შამჩი მელქო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შამჩი მელქო − (XVIII-XIX სს), პოეტი. (მელქუა ბეჟანის ძე გულქანოვი) საიათნოვას თანამედროვე და მისი ერთერთი ნიჭიერ მიმდევართაგანი. დაიბადა თბილისში, ავლაბარში (სხვა ვერსიით − მარნეულში). წარმოშობით იყო სომეხი, თბილისური ხელოსნური წრის წარმომადგენელი, ხელობით მესანთლე, აქედან წარმოდგება მისი შერქმეული სახელი შამჩი („შამ” სპარსულად სანთელია). დაბადებულა XVIII ს-ის 50-იან წლებში, გარდაცვლილი ჩანს 1821 წლის შემდეგ. ლექსებს თხზავდა სამ ენაზე: ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. ქართული ლექსები ცნობილია დავით რექტორის ხელნაწერი ანთოლოგიით. შამჩი მელქო თავისი ცხოვრებით, ლექსითა თუ ხელობა-საქმიანობით მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან და ქართულ ყოფასთან. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფარნაოზ და ვახტანგ ბატონიშვილებთან. თავის მუხამბაზში შამჩი მელქო ახსენებს ფარნაოზ ბატონიშვილს: „მუხამბაზო, უცხო ტკბილი ხმა ხარო, შამჩი მელქო ფარნავაზის ყმა ხარო“. აშუღის ეს ნათქვამი ოდნავი სიტყვაცვლილებით („მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო“) შემდეგში გრ. ორბელიანმა ეპიგრაფად წაუმძღვარა თავის ცნობილ „მუხამბაზს“. მახვილი სატირული ნიჭითა და სიტყვის ემოციური ძალით შამჩი მელქო ერთი უეჭველად საინტერესო და გამორჩეული ფიგურაა იმდროინდელი თბილისის პოეტურ ბოჰემაში.


* * *

(მაჯამური აგებულების ყაზალი, ფინალი)

ბევრის ფიქრით დღენი ჩემნი
უსაცილოდ მან დალია,
ჯოჯოხეთი ნურვინ გიყვარსთ,
ეს იცოდეთ − მანდ ალია,
ფერად-ფერადი საცმელი,
დიბა-სტავრა მანდალია,
სააქაოს ვინცა სცოდავს,
დივანაა, მანდალია...
ომარ, მაჰმუდ და მურთაზალ,
ვგონებ იყოს მანდ ალია,
ვინც სათაელის წილშია,
ნიშნადა აქვს მანდალია,
უკვდავებისა სასმელიც
ღირსა იქმნა, მან დალია,
შამჩი მელქოს იამება,
თუ შეასმევთ მა ჩინითა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები