შეროზია აპოლონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აპოლონ შეროზია

შეროზია აპოლონ − ქართველი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1962), დოქტორი (1967), პროფესორი (1968); გერმანიის ფსიქოანალიზის აკადემიის წევრი, დინამიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი-წევრი და ამ ასოციაციის რეგიონული თავმჯდომარე. სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. აქვე მუშაობდა 1960 წლამდე, შემდეგ გადავიდა თსუ-ში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. პარალელურად იყო დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. სამეცნიერო-პედაგოგიურთან ერთად ეწეოდა საორგანიზაციო-ლიტერატურულ საქმიანობასაც, კერძოდ განაგებდა საქართველოს ენციკლოპედიის ფილოსოფიის რედაქციას.

ა. შეროზიას მეცნიერული საქმიანობა ქართული ფილოსოფიის ისტორიის კვლევით დაიწყო, რაც აისახა მონოგრაფიაში „ფილოსოფიური აზრი საქართველოში XX საუკუნის პირველ მეთხედში”. შემდგომში იგი გადაერთო ფილოსფიისა და ფსიქოლოგიის მომიჯნავე საკითხებზე, პირველ ყოვლისა ცნობიერებისა და არცნობიერის კატეგორიებზე, რომელთაც დ. უზნაძისეული განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის შუქზე აანალიზებდა. ა. შეროზიას მიაჩნდა, რომ აქამდე მეცნიერება ამ კატეგორიებს განიხილავდა მათ ურთიერთდაპირისპირებაში − არაცნობიერი როგორც ცნობიერების უარყოფა ან ოპოზიცია. მეტიც, ფსიქოანალიზი, მაგალითად, არაცნობიერსა და ცნობიერებას შორის არსებულ მხოლოდ ანტაგონიზმს გამოკვეთს. „ამით ინგრევა არა მხოლოდ სისტემის „ცნობიერება-არაცნობიერი” ფემენოლოგიური მთლიანობა, მაგრამ თვით პიროვნებისაც”. ცნობიერება და არაცნობიერი მათი რეალური მტარებლის, ქცევის სუბიექტის გარეშე არ არსებობს. ისინი ერთიანობას ქმნიან, მათ შორის სინერგიული, ურთიერთშემავსებელი დამოკიდებულება სუფევს. განწყობა, როგორც სუბიექტის/ინდივიდის მთლიანი არაცნობიერი მდგომარეობა, რომელიც ქცევასა და ცნობიერებას განაპირობებს, ამ ერთიანობის რეალური ფსიქიკური საფუძველია. ამიტომ განწყობის თეორია გვთავაზობს „სადღეისოდ ყველაზე უფრო ადეკვატურ წარმოდგენას ფსიქიკის ამოსავალი ერთიანობის შესახებ”. ეს აზრები, ისევე როგორც ერთიანი ფსიქიკის განსხვავებულ შემადგენელთა ურთიერთმიმართების გასააზრებლად შემოტანილი „დამატებითობის პრინციპი”, დამუშავებულია საეტაპო ნაშრომში „ცნობიერებისა და არაცნობიერი ფსიქიკურის პრობლემისათვის” და მონოგრაფიაში „ფსიქიკა. ცნობიერება. არაცნობიერი. ფსიქოლოგიის განზოგადებული თეორიისთვის”.

ა. შეროზია არაცნობიერის აღიარებული მკვლევარი იყო. მისი და თ. ბასინის უდიდესი ძალისხმევით 1979 წელს ჩატარდა თბილისის საერთაშორისო კონფერენცია არაცნობიერის შესახებ. ა. შეროზია იყო ამ უპრეცენდენტო მასშტაბის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო და საპროგრამო კომიტეტის თავკაცი. ამ კონფერენციის მასალების კაპიტალური ოთხტომეული დღესაც სამაგიდო წიგნია ყველასთვის, ვინც კი არაცნობიერის თემატიკის ამა თუ იმ ასპექტის შესწავლით დაინტერესდება. ეს კონფერენცია ფსიქოლოგიის ქართული სკოლის საერთაშორისო აღიარება იყო, რომლის ღირსეული წარმომადგენელი ა. შეროზიაცაა. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის გერმანიის ფსიქოანალიზის ასოციაციამ ა. შეროზია ოქროს მედლით დააჯილდოვა, რომელიც მას უკვე უდროო სიკვდილის მერე მიენიჭა. {ი იმედაძე}

ა. შეროზიამ პირველად ჩამოაყალიბა უაღრესად მნიშვნელოვანი აზრი, რომლითაც გაირკვა განწყობის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და გაურკვეველი საკითხი − აქტუალური განწყობისა და ფიქსირებული განწყობის ურთიერთმიმართება. ფიქსირებული განწყობის აქტუალიზაცია არის აქტუალურ განწყობაში ერთ-ერთ მდგენელად ჩართვა, თანაც მთლიანობითი ბუნებისა მხოლოდ აქტუალური განწყობაა, ხოლო ფიქსირებული − კერძო მოდალობისაა: „არაფიქსირებული, ერთიანი განწყობა თავისთავში იღებს ცალკეულ მოდალობებში ფიქსირებულ, კერძო განწყობათა მთელ სისტემას, ვითარც აუცილებელს ინდივიდის ყველა მდგომარეობის მოდიფიკაციისთვის”. არსებითად, პირველადი განწყობა არის სწორედ ფიქსირებულ განწყობათა სპეციფიკური ნაკრების სპეციფიკური განწყობა ანუ განლაგება-მოგეზილობა. აქტუალური განწყობის შემადგენლობა სწორედ ეს ნაკრებია, განუწყვეტლივ ცვალებადი. ესაა განწყობის დიალექტიკური თეორიის ერთ-ერთი ძირითადი დებულება, რომელიც ზ. ვახანიას მიერ ექსპერიმენტულადაც დადასტურდა.

ა. შეროზია საუკეთესო ლექტორი იყო, მისი ლექციები გამოირჩეოდა მჭევრმეტყველებით, საინტერესო შინაარსით, ღრმა აზრებით, პრობლემური სწავლების ჩანართებით {ინტერაქციული მინილექცია}. სსრკ-ში კომუნისტური იდეოლოგიის მტარვალობის პირობებში ყველა სპეციალობის სტუდენტებისთვის სავალდებულო იყო მარქსისტულ-ლენინური მატერიალისტური ფილოსოფიის დოგმატური კურსის გავლა-გაზეპირება. მაგრამ ა. შეროზია იმას ბედავდა, რომ ამ ლექციებზე ფსიქოანალიზის საწყისებზე, არაცნობიერის ფსიქოლოგიაზე და სხვა აკრძალულ საკითხებზე გვესაუბრებოდა. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


მთავარი ნაშრომები:

  • К вопросу о филогенезе психического // Труды Ин-та философии АН ГССР, 1957. Т. 7;
  • Разносферные закономерности психики и проблема бессознательного // Труды Ин-та философии АН ГССР, 1957. Т. 7; Опыт обоснования новой теории психики и проблема бессознательного (установки). Тбилиси: „Мецниереба”, 1963;
  • Философская мысль Грузии в первой четверти 20 века. Тбилиси: „Изд-во АН ГССР”, 1963;
  • Предмет философии языка (Некоторые вопросы) // Труды Тбилисский ун-та. Серия философских наук, 1964. Т. 92;
  • К проблеме сознания и бессознательного психического. Т. 1. Опыт исследования на основе данных психологии установки. Тбилиси: Мецниереба, 1969;
  • Т. 2. К проблеме сознания и бессознательного психического. Опыт интерпретации и изложения общей теории. Тбилиси: „Мецниереба”, 1973;
  • Психика. Сознание. Бессознательное. К обобщенной теории психологии. Тбилиси: „Мецниереба”, 1979.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

აპოლონ შეროზია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები