შენიღბვა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენიღბვა – ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია, დაფაროს მოწინააღმდეგის ჯარები (ძალები) და ობიექტები, შეცდომაში შეიყვანოს იგი ჯარების (ძალების) განლაგების, მათი შემადგენლობის, მდგომარეობის, მოქმედებისა და განზრახვების, აგრეთვე სარდლობის გეგმების შესახებ.

საბრძოლო (ოპერატიული) უზრუნველყოფის სახეობა. შენიღბვა ხელს უწყობს ჯარების (ძალების) მოქმედებების მოულოდნელობის მიღწევას, მათი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას და სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას. გამოყენების მასშტაბების და ამოცანების ხასიათის მიხედვით იყოფა სტრატეგიულ-ოპერატიულ და ტაქტიკურ შენიღბვად.

სტრატეგიული შენიღბვა ხორციელდება უმაღლესი მთავარსარდლობის გადაწყვეტილებით და მოიცავს მოწინააღმდეგისაგან კამპანიების, სტრატეგიული ოპერაციების მომზადების დაფარვის, აგრეთვე შეიარაღებული ძალების ჭეშმარიტ განზრახვებთან და მოქმედებებთან დაკავშირებით დეზორიენტაციის ღონისძიებების კომპლექსს.

ოპერატიული შენიღბვა ხორციელდება ოპერაციების მომზადების გასაიდუმლოების, ოპერატიული მოულოდნელობის მიღწევის, მოწინააღმდეგისათვის ჯარების (ძალების) მოქმედებების მთავარი მიმართულების დაფარვის მიზნით. ხორციელდება დაჯგუფების ჯარების (არმიის) მიერ, ფლოტის (ფლოტილიის) სარდლის გადაწყვეტილებით.

ტაქტიკური შენიღბვა ეწყობა და ხორციელდება შენაერთებში, ნაწილებსა და ქვედანაყოფებში და ცალკეულ ობიექტებზე. მისი მიზანია დაფაროს ჯარების (ძალების) არტილერიის და რაკეტების საცეცხლე (სასტარტო) პოზიციების, მართვის პუნქტებისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი ობიექტების ბრძოლისათვის მზადება ან საერთოდ არსებობა (განლაგება). იგი ხორციელდება საბრძოლო (ოპერატიული) უზრუნველყოფის სხვა სახეობებთან შეთანხმებულად შენაერთების (ნაწილების, ქვედანაყოფების) მეთაურების გადაწყვეტილებით, მთელი პირადი შემადგენლობის მიერ თავისი ძალებით და საშუალებებით. მათგან ყველაზე რთულ ამოცანებს, რომლებიც მოითხოვენ სპეციალური საშუალებების და ტექნიკის გამოყენებას, ასრულებენ სპეციალური ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები. იმის მიხედვით, თუ დაზვერვის რა საშუალებების წინააღმდეგ ხორციელდება შენიღბვა, იგი შეიძლება იყოს ოპტიკური, ოპტიკურ-ელექტრონული, რადიოლოკაციური, რადიოელექტრონული, ბგერითი (აკუსტიკური), ჰიდროაკუსტიკური და სხვა. დიდი ეფექტის მიღწევა ხდება მოწინააღმდეგის დაზვერვის ყველა საშუალების წინააღმდეგ შენიღბვის ერთდროული გამოყენებით. ხორციელდება საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და მსვლელობისას საიდუმლოდ. ასევე ჯარების და ობიექტების ფარული განლაგებით, ადგილმდებარეობის შემნიღბველი თვისებებისა და შეზღუდული ხედვის პირობების, შენიღბვის ტექნიკური საშუალებების და იმიტაციის, კვამლის, აეროზოლების გამოყენებით. ამასთანავე, დემონსტრაციული მოქმედებებით, ჯარების, პოზიციებისა და ობიექტების განლაგების ცრუ რაიონების შექმნით, შეიარაღებისა და ტექნიკის შემნიღბავი შეფერვით, მოწინააღმდეგის დეზინფორმაციით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები