შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია საქართველოში - Labor Psychology and Industrial Psychology in Georgia - Психология Труда и Инженерная Психология
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია. შრომის ფსიქოლოგიის საწყის ფორმას ფსიქოტექნიკა ეწოდებოდა და ამ მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული მუშაობა საქართველოში დიმიტრი უზნაძემ უკვე 1920-იან წლებში წამოიწყო {ფსიქოტექნიკა საქართველოში}. საბჭოთა კავშირში ფსიქოტექნიკის განადგურების შემდეგ ეს მუშაობა საკმაო ხნით შეჩერდა. მისი აღორძინება დაიწყო 1960-იან წლებში: კვლევა და სპეციალობის საუნივერსიტეტო სწავლება, რაც დაგვირგვინდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის კათედრის შექმნით (1972). მას სათავეში ედგა გიორგი კეჩხუაშვილი. მისი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შეიქმნა ორი მნიშვნელოვანი წიგნი: „ფსიქოლოგია საწარმოში” (1981) და „შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია” (1982). შემდგომში კათედრას, რომელსაც „შრომისა და ეკონომიკური ფსიქოლოგიის” სახელწოდება დაერქვა, ხელმძღვანელობდა გივი ქირია.

პარალელულრად, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის მიმართულებით კვლევითი მუშაობა წარიმართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომისა და სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილებაში, შოთა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით. შეისწავლებოდა ადამიანის ძირითადად სენსომოტორული აქტიურობის კანონზომიერებანი. განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის საფუძველზე შემუშავდა ფრიად მნიშვნელოვანი ცნება „ბაზისეტალონი”. გამოკვლევების შედეგები აისახა კრებულებში „საინჟინრო და სოციალური ფსიქოლოგიის საკითხები” (1974; 1979).

საგანგებოდ აღსანიშნავია ინტენსიური კვლევითი და პრაქტიკული მუშაობა, რომელიც 1970-1980-იან წლებში მიმდინარეობდა ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერგონომიკის განყოფილებაში ვ. ჭელიძისა და ზ. ბიგვავას ხელმძღვანელობით.

შრომის ფსიქოლოგიის მიმართულება მოგვიანებით უპირატესად ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კუთხით განვითარდა. წინ წამოიწია შრომითი საქმიანობის სოციალურ-ფსიქოლოგიურმა ასპექტებმა, სახელდობრ სათანადო სოციალურ განწყობათა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებისა და შეცვლის საკითხებმა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობს დავით ჩარკვიანი. მისი მონოგრაფია „ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციაში” (2001) დ. უზნაძის პრემიით აღინიშნა. აღნიშვნის ღირსია ია კუტალაძის რედაქტორობით გამოსული სოლიდური კრებული: „ადამიანური რესურსის მენეჯმენტი” (1999), რომელშიც უცხოური და ქართული ფსიქოლოგიის მონაცემების საფუძველზე გაშუქებულია ინდუსტრიულ/ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი: სამუშაოს აღწერა და ანალიზი, პერსონალის შერჩევა, ტესტირება პროფშერჩევაში, შესრულებული სამუშაოს ატესტირება, შრომითი მოტივაცია, ორგანიზაციული კულტურა, კადრების დენადობა, ადამიანური რესურსის მართვა და სხვა.

ქართულ ორგანიზაციულ კულტურაში შრომის ეფექტურობის ამაღლების გზებისა და მექანიზმების შესწავლა ამჟამადაც მიმდინარეობს. კერძოდ, გიორგი გოროშიძემ გამოთქვა ვარაუდი საქართველოსთვის ორგანიზაციული ქცევის იაპონური მოდელის მეტი შესაფერისობის თაობაზე, დასავლურთან შედარებით.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები