შხამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shxama.PNG

შხამა (ლათ. Amanita phalloides (Fr.) Secr. რუს. Бледная поганка)

ქუდი – 5-10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ – ბრტყლად ამოზნექილი, საერთო საბურვლის ნარჩენები ქუდის ზედაპირზე სწრაფად ქრება, რის გამოც ქუდი თითქმის ყოველთვის ტიტველია, კიდეები სადაა ან ოდნავ ზოლიანი, მოყვითალო-მომწვანო, ღია მომწვანო ან ზოგჯერ მოთეთრო. ფირფიტები თავისუფალია, თეთრია, ქუდის კიდესთან მომრგვალებული.

ფეხი – 5-10 სმ სიგრძისაა და 0,5-2 სმ სისქისა, ძირში ბოლქვისებრია, თავისუფლადაა ჩამჯდარი პარკისებრ თეთრ ან მოყვითალო ვოლვაში. ფეხზე განვითარებულია ფირფიტოვანი საყელო, რომელიც შიგნიდან ღია მოყვითალოა, გარედან კი – თეთრი ან მომწვანო.

რბილობი – თეთრია, კანის ქვეშ კი მომწვანო-მოყვითალო, გადანაჭერზე ფერს არ იცვლის. ბებერ სოკოს ძველი უმი კარტოფილის სუნი დაჰკრავს.

სპორები – თითქმის სფეროსებრია, წაგრძელებული წვერით, უფერული, 8-10X7-8 მკმ. იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულ შემოდგომით.

ყველაზე საშიში შხამიანი სოკოა, მისი ქუდის 1/4 ნაწილის ჭამის შემთხვევაშიც კი მოწამვლა სიკვდილით მთავრდება. შეიცავს შხამიან ნივთიერებას – ფალოტოქსინს. მოწამვლის პირველი ნიშნები 8-70 სთ-ის შემდეგ ვლინდება. იწყება ძლიერი ფაღარათით, ღებინებით, გაძლიერებული შარდვით, კრუნჩხვებით, წყურვილით. სამი დღის შემდეგ ავადმყოფს ეწყება მოჩვენებითი უკეთესობა, მაგრამ მალე ავადმყოფი ყვითლდება და ღვიძლის ფუნქციის მოშლის გამო იღუპება.

მსგავსება – გამოუცდელ სოკოს მოყვარულებს ეს სოკო შეიძლება შეეშალოთ ქამა სოკოში, თუმცა ქამას, მისგან განსხვავებით, აქვს მოვარდისფრო ან შოკოლადისფერი ფირფიტები. ქამას არ გააჩნია ბოლქვი ფეხის ბოლოში და ვოლვა. არ უნდა აგვერიოს ის აგრეთვე მტრედიო და ხახვილო სოკოებში.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები