენებენ ფოთლებს, ღეროებსა და ფესვებს.

ხასიათდება ანტისეპტიკური, ფუნგიციდური, ანთების საწინააღმდეგო, სუსტი გამაუმტკივნებელი, ოფლმდენი და სიცხის დამწევი მოქმედებით. მცენარის ნახარში მიიღება ფაღარათის, დიზენტერიის, ჩიყვის (ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის შემცირებას) სამკურნალოდ. შუა აზიაში ფოთლების წვენს ღებულობენ ასტმის, ყელის სპაზმებისა და ბუასილის დროს. ჩინურ ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი, ოფლმდენი, დამამშვიდებელი საშუალება; ნაყოფებს მალამოს სახით ხმარობენ ეგზემის, გამონაყრების, მუნისა და მწერების ნაკბენების საწინააღმდეგოდ.

მშრალი ფოთლების ნახარშს ან ნედლ წვენს (წვეთების სახით) იყენებენ ფილტვების კიბოს სამკურნალოდ, ხოლო დამწვარი თესლების ბოლის შეხრჩოლებით კურნავენ ზემო სასუნთქი გზების (ტრაქეა, ხორხის) სიმსივნეს.

შხამიანი მცენარეა, შინაგანი გამოყენებისას სიფრთხილის დაცვაა საჭირო.

ფოთლებიდან და ფესვებიდან ამზადებენ ყვითელ საღებავს (ბიძინაშვილი, 2013).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები